ამსტერდამიდან თელავში! 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, "კავკასიონი არენაზე" ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს.
ბილლეთები
მატჩის ბილეთების ნახევარი გაიყიდება დღეიდან ონლაინ: WWW.TKT.GE/RUGBY
ხოლო ბილეთების მეორე ნაწილი გაიყიდება თელავში (ფიზიკურ სალაროში). თელავში ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება!
ურთიერთშეხვედრების ისტორია
ბორჯღალოსნებს ნიდერლანდებთან აქამდე 4-ჯერ უთამაშია. პირველი შეხვედრა 1995 წელს ნიდერლანდებში გაიმართა და საქართველო 3:0 დაწინაურდა, თუმცა მერე 9 ლელო გაუშვა დამასპინძლებმა 55:3 იმარჯვეს.
რევანში 2000 წელს, თბილისში შედგა. საქართველომ მეტოქეს "ეროვნულზე" უმასპინძლა და 20 ათასი მაყურებლის თვალწინ 41:6 დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ მეტოქეს ამსტერდამში ვეწვიეთ და 32:3 ვძლიეთ, ხოლო 2002 წელს, ნიდერლანდებს თბილისში სარეკორდო სხვაობით, 88:0 მოვუგეთ. 2007 წლამდე (ჩეხეთთან 98:3) სწორედ ეს თამაში იყო საქართველოს ნაკრების სარეკორდო სხვაობით გამარჯვება.
შეგახსენებთ, ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან და მსოფლიოს ჩემპიონთან 3 და 10 ივლისს ორ ტესტს გამართავენ, შინ დაბრუნებულები კი, 17 ივლისს შოტლანდიას დაუხვდებიან.
წყარო:საქართველოს რაგბის კავშირი