"ფენომენალური მოთამაშეა" - ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ნინიაშვილზე
28 ნოემბერს, საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-11 ტურის უპრინციპულესი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ლიონი" ჩემპიონატის მოქმედ ლიდერს - "ტულუზას" დაუპირისპირდა.
პრინციპული ბრძოლა, მასპინძელთა გამარჯვებით, 21:14 დასრულდა. "ლიონის" ძირითად შემადგნელობა ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა იასპარეზეს - ორივე ქართველმა მოედანზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოახდინა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დავით ნინიაშვილის გარჯა, რომელმაც 47-ე წუთზე, "ტულუზას" შესანიშნავი ლელო დაუდო. გასათვალისწინებელია, რომ ეს არის რიგით მე-5 ლელო, რომელიც ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში დადო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტული ფრანგული სარაგბო გამოცემა RUGBYRAMA დავით ნინიაშვილის ბრწყინვალე პერფორმანსს გამოეხმაურა.
"ნინიაშვილი ნამდვილი ელექტრო ბატარეაა. ჩვენ აღარ გვიკვირს დავით ნინიაშვილის ბრწყინვალე პერფორმანსები. ქართველი უკანახაზელი "ტულუზასთანაც" შესანიშნავი იყო და მრავალი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა. გამარჯვების სურვილით სავსემ საკუთარ თავს იმის უფლებაც კი მისცა, რომ ემანუელ მეაფუსთვის ხელიდან ბურთი გამოეგლიჯა. მეორე ტაიმის სტარტზე, ნინიაშვილს ლელოს დასადებად ძალიან ცოტა დააკლდა, თუმცა, ორი წუთის შემდეგ მაინც მოახერხა ლელოს დადება. მიუხედავად მისი ზომისა, რაქებშიც კი გამორჩეულია… რა მოთამაშეა".