Belive

რეგიონული ლიგა | ფინალში იმერლები და კოლხები ითამაშებენ

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

რეგიონული ლიგის ფინალში ერთმანეთს წყალტუბოს ‘დინოზავრი’ და ფოთის ‘კოლხი რაინდები’ დაუპირისპირდებიან. მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება, რომლის ლოკაცია და ზუსტი თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ეტაპზე იმერლებმა კოლხებს ორივე შეხვედრა დამაჯერებლად (შინ-24:7, სტუმრად-26:0) მოუგეს.

ფინალში გამარჯვებული გუნდი მომავალ სეზონში პირველ ლიგაში იასპარეზებს, დამარცხებული კი კლასში ანაცვლებას, პირველი ლიგის ბოლოსწინა ადგილოსან თეთრიწყაროს ‘იუნკერებთან’ 2-მატჩა დუელში ეცდება.

რეგიონული ლიგის ნახევარფინალების საპასუხო შეხვედრები ქუთაისსა და რუსთავში გაიმართა. ,დინოზავრს’ პირველი მატჩი დედაქალაქურ ‘წიქარასთან’ 27-ქულიანი სხვაობით ქონდა მოგებული და „აია არენაზე“ მასპინძლის როლში მყოფმა წყალტუბოელებმა მეტოქეს წარმატების ყოველგვარი შანსი პირველივე ტაიმში გადაუწურეს.

იმერლები აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ და მასპინძელთა საწყისი 4 ლელო მორკინალთა აქტიური თამაშის შედეგად, მოლით იქნა დადებული. მხტომელ გიორგი ჭულუხაძისა და შუამარბ გიორგი გობეჯიშვილის გატანილ ლელოებს, მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა კახა ჩიხლაძემ მიჯრით წყვილი ლელო წაუმატა და მეორე ტაიმის დებიუტში ‘დინოზავრის’ უპირატესობამ 24 ქულას უწია.

სტატიკაში მოპოვებული უპირატესობით წყალტუბოელთა ხაზმაც იხეირა. მეორე ტაიმის დარჩენილ დროში იმერლებმა მეტოქეს კიდევ 5 ლელო დაუდეს, რომელთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნიკა ფანჩულიძის გატანილი ულამაზესი ლელო. ‘დინოზავრის’ შუამარბმა საკუთარი ნახევარიდან წამოღებული ოვალი სისწრაფეზე, ფინტების კასკადით ლელოდ თავადვე აქცია და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 55:5.  ‘წიქარა’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს ფრთა ცოტნე ბაძგარაძის მეორე ტაიმში გატანილი ლელოთი გადაურჩა. ზაზა ჩირგაძის ბიჭებმა კი მიმდინარე პირველობის 16-ივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს.

‘კოლხი რაინდებს’, ‘რუსთავთან’ საშინაო შეხვედრა 7 ქულის სხვაობით ქონდათ მოგებული და „ხარები არენაზე“ პირველივე წუთებიდან უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა. ქარნარევმა ავდარმა მეტოქეებს დამატებითი სირთულეები შეუქმნა. შექმნილ ვითარებას ალღო უკეთ კოლხებმა აუღეს. სტუმრები რაციონალურად, კომბინაციურ სტილში ირჯებოდნენ და მხტომელ მარლენ გადელიას, მარბიელ ლუკა დოლბაიას დადებული ლელოები ფულბეკმა ლევან ბარკავამ გარდასახა, რასაც გატანილი ჯარიმა დაურთო და საკუთარ გუნდს შესვენების წინ 17-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა.

მეორე ტაიმში მატჩის სურათი დიდად არ შეცვლილა. ქვემო ქართლელები კვლავინდებურად ფეხით თამაშში სცოდავნდნენ, რასაც მასპინძელთა მხრიდან ოვალის ხშირი წინ ვარდნაც ერთვოდა. ‘რუსთავმა’ მხოლოდ 1 ლელოს გატანა (ფრთა ზურა ბენდელიანი) მოახერხა, კოლხები კი ჩვეულ რიტმში აგრძელებდნენ თამაშს. მეორე ნახევრის დასაწყისში ‘კოლხი რაინდების’ უპირატესობა მღლეტელ ზურა მისაბიშვილის ლელომ გაამყარა, მასპინძელთა მარცხს კი წერტილი ბარკავას გატანილმა ჯარიმამ დაუსვა – 25:7.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები