რაგბი ევროპა | ბრძოლა და გამარჯვება მადრიდში
3 წლის წინ
რაგბი
9 წთ
დანაკლისი და დებიუტანტები

წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატს ბორჯღალოსნები გადახალისებული შემადგენლობით ატარებენ, რაც გარკვეულწილად ტრავმებითაა გამოწვეული. გუნდს ვერ ეხმარებიან ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ცუცქირიძე, გრიგორ ქერდიყოშვილი, ვანო კარკაძე. სხვადასხვა მიზეზით არ არიან კოტე მიქაუტაძე, თამაზ მჭედლიძე, ზურაბ ჟვანია. კონკრეტულად ამ თამაშში მოვისაკლისეთ ბექა საღინაძე და ვასილ ლობჟანიძე. ამ ფონზე გაფართოებულ შემადგენლობაში მრავლად არიან ახალი სახეები. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლიცაა, მწვრთნელები ხშირად მიმართავენ ექსპერიმენტებს და როტაციას, რაც გარკვეული რისკის შემცველია. ესპანეთის წინააღმდეგ პირველად ითამაშეს სასტარტო შემადგენლობაში გია ხარაიშვილმა და ირაკლი ცხადაძემ, რომელთაც პირველი სანაკრებო კეპები ერთი კვირის წინ, ლისაბონში მოიპოვეს და ორივე მათგანმა ამოცანას თავი კარგად გაართვა. საიმედოდ ითამაშა და აქტიური იყო 18 წლის ფულბეკი დავით ნინიაშვილი, რომელსაც საკლუბო დონეზე საქართველოს პირველ ლიგაზე მაღალი დონის ჩემპიონატში არ უთამაშია, თუმცა უკვე მეოთხე საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა. ბორჯღალოსნების კვართით მესამე თამაში ჩაატარა მიხეილ ალანიამ. მთლიანობაში, 23-კაციან განაცხადში 10 ისეთი მორაგბე იყო, რომელთაც ჯერ 10 კეპიც არ მოუხვეჭავთ. მათ შორის იყო უკეპო გიორგი ბაბუნაშვილი, რომელსაც თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, არც ახლა მოუწია მოედანზე გასვლა.
თანაბარი ტაიმი

თამაში სარაგბო, მზიან დარში გაიმართა და გუნდებმა სწრაფად შეძლეს ლელოების გაცვლა. ბორჯღალოსნებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, პირველ დაკიდებულ ბურთზე ჰაერში ნინიაშვილმა იბრძოლა და მეტოქე დააჯარიმა, დერეფანს 22-ში ფორვარდების დარტმები მოყვა, მერე გელა აფრასიძემ ხაზი გაჭრა ბურთი თორნიკე ჯალაღონიას ამოუგდო. ესპანელმა თავგანწირვით ითამაშა და ნახტომში ოვალი ქართველამდე არ მიუშვა, თუმცა ის ლელოში შეგორდა და ჯალაღონიამ ლელო ზედიზედ მეორე მატჩში მიითვალა, თედო აბჟანდაძემ კი გარდასახა. სამწუხაროდ, უკვე მე-7 წუთზე საპასუხო შეცდომა დავუშვით. ფეხით შეცურებულ ბურთზე პირველი პიერ ბარტერი იყო, რომელმაც წნეხში პასის გაკეთება მოასწრო, გიორგი კვესელაძემ ბურთის დამორჩილება ვერ მოახერხა და ბრედლი ლინქლეითერმა სწრაფი ლელოთი გვიპასუხა, ხოლო ბაუტისტა გუემესმა გარდასახა. ბორჯღალოსნები მაღალ ტემპში, ხელდახელ ცდილობდნენ თამაშის აწყობას და აკა ტაბუცაძე ფრთაზე გაიქცა, თუმცა ბოლო პასმა არ ივარგა და სალელოვე შეტევა ჩაიშალა. ესპანეთი, რომელიც საფრანგეთის საგზურს უმიზნებს, დაცვაში აგრესიულად თამაშობდა, სწრაფად წევდა ხაზს და შემტევებს გასაქანს არ აძლევდა, მაგრამ მე-14 წუთზე დაჯარიმდა და აბჟანდაძემ სტუმრებს ლიდერობა დაუბრუნა.

ამის შემდეგ ჩვენს თამაშში შეცდომები მომრავლდა. შესვენებამდე დერეფანში არასწორი მოწოდებისთვის სამჯერ დავკარგეთ ბურთი, „ლომები“ ინიციატივას დაეუფლნენ და მრავალფეროვანი, სწრაფი შეტევები წამოიწყეს. ბორჯღალოსნებმა შეძლეს მათი მოგერიება ორჯერ ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ორივეჯერ ბურთი შეტევაში დავკარგეთ. ტაიმის მიწურულს შეცდომები უკვე ჩვენს 22-ში დავუშვით, ორჯერ დავჯარიმდით, პირველ შემთხვევაში ბურთი ძელმა აისხლიტა და ის ისევ მეტოქეს დარჩა, მეორეჯერ კი ბაუტისტა ზუსტი იყო და ტაიმი 10:10 დასრულდა.
ორი ლელო და დისციპლინა
მეორე ტაიმში ორი ლელო გავიტანეთ, მაგრამ კვლავ გვქონდა შეცდომები, ორჯერ ჩვენი დერეფანი დავკარგეთ, რამდენჯერმე დავჯარიმდით და მეტოქე თამაშში ბოლომდე დარჩა. დებიუტში, დერეფანში ბურთის დაკარგვას ჯარიმა მოყვა და ესპანეთი მატჩში პირველად და უკანასკნელად დაწინაურდა.
პასუხმა არ დააყოვნა, გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ხაზი ორ წუთში გაჭრა, ორი მბოჭავი ხელის კვრით ჩამოიცილა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში ტაბუცაძე შეუშვა. აბჟანდაძის გარდასახვა ძელმა აისხლიტა. ბორჯღალოსნებმა შეძლეს ბურთზე კონტროლის დამყარება და ხელდახელ სცადეს თამაში, მაგრამ მეტოქემ შეძლო ბურთის ჩაჭრა და ლელოს თავდადებული დაცვის ხარჯზე გადავურჩით. მერე ძალისმიერ თამაშში საქართველოს უპირატესობა გამოიკვეთა, მასპინძლები ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდნენ, აბჟანდაძემ მე-60 წუთზე კარის წინ 10 მეტრიდან გაიტანა და უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა. ამას კვლავ შეცდო


„ლომებმა“ ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს და სახიფათოდ გვიტიეს, თუმცა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ჩათვლის მოედნის დაცვა, შემდეგ მასპინძლები შეცდნენ და საქართველომ უხერხულ მეტოქესთან უმძიმეს ბრძოლაში 25:19 იმარჯვა. ეს იყო ამ გუნდების 22-ე დაპირისპირება, საიდანაც 18 ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ახლა ბორჯღალოსნები შინ დაბრუნდებიან და ექვს დღეში გასამართი მორიგი მატჩისთვის მოემზადებიან. 20 მარტს, საქართველოს დროით 15 საათზე რუსეთს კალინინგრადში ვერკინებით.