"საქართველოს ტოტალური შოკი" - U18 ექვს ერზე უმცროსი ბორჯღალოსნების თამაში შეაფასეს
18 წლამდელთა 6 ერის ფესტივალზე ასპარეზობა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორიული გამარჯვებითა და 2 დასანანი მარცხით დაასრულეს. საქართველომ საფრანგეთის წინააღმდეგ დიდებული გამარჯვება მოიპოვა, შოტლანდიასთან და ინგლისთან კი ბოლო წუთამდე ბრძოლაში იყო და დასანანი მარცხი განიცადა.
6 ერის ოფიციალურ ვებგვერდზე, ტურნირის მონაწილეები შეაფასეს და საქართველოს შესახებ დადებით კონტექსტში ისაუბრეს.
საქართველოს ტოტალური შოკი
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გიგი სირბილაძის გარდასახვით, საფრანგეთი 20:19 დაამარცხეს და მათი მოგებათა სერია შეწყვიტეს. საფრანგეთი მეორე ტაიმში 19:10 უპირატესობით სარგებლობდა, თუმცა, დავით წიკლაურის ჯარიმისა და ანრი შელიძის ლელოს შემდეგ, სხვაობა მხოლოდ 1 ქულამდე შემცირდა. მარქაფიდან შემოსულმა სირბილაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა. ინგლისს ფინალურ დაპირისპირებაში გიგანტების მკვლელ საქართველოსთან ნამდვილი ბლოკბასტერი გადახდა.