Belive

ცვლილებები თამაშის აჩქარების მიზნით - მსოფლიო რაგბის ახალი წესები!

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ, თამაშის აჩქარების მიზნით, მასშტაბური ცვლილებები განახორციელა. მსოფლიო რაგბის 5 მთავარი ცვლილება ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა და რამდენიმე საათის წინ, მორიგი განახლება გამოქვეყნდა.

World Rugby-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დამტკიცებული ცვლილებები დადებით გავლენას იქონიებს სარაგბო მატჩის სანახაობივ ასპექტზე და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ცვლილებები შეეხო, როგორც უშუალოდ გარდასახვებისა და ჯარიმების დარტყმისათვის გამოყოფილი დროის შემცირებას, ასევე ვიდეო რეფერის (TMO) ჩართულობასა და მოედანზე წყლის შეტანის წესებს.

თამაშის აჩქარება

მოთამაშეებმა და მატჩის ოფიციალურმა პირებმა მკაცრად უნდა დაიცვან ცვლილება.

  • წესი 8.8დ – გარდასახვა: დამრტყმელი მოთამაშე ვალდებულია ლელოს ჩათვლის მომენტიდან, 90 წამის განმავლობაში შეასრულოს გარდასახვა – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბურთი სადგამიდან ჩამოვარდა. (სანქცია – გარდასახვის გაუქმება).
  • წესი 8.21 – ჯარიმა: გუნდის მიერ ჯარიმის დარტყმის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დამრტყმელი მოთამაშე ვალდებულია დარტყმა შეასრულოს 60 წამის განმავლობაში – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბურთი სადგამიდან ჩამოვარდა. (სანქცია – ჯარიმის გაუქმება და შერკინების დანიშვნა).
  • წესი 9.7: დროის გაყვანის შემთხვევაში მოთამაშე დაისჯება. (სანქცია – თავისუფალი დარტყმა).
  • წესი 18.12: დერეფანი – მოთამაშეები ვალდებული არიან აუტის ჩაწოდების მომენტში, დერეფანი დროულად მოაწყონ. (სანქცია – თავისუფალი დარტყმა).
  • წესი 19.4: შერკინება – მითითების შემდეგ მოთამაშეები ვალდებული არიან 30 წამის განმავლობაში მოეწყონ. (სანქცია – თავისუფალი დარტყმა).

“მსოფლიო რაგბი, წევრი კავშირები და ტურნირის ორგანიზატორები აქტიურად იმუშავებენ სატელევიზიო მაუწყებლებთან, რათა მაყურებელთათვის ეკრანებზე გაჩნდეს წამზომი, რომელიც გარდასახვის, ჯარიმისა თუ შერკინების დროს ჩაირთვება და ყველა შეეძლება მის ათვლას თვალყური ადევნოს”, – აღნიშნა მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსანმა – ფილ დევისმა.



გარდა ამისა ცვლილება შეეხო ვიდეო გამეორების სისტემის (TMO) გამოყენებას. ამიერიდან ვიდეო გამეორების რეფერი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ჩაერთვება.

ვიდეო რეფერი (TMO)

  • ვიდეო გამეორების რეფერი თამაშს წყვეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, რათა გამოიძიოს განსაკუთრებული და აშკარა სახიფათო ქმედება, რომელიც მატჩის ოფიციალურ პირებს გამორჩათ.
  • არბიტრებს შეუძლიათ გამოიყენონ TMO ყვითელი ბარათის გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ნებისმიერი გაფართოებული TMO განხილვა მოხდება მას შემდეგ, რაც მოთამაშე დატოვებს მოედანს და არა ყვითელი ბარათის გაცემამდე.
  • TMO-ს ექნება 8 წუთი იმისთვის, რომ ან დაეთანხმოს 10 წუთიანი ყვითელი ბარათის გადაწყვეტილებას, ან მოძებნოს მტკიცებულება და შეცვალოს 20 წუთიან წითელ ბარათზე. ამ შემთხვევაში მოთამაშე არ დაბრუნდება მოედანზე, მაგრამ მაინც შეიძლება შეიცვალოს.
  • მსაჯებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, გამოიყენონ სრული წითელი ბარათი მიზანმიმართული უხეში თამაშის გამო, ამ შემთხვევაში მოთამაშე არ დაბრუნდება მოედანზე და ვერ შეიცვლება.

სხვა სტატიები