"მატჩის ანალიზს გავაკეთებთ და უფრო ფართო სურათს მივიღებთ" - ლევან მაისაშვილი
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
შავი ლომი ჩელენჯ ქაფის სადებიუტო შეხვედრაში გლოსტერთან 10:15 დამარცხდა. მძიმე ბრძოლაში პირველი ქართული ლელო ლუკა მატკავამ გაიტანა, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და შემდეგ უკვე საჯარიმო დარტყმაც გამოიყენა.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა და მორაგბეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს
150 წლის ისტორიის, ძალიან ტიტულოვან გუნდს შევხვდით. ჩემი ბიჭებით ამაყი ვარ, მათ ვუთხარი რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რომ მოედანი გამარჯვებულებს დაგვეტოვებინა და ამაში მხოლოდ ანგარიში არ იგულისხმება. ძალიან გამიკვირდა, რომ ის ლელო გაგვიუქმეს, არ მაქვს პასუხი რატომ. ასეთ გუნდს ლელო არ დავადებინეთ. ჩვენი მთავარი პრობლემა არის თამაშები, მაღალი დონის თამაშები. ამიტომაც დავდივარ დედამიწის გარშემო, 40-50 დღეს ვატარებთ ოჯახს გარეთ, რომ კარგი შეხვედრები გავმართოთ. 2 დღეში უნდა წავიდეთ უელსში სადაც შემდეგი ტურის მატჩი გვაქვს. შემდეგ ევროპის სუპერ თასის ფინალი გვაქვს და კიდევ ორი მატჩი, ეს აქტივია. ძალიან რთულია შემდეგი მატჩის პროგნოზი, მეტოქის შემადგენლობაზე ბევრია დამოკიდებული, ჩვენთან ბევრი ტრავმაა. რამდენიმე ტრავმა დაგვემატა, ანალიზს გავაკეთებთ და უფრო ფართო სურათს მივიღებთ. - ლევან მაისაშვილი
წაგებული მატჩის შემდეგ პოზიტივზე საუბარი რთულია, ბიჭებმა კარგად იმუშავეს, კარგი მომენტი შემიქმნეს და გამოვიყენე. - ლუკა მატკავა
მადლობა მოსულ გულშემატკივარს და ორგანიზატორს, ყველაფერი შესანიშნავად იყო დაგეგმილი. ჩვენთვის დიდი სტიმულია, როდესაც ასეთ მოტივაციას ვხედავთ ჩვენს გარშემო. ასეთ მატჩებში დიდი ფასი აქვს შეცდომებს, ვინც ასეთ მატჩებში პირველად იღებს მონაწილეობას, მათთვის რთულია, ამიტომაც გვჭირდება მეტი ასეთი მატჩი, რომ ასეთ წნეხს ყველა მიეჩვიოს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა თამაშზე ან ვარჯიშზე ნახევარი ნაბიჯით მაინც წინ წავიდეთ. - მერაბ შარიქაძე
ჯგუფის შემდეგი თამაში 16 დეკემბერს გაიმართება, რომელშიც შავი ლომი უელსურ სკარლეტსს დაუპირისპირდება.