„მსოფლიო რაგბი“ ბოდიშს იხდის საქართველო-ურუგვაის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე რუსული სიმღერების გაჟღერებისთვის, იუწყება სააგენტო როიტერსი.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, საქართველოს მიერ ურუგვაისთვის ლელოების დადებისას სტადიონზე ვალერი მელაძის სიმღერის ფრაგმენტი ჟღერდა. ამის გამო, მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ქართველმა მორაგბე ჯაბა ბრეგვაძემ სთხოვა ორგანიზატორებს, რომ მსგავსი შეცდომა აღარ დაეშვათ. ანალოგიური რამ ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმაც განაცხადა.
„ისინი რუსულ სიმღერას უკრავდნენ მატჩის შემდეგ. ქართველი მღეროდა, მაგრამ ეს რუსული სიმღერა იყო. გვსურს გითხრათ, რომ საქათველო რუსეთი არ არის. ჩვენთან განსხვავებული ენა და კულტურაა. ძალიან გთხოვთ, ეს დაიმახსოვროთ“, – განაცხადა ჰეიგმა.
„მსოფლიო რაგბის“ პრესმდივანმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია წუხილს გამოთქვამს ამ შეცდომის გამო.
„გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ჩვენს ქართველ მეგობრებს ამ უხერხულობისთვის. ჩვენ ეს ამბავი განვიხილეთ ორგანიზატორებთან, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს“, - აცხადებს პრესმდივანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველო მომდევნო მატჩს ქალაქ ოსაკაში გამართავს. ამჯერად ჩვენი მოწინააღმდეგე ფიჯი იქნება. მატჩი 3 ოქტომბერს, 09:15 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
წყარო: 1tv