Belive

#ტოპ11 – ოთია გიორგაძის 2019 წელი

5 წლის წინ რაგბი
3 წთ

ოთია გიორგაძე

დაბადების თარიღი: 1996 წლის 2 მარტი (23 წლის)

სიმაღლე: 1.94მ

წონა: 110კგ

გასულ სეზონში, საფრანგეთის პრო დ 2-ში ჩატარებული არაერთი მაღალი დონის მატჩის შედეგად, ოთია გიორგაძემ "ბრივის" წარმატებაში ლომის წვლილი დაიდო. პრო დ 2-ის გასულ სეზონში, გიორგაძემ არაერთი გამორჩეული ლელო დადო, მათ შორის ისეთ განსაკუთრებულ დაპირისპირებებში, როგორიცაა პლეი-ოფის ნახევარფინალი. "ბრივის" ელიტაში აღზევებაში, ქართულ ლეგიონთან ერთად ოთია გიორგაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ პრო დ 2-ში წარმატებით დაწყებულ საქმეს - ოთია ტოპ 14-შიც იდეალურად აგრძელებს. "ბრივის" ქართველმა ლეგიონერმა უკვე შეძლო არაერთ დაპირისპირებაში თავის გამოჩენა. გიორგაძის კარგი თამაში არ გამოჰპარვიათ ტოპ 14-ის ორგანიზატორებს და იგი მე-9 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს. ტოპ 14-ის პარალელურად, ოთიამ თავის გამოჩენა "ჩელენჯ ქაფზეც" შეძლო - შეიძლება ითქვას, რომ "ჩელენჯ ქაფის" პირველივე ტურში ქართველების ბენეფისი შედგა. "სტად ფრანსეს" დამარცხებაში ვასილ ლობჟანიძემ, თედო აბჟანდაძემ, ოთია გიორგაძემ, ვანო კარკაძემ, კარლენ ასიეშვილმა და ლუკა ჯაფარიძემ მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ვასილ ლობჟანიძემ და ოთია გიორგაძემ ლელოები დაამიწეს - თედო აბჟანდაძემ კი გარდასახვებითა და საჯარიმო დარტყმებით შეძლო ქულების დაგროვება.
  საკლუბო დონეზე მიღწეული წარმატების პარალელურად, ოთია გიორგაძე სანაკრებო დონეზეც იდეალურად ასპარეზობს. ბორჯღალოსნების რიგებში გიორგაძემ არაერთ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, საერთაშორისო ტესტ მატჩებსა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე - გიორგაძემ გულშემატკივართა ოვაციები დაიმსახურა.
გასაოცარი ფიზიკური ძალისა და შესაძლებლობების შედეგად, ოთია გიორგაძემ არაერთი მეტოქე იოლად ჩამოიტოვა და არაერთ ეპიზოდში გულშემატკივრის მხურვალე ოვაციები დაიმსახურა. 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, ოთია გიორგაძემ ბორჯღალოსნების მიერ გამართულ ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ურუგვაის წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში კი მოწინააღმდეგის რბევაში ლომის წვლილი დაიდო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მესამე ხაზელისათვის ნოემბრის თვე გამორჩეული გამოდგა. გიორგაძის ბრწყინვალე თამაშით, "ბრივმა" რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - აღნიშნულიდან გამომდინარე, ოთია გიორგაძე "ბრივის" ნოემბრის თვის საუკეთესო მორაგბის ტიტულისათვის იბრძოლებს. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ნომინანტთა შორის კიდევ ერთი ქართველი - ბურჯი, კარლენ ასიეშვილიც მოხვდა.
ოთია გიორგაძის გამორჩეული თამაში "ბრივის" მესვეურებმა უყურადღებოდ არ დატოვეს. ფრანგული სარაგბო კლუბის მესვეურები ქართველ ლეგიონერს დიდ ნდობას უცხადებენ - რის დასტურადაც გიორგაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. განახლებული კონტრაქტის პირობების თანახმად, ოთია გიორგაძე "ბრივის" ღირსებას 2022 წლამდე დაიცავს.

სხვა სტატიები