"ფიზიკურად საკმაოდ კარგად ვართ, იტალია ჩვენს ჯოკერს ვერაფერს დაუპირისპირებს" - უმცროსი ბორჯღალოსნები მატჩის წინ
4 ივლისს, თბილისის დროით 13:00 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. C-ჯგუფის პრინციპულ შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების ბანაკში ამაღლებული საბრძოლო განწყობაა.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა აღდგენის პროცესი წარმატებით გაიარეს და მატჩამდე კაპიტნის ვარჯიშიც გამართეს.
ლადო კილასონია: "მომზადებამ ძალიან კარგად ჩაიარა. ბიჭები ბოლომდე არიან ჩართული - ძალიან მაღალი ხარისხის ვარჯიშები გვქონდა. გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა - გააზრებული გვაქვს რა გუნდს ვეთამაშებით. პირველი მწარე მარცხის შემდეგ, იტალიამ სამხრეთ აფრიკას საკუთარ კედლებში მოუგო - ეს ყველას არ შეუძლია. ეს ნამდვილად მაჩვენებელია იტალიის ხასიათის, ბრძოლისუნარიანობისა და იმისა თუ რამდენად სწრაფად შეუძლიათ მობილიზება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მომზადება კარგად მიდის და ძალიან საინტერესო თამაში გველის".
სანდრო ჯიღაური: "ფიზიკურად საკმაოდ კარგ კონდიციებში ვართ, ეს ყველაფერი გამოიხატებოდა მთელი მატჩის დროს. 70-ე, მე-80 წუთზე ამდენი რაქისა და კონტაქტის მიუხედავად მაინც კარგად ვიყავით ფიზიკური თვალსაზრისით. წვიმასა და ასეთ ამინდში თამაში გაცილებით უფრო რთულია, ამიტომ ძირითადი აქცენტის გადატანა ჯახით თამაშზე მოგვიწია. მიუხედავად ამისა მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ ფიზიკურად ძალიან კარგად გამოვიყურებოდით.
კარგ გრაფიკში ვართ და აღდგენამ კარგად ჩაიარა. დღეს მწვანე ვარჯიში ჩავატარეთ, აღვიდგინეთ ძალები და ენერგიები. ვარჯიშზე ძირითადი აქცენტი ტექნიკურ მხარეზე გადავიტანეთ. იტალიას ნამდვილად კარგი გუნდი ჰყავს. სამხრეთ აფრიკა დაამარცხა, რაც მათთვის ისტორიული გამარჯვებაა. ძალიან ძლიერი მეტოქეა, თან ჩვენთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაშია. ჩემი აზრით საკმაოდ დაძბული თამაში იქნება. მათ ძლიერ მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ საკმაოდ კარგი ღერძი ჰყავთ, კარგი 9 და 10 ნომერი ჰყავთ, ფეხით ორივე კარგად თამაშობენ, ამიტომ შეეცდებიან ჩვენს ნახევარზე ფეხით გადმოვიდნენ და შეცდომით ისარგებლონ. ჩვენც ვეცდებით, რომ უფრო მეტი დრო გავატაროთ მათ ნახევარზე".
თორნიკე კახოიძე: "ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელები მაქსიმალურად ხელს გვიწყობენ. გვეხმარებიან დასვენებასა და აღდგენაში - თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. მხოლოდ ბაბუნაშვილის ტრავმაა სერიოზული, დანარჩენი ყველა კარგად ვგრძნობთ თავს.
თამაშისთვის მაქსიმალურად მზად ვიქნებით. იტალიის წინა თამაშებს თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ ძალიან ხასიათიანი ბიჭები არიან. ისევე როგორც ჩვენ - მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ამ თამაშში ბოლომდე დაიხარჯონ. ვფიქრობ ჩვენი ჯოკერი და კოზირები რაც არის, იმას ვერაფერს დაუპირისპირებენ".
2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
4 ივლისი. სამშაბათი. 13:00 (საქ. დრო)
სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“
იტალია – საქართველო
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);
შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
შეგახსენებთ, C-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, არგენტინისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა, რომელიც უმცროსი ბორჯღალოსნების სრული დომინირებით წარიმართა და ლოგიკური შედეგით (0:20) დასრულდა.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სარეკორდო სხვაობით გაიმარჯვეს და თანაც როგორ – ტიერ1-ის არგენტინა უქულოდ დატოვეს და 20:0 დაამარცხეს!
არგენტინასთან მოპოვებულ გამარჯვებამდე აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ყველაზე დიდი სხვაობით შოტლანდია ყავდა დამარცხებული (2018 წელს 39:31), აქამდე უმცროს ბორჯღალოსნებს არასდროს მოეგოთ მშრალი ანგარიშით, აქამდე საქართველოს არასდროს ჰქონია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების და თასის ნახევარფინალში თამაშის შესაძლებლობა, ახლა კი ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან რეალურია.