ლეგიონერები | საუკეთესო ნინიაშვილი, ჭეიშვილის ლელო და მსაჯების დებიუტი
3 წლის წინ
რაგბი
3 წთ
"ბიარიცმა" "ძებრეს" იტალიაში 4 ლელო გაუტანა და ბონუსით, 26:13 დაამარცხა, რაშიც წვლილი უშანგი ჭეიშვილსაც მიუძღვის. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს, 47-ეზე კი გუნდის მესამე ლელო გაიტანა. მან ბურთი 10-ჯერ წიღო და ამდენივე მეტრი მოიგო, დაცვაში კი 7 ბოჭვა შეასრულა. შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა ვახტანგ ახობაძე და 7 მიძალებით 9 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 4 მეტოქე შეაჩერა. ტურნირი გამარჯვებით დაიწყო "პერპინიანმა", რომელმაც უელსურ "ნიუპორტს" 22:16 სძლია. ფრანგთა შორის მეორე ტაიმი შეცვლაზე ითამაშა ვახტანგ ჯინჭარაძემ (5 შეტევით 5 მეტრი და 4 ბოჭვა), რომელიც ტრავმის შემდეგ გუნდს ახლახანს დაუბრუნდა და კლუბთან ახალი კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
სამმა ქართველმა ითამაშა ჩემპიონთა თასის პირველ ტურში. "რასინგ 92" ინგლისში "ნორთჰემპტონს" ეწვია და ბონუსით, 45:14 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს გურამ გოგიჩაშვილი. ინგლისში "ექსეთერის" წინააღმდეგ ითამაშა და 6:42 დამარცხდა "მონპელიე". სტუმართა შორის პირველიდან 61-ე წუთამდე ითამაშა გელა აფრასიძემ. "ბორდომ", რომლის რიგებში შეცვლაზე 48-ე წუთიდან ლექსო ყაულაშვილმა ითამაშა, ინგლისური "ლესთერ თაიგერსი" მიიღო და 13:16 დამარცხდა. ფრანგული "კასტრისა" და ინგლისური "ჰარლიქუინსის" შეხვედრაში ჩემპიონთა თასზე ქართველი მსაჯების დებიუტი შედგა. შეხვედრაზე სრულად ქართულ ბრიგადას უნდა ემუშავა, თუმცა, სამწუხაროდ კორონა-ვირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, საფრანგეთში მხოლოდ ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე გაემგზავრნენ. დაძაბულ მატჩში ინგლისელებმა 20:18 მოიგეს. ამაშუკელი მოედნის მსაჯი იყო, თევზაძე კი კიდიდან ეხმარებოდა. ფოტო: LOU Rugby წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი