Belive

ოფიციალურად | ედი ჯონსი ავსტრალიის მწვრთნელის პოსტზე დარჩა

11 თვის წინ რაგბი
1 წთ

63 წლის ავსტრალიელი სპეციალისტი - ედი ჯონსი, ავსტრალიის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია მწვრთნელმა თავად დაადასტურა და იაპონიის ნაკრებში დაბრუნების თაობაზე ყველანაირი ინფორმაცია უარყო.

ედი ჯონსის განცხადებით, მას სურს, რომ ავსტრალიის ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადოს და 2023 წლის მსოფლიო თასზე ჩავარდნის შემდეგ, 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო ჩემპიონატზე დიდ მიზანს მიაღწიოს.

"მე მიყვარს ეს ხალხი და გუნდი. ძალიან ვისიამოვნე 2023 წლის მსოფლიო თასზე ახალგაზრდებთან მუშაობით. ბევრმა იმედები გამიცრუა, ბევრმაც ისე მომაწონა თავი, რომ ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

უარვყოფ, რომ იაპონიის ნაკრებთან რაიმე სახის მოლაპარაკებას ვაწარმოებ, რადგან მე აქ ვრჩები და ჩემი მთავარი მიზანია, რომ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელსაც ავსტრალია უმასპინძლებს, მაქსიმალურად მაგარ ფორმაში შევხვდეთ.

მესმის, რომ ახლა რთული დრო გვიდგას - წარუმატებელი მსოფლიო თასი გვქონდა და ისტორიაში პირველად, ავსტრალიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, თუმცა მიხარია, რომ ავსტრალიური რაგბის მესვეურების ნდობა დავიმსახურე.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მქონია რთულ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება, ახლაც ასე იქნება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

ეს არის შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ გუნდი, როგორც დავიწყეთ, ავირჩიოთ ახალგაზრდა მორაგბეები ნათელი მომავლით, გავიაზროთ ყველა ის სირთულე და შეცდომა, რაც 2023 წლის მსოფლიო თასზე დავუშვით..." - ედი ჯონსი

შეგახსენებთ, რომ ედი ჯონსი ავსტრალიის ნაკრებში 2023 წლიდან მუშაობს და მსოფლიო თასზე წარუმატებლობის შემთხვევაში, დიდი იყო იმის შანსი, რომ იგი ნაკრებიდან გაეგდოთ, თუმცა მან ავსტრალიური რაგბის მესვეურების ნდობა დაიმსახურა და ნაკრებში ამ ეტაპისთვის გაურკვეველი ვადით დარჩება.

ასევე შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიო თასების ისტორიაში პირველად ვერ შეძლო ჯგუფური ეტაპის დაძლევა.

სხვა სტატიები