Belive

რაგბი ევროპა | რეკორდსმენი საქართველო უცვლელი ჩემპიონია!

1 წლის წინ რაგბი
6 წთ

ბორჯღალოსნებმა „ლობუშის“ წინააღმდეგობა მეორე ნახევარში დაძლიეს, პირველ ტაიმში გატანილ ორ ლელოს 4 შემატეს და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია დამაჯერებლად – 38:11 დაამარცხეს.

ეს იყო საქართველოს მე-100 გამარჯვება ტურნირზე, 2000 წლიდან დღემდე ჩატარებულ 118 შეხვედრაში; ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპაზე წაუგებელი მატჩების სერია 29-მდე გაზარდეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია; უშუალოდ პორტუგალია 2006 წლიდან დღემდე გამართულ 18 მატჩში მე-15-ედ დავამარცხეთ (3 ფრე); ამ მოგების შემდეგ ჩვენმა გუნდმა მსოფლიო რეიტინგში სარეკორდო, მე-11 ადგილზე აინაცვლა, რომელსაც წლების წინ 2 კვირით ვიკავებდით.



ინდივიდუალურად, სანდრო თოდუამ მე-13-ედ შეძლო ტიტულის დაუფლება; მე-12-ედ შალვა მამუკაშვილმა და ლაშა ხმალაძემ, მერაბ შარიქაძემ და ლაშა მალაღურაძემ კი მე-11-ედ; აკა ტაბუცაძემ ფინალში დუბლი შეასრულა, ჯამში 28 თამაშში 27 ლელო მოუგროვდა და გაუტოლდა საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვე მამუკა გორგოძეს; გარდა ამისა, ტაბუცაძე წელს გატანილი 8 ლელოთი ტურნირის საუკეთესო მელელოვე გახდა.



ბრძოლა პირველ 40 წუთში

პორტუგალიის საზღვართან მდებარე ესპანურ ქალაქ ბადახოსში გამართული ფინალის პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა. ნერვიულობის ფონზე, საქართველომ შეცდომები დაუშვა, რითაც კარგად ისარგებლა პორტუგალიამ და თამაშში დარჩა.

ანგარიში მე-6 წუთზე სწორედ მეტოქემ გახსნა, როდესაც ჩვენს 22-ში დავჯარიმდით, პორტუგალიელებმა ბურთი სწრაფად გაათამაშეს, მარცხენა ფრთაზე გაშალეს და ტუმაშ ეპლთონმა ლელოთი ანგარიში გახსნა. ბორჯღალოსნებმა სწრაფად უპასუხეს, მორკინალებით მიძალების შემდეგ შეტევის ფრთა ორჯერ შეცვალეს და აგრესიული დაცვის მიუხედავად, მარჯვენა ფრთაზე საჭირო სივრცე გამოათავისუფლეს, სადაც აკა ტაბუცაძე გაიქცა და ლელოთი წონასწორობა აღადგინა, თედო აბჟანდაძემ კი გარდასახვით დაგვაწინაურა.

ტექნიკური წუნის მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა აგრესიული დაცვით შეძლეს ლელოს დაცვა, 25-ე წუთზე კი კარგი კომბინაცია ტაბუცაძის დუბლით დასრულდა. მანამდე აბჟანდაძის ფეხით დარტყმულს ვასილ ლობჟანიძე აყვა და ბურთიანი მცველი მისსავე 22-ში შებოჭა, ბექა საღინაძემ კი ის ძლიერი ბიძგით აუტში გადაიყვანა. დერეფანს მორკინალების რამდენიმე დარტყმა მოყვა, მერაბ შარიქაძის საუცხოო პასის შემდეგ კი ტაბუცაძემ ხაზი სუფთად გაჭრა. გარდასახვა მიზანს ასცდა, რასაც მალევე მერაბ შარიქაძის სინბინი მოყვა და რიცხობრივ უპირატესობაში სიმაუ ბენტუმ ორი ჯარიმა გაიტანა – 12:11.



სრული დომინაციით

მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს. ტაბუცაძემ დებიუტშივე გაჭრა ხაზი და დავით ნინიაშვილის ლელო წინთამაშის გამო გაუქმდა, თუმცა იქვე დერეფნიდან მოლი ავაგორეთ, მან სწრაფად დაფარა 5 მეტრი და შალვა მამუკაშვილმა გუნდის მესამე ლელო მიითვალა.

პორტუგალიელები მიხვდნენ, რომ გარდამტეხი მომენტი დადგა და ბორჯღალოსნების მწყობრიდან გამოყვანა განიზრახეს, რასაც ვასილ ლობჟანიძისა და ეპლთონის სინბინი მოყვა. თამაში საქართველოს დომინაციით გაგრძელდა, თუმცა პორტუგალიამ ერთიც გაიბრძოლა და ლელოსგან საღინაძემ გვიხსნა, დასკვნით 20 წუთში კი მომავალი ჩემპიონის სრული უპირატესობა გამოიკვეთა.

ტაიმის შუაში ნინიაშვილმა თავისი 22-იდან წამოიწყო კონტრშეტევა, ტაბუცაძემ და დემე თაფლაძემ ფრთაზე სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და თითქოს ლელო გარდაუვალი იყო, მაგრამ წინპასის გამო შეტევა უქულოდ დასრულდა. სამაგიეროდ, მეტოქე მისსავე შერკინებაში დავაჯარიმეთ, მოლს ფორვარდების მიძალება და 63-ე წუთზე გურამ პაპიძის ლელო მოყვა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა.



პორტუგალია გატყდა და 69-ე წუთზე მორიგი ლამაზი ლელო გავიდა. მარჯვენა ფრთაზე ტაბუცაძემ სიჩქარე აკრიფა, მას კარგად მიყვა დემე თაფლაძე და შეტევა ლოგიკური ლელოთი დაასრულა. გარდასახვა ლუკა მატკავამ შეასრულა. მატჩის მიწურულს კიდდევ ერთხელ ავაგორეთ მოლი, რომელსაც ბოლო წამს გიორგი ჭყოიძე მოწყდა და მეექვსე ლელო გაიტანა, მატკავამ კი გარდასახვით საფინალო შედეგი დააფიქსირა – 38:11.

ბორჯღალოსნებმა კუთვნილი ოქროს მედლები და თასი რაგბი ევროპის პრეზიდენტისგან – ოქტავიან მორარიუსა და საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, თორნიკე გოგებაშვილისგან ჩაიბარეს.



რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023. ფინალი
19 მარტი. ბადახოსი (ესპანეთი)
საქართველო – პორტუგალია 38:11
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. თორნიკე ჯალაღონია; 21. გელა აფრასიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. თორნიკე კახოიძე.

6 ლელო: ტაბუცაძე (2), მამუკაშვილი, პაპიძე, თაფლაძე, ჭყოიძე

4 გარდასახვა: აბჟანდაძე (2), მატკავა (2)

2 სინბინი: შარიქაძე, ლობჟანიძე

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები