U 20 | საქართველოს შემადგენლობა ახალ ზელანდიასთან მატჩისთვის ცნობილია
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნითი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ლადო კილასონიას შეგირდები 14 ივლისს, ჩვენი დროით 19 საათზე სტელენბოშში, „დენი ქრეივენ სთედიუმზე“ მე-7 ადგილისთვის ტურნირის 6-გზის ჩემპიონ (12 ჩემპიონატში) უმცროს ოლ ბლექსს ერკინებიან. აქამდე ჩვენს 20-წლამდელებს მათ წინააღმდეგ ორჯერ უთამაშიათ და გამარჯვება ორივეჯერ მეტოქეს დარჩა – 2016 წელს 55:0 და 2019 წელს 45:13.
უელსთან გამართული მე-5-მე-8 ადგილების ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნების სასტარტო რაზმში 7 ცვლილებაა. პირველ ტურში, სამხრეთ აფრიკასთან მატჩის შემდეგ, დამწყებთა შორის ბრუნდება ფულბეკი ვაჟა მიქაძე, ლუკა ცირეკიძე კი ფრთაზე გადაინაცვლებს. ცირეკიძე სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებს. ხაზის მოთამაშეებიდან მეხუთედაა საწყის 15-ეულში მეორე ფრთა შალვა აფციაური, ასევე ცენტრი თორნიკე კახოიძე და მგეზავი პეტრე ხუციშვილი. უელსთან მატჩის შემდეგ ძირითადში ბრუნდებიან ცენტრი გიორგი შველიძე და 9 ნომერი დავით ხუროშვილი.
შერკინების ხაზში ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებენ მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი და მესამეხაზელები – რატი ზაზაძე და გუნდის კაპიტანი ლაშა ციხისთავი, რომელიც წინა მატჩის შემდეგ ფლანკერის პოზიციას უბრუნდება. შერკინების შემკვრელად ბრუნდება ნიკა ლომიძე, მეორე ხაზში კი ღანიაშვილს გიორგი გერგედავა შეუწყვილდება. პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა სერგი აბრამიშვილმა, მარჯვენა ბურჯად ბადრი ციხისთავს, კვაჭად კი ბასა ხონელიძეს ვიხილავთ.
მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა თამაზ ჭამიაშვილმა, ბურჯმა ირაკლი აფციაურმა, მეორეხაზელმა გიორგი ნიკოლაძემ, მესამეხაზელმა თორნიკე ღანიაშვილმა და 9 ნომერმა ალექსანდრე ჯიღაურმა, ასევე ფრთა ლუკა ხორბალაძემ. წინა მატჩის მსგავსად შეცვლაზე არიან გიორგი მამაიაშვილი და გელა ხელაძე.
„უელსთან შეხვედრის შემდეგ ცხელ გულზე ვთქვი, რომ მეტოქე ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა, მაგრამ როდესაც თამაში გავარჩიეთ დავინახე, რომ ასე ნამდვილად არ იყო. 2-3 შეცდომა დავუშვით, რის გამოც მდევრის როლში აღმოვჩნდით და ამან ჩვენი გეგმები შეცვალა. რაც შეეხება ახალ ზელანდიასთან მომავალ თამაშს, ვინც რაგბის უყურებს ყველამ იცის როგორი სახიფათო გუნდია ის, განსაკუთრებით კონტრშეტევისას და მაშინ, როცა სწრაფი ბურთი აქვს. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. შევეცდებით ჩვენი თამაში ერთი საფეხურით კიდევ უფრო წინ წავწიოთ“ – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.
2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
VII ადგილისთვის
14 ივლისი. პარასკევი. 19:00 საქ. დრო
სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“
საქართველო – ახალი ზელანდია
საქართველო
ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);
შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გიორგი ნიკოლაძე (აია), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა ხორბალაძე (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
rugby.ge