Belive

შავი ლომი "ჩელენჯ ქაფზე" იასპარეზებს?!

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

"ვუსტერისა" და "უოსპსის" ფინანსური კრიზისისა და გაკოტრების ფონზე, ინგლისური რაგბის მმართველმა ორგანომ, ორივე კლუბს მძიმე სანქციები დაუწესა. პრემიერშიპის ბინადრები ადგილობრივი ჩემპიონატიდან მოკვეთეს და ევროპის "ჩელენჯ ქაფზე" ასპარეზობაც აუკრძალეს.

"ჩელენჯ ქაფის" მესვეურები დილემის წინაშე აღმოჩნდნენ და გამოსავალი მხოლოდ 2 ვარიანტში იძებნება. "ვუსტერსა" და "უოსპს" ქვეჯგუფის მეტოქეებთან წაგება (0:28) ჩაეთვალოთ, ან ორი ინგლისური სარაგბო კლუბი, რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალისტებმა - "შავმა ლომმა" და "ლუზიტანუშმა" ჩაანაცვლონ.

უკანასკნელი ცნობების თანახმად, ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბის მესვეურები, ყველაზე ლოგიკურ ვარიანტად, ევროპის რანგით მეორე სარაგბო საკლუბო ტურნირზე "შავი ლომისა" და "ლუზიტანუშის" დამატებას განიხილავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, გავრცელებულ ინფორმაციას ის გარემოებაც ამყარებს, რომ რაგბი ევროპის სუპერ თასის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპი მომავალ კვირას სრულდება, ხოლო "ჩელენჯ ქაფის" ჯგუფური ეტაპის მატჩები დეკემბერში აიღებს სტარტს - აღნიშნულიდან გამომდინარე, გასული სეზონის ფინალისტებს კალენდარში პრობლემები არ შეექმნებათ.



შეგახსენებთ, "ჩელენჯ ქაფის" გასული სეზონის გამარჯვებული ფრანგული "ლიონი" გახდა, რომლის ღირსებას დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე იცავენ. "ლიონის" ტრიუმფში ორივე მათგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

სხვა სტატიები