Belive

საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან

2 წლის წინ რაგბი
6 წთ
2022 წლის დებიუტი საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის ბარაქიანი აღმოჩნდა – პირველ 9 დღეში ჯამში 5 ლელო გავიდა. წელს ტოპ 14-ში უკვე ორი ტური ჩატარდა და ლელოები დავით ნინიაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და თორნიკე ჯალაღონიამ გაიტანეს. პრო დე2-ში მხოლოდ ერთი ტური გაიმართა და თავი ზაურ თევდორაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინეს.
ნინიაშვილის სადებიუტო ლელო ტოპ 14-ში
19 წლის დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. "პოს" წინააღმდეგ მან სრულად ითამაშა და თავი 44-ე წუთზე გამოიჩინა. მისმა "ლიონმა" 35:10 მოიგო და ბონუსიც აიღო. "კასტრმა" "სტად ფრანსეს" 15:9 მოუგო. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 50-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ. სტუმართა რიგებში 57-ე წუთზე გამოჩნდა ვასილ კაკოვინი, ხოლო გიორგი მელიქიძე თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო. "პერპინიანმა" დრამატულ შეხვედრაში "ბიარიცს" სტუმრად 25:23 სძლია. მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ, ძირითადში იყო გიორგი ნუცუბიძე და მის ნაცვლად 49-ე წუთზე მოედანზე ლუკა აზარიაშვილი შევიდა. სტუმართა მარქაფიდან თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო დუდუ ქუბრიაშვილი. ლიდერ "ბორდოს" უმასპინძლა და 19:22 დამარცხდა "ბრივი", რომლის ძირითად შემადგენლობაში ვასილ ლობჟანიძე (58-ე წუთზე შეცვალეს) და ოთარ გიორგაძე (49-ე წუთზე შეცვალეს) იყვნენ. ვანო კარკაძემ 10 წუთი პირველი ტაიმის მიწურულს ითამაშა და სრულფასოვან შეცვლაზე 56-ე წუთზე, სოსო ბეკოშვილთან ერთად შევიდა. სტუმართა შორის 46-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. "რასინგ 92"-მა "კლერმონს" 33:28 სძლია. მასპინძელთა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა გურამ გოგიჩაშვილმა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს.
ლობჟანიძემ და ჯალაღონიამ ახალი წელი ლელოებით აღნიშნეს
ტოპ 14-ის მე-14 ტურში ვასილ ლობჟანიძემ "პოს" ლელო მესამე წუთზევე დაუდო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მისი "ბრივი" 20:43 დამარცხდა. ლობჟანიძემ მოედანზე 64 წუთი გაატარა. "ბრივის" სასტარტოში იყო ლუკა ჯაფარიძე, რომლის ნაცვლად 35-ე წუთზე თამაშში სოსო ბეკოშვილი ჩაერთო. "პოს" რიგებში სრულად ითამაშა ბექა გორგაძემ. ამავე ტურში 70-ე წუთზე ლელო გაიტანა თორნიკე ჯალაღონიამ. მისი "ბიარიცი" ბორდოში დიდი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა სტუმრებმა დასკვნით 10 წუთში 3 ლელო გაიტანეს და შინ ბონუსი წაიღეს – 27:30. ჯალაღონიამ შეუცვლელად ითამაშა, ლუკა აზარიაშვილი კი ძირითადში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა რიგებში 47-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. "კასტრმა" "ლა როშელთან" ჩამორჩენა აღმოფხვრა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 31:30 იმარჯვა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 59-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ, რომელმაც ჯერ კიდევ 2021 წელს, 26 დეკემბერს ლელო "პერპინიანს" გაუტანა და მისი წყალობით "კასტრმა" სტუმრად ის თამაში 20:19 მოიგო. "ლიონმა" "რასინგ 92"-ს გამარჯვების ლელო 78-ე წუთზე გაუტანა და 37:35 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითადში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს ბექა საღინაძე. თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო დავით ნინიაშვილი. სტუმართა შორის პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა. 1 იანვარს "სტად ფრანსემ" "პერპინიანს" უმასპინძლა და 27:17 დაამარცხა. სტუმართა ძირითადში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს დუდუ ქუბრიაშვილი. მასპინძელთა შორის თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო ვასილ კაკოვინი, გიორგი მელიქიძე კი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა.
გამარჯვების და პრესტიჟის ლელო პრო დე2-ში
პრო დე2-ის მე-16 ტური "აჟენისა" და "ბაიონის" ფრით გაიხსნა – 16:16. "აჟენის" შემადგენლობაში დასკვნითი 20 წუთი ითამაშა გრიგორ ქერდიყოშვილმა. ტურის დასკვნით მატჩში "ოიონამ" "გრენობლს" ბონუსით, 38:10 მოუგო. ირაკლი მირცხულავა შეცვლაზე 49-ე წუთზე, ხოლო ბექა კაკაბაძე 71-ე წუთზე შევიდა. სტუმართა ერთადერთი საპასუხო ლელო გაწითლებულ დროზე ზურაბ ჟვანიამ გაიტანა, რომელიც თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო. ზაურ თევდორაშვილის მიერ 77-ე წუთზე გატანილი ლელოთი, "ბურგ-ან-ბრესმა" სტუმრად 18:11 მოუგო "რუანს". თევდორაშვილი და ვაჟა კაპანაძე სტუმართა მარქაფაში იყვნენ და შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდნენ. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა ხვიჩა ცოფურაშვილმა. "ორიაკმა" "ნარბონს" 18:13 სძლია და ამ წარმატებაში წვლილი სამ ჩვენებურს მიუძღვის. სამივე ძირითადში იყო – გიორგი ცუცქირიძემ სრულად ითამაშა, გიორგი ჯავახია 54-ე, ხოლო გიორგი ქართველიშვილი 77-ე წუთზე შეცვალეს. "ბეზიე" "პროვანსში" 15:20 დამარცხდა და შინ ბონუს-ქულა წამოიღო. სტუმართა შორის პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ახალაძემ. "ნევერი" სტუმრად "ვანთან" დამარცხდა – 23:35. სტუმართა შორის პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა თორნიკე მატარაძემ. "მონტობანმა" "კოლომიე" მიიღო და 22:8 დაამარცხა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 45-ე წუთიდან ითამაშა მირიან ბურდულმა. სტუმართა შორის მოედანზე 58-ე წუთიდან გამოჩნდა ბექა შეყლაშვილი. ფოტო: LOU Rugby წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები