Belive

ინოკენტი - ამაშუკელი მწვერვალზეა მან 6 ერში დებიუტი დაიმსახურა

2 წლის წინ რაგბი
6 წთ
საუკეთესო ქართველი მსაჯი ისტორიას წერს - ნიკა ამაშუკელი ტიერ 2 ქვეყნებიდან პირველი მსაჯია, რომელიც ექვსი ერის კარს შეაღებს და თებერვალში ორ თამაშს იმსაჯებს. 6 თებერვალს, ექვსი ერის პირველ ტურში, ამაშუკელი საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე არბიტრის პირველი ასისტენტი იქნება, ხოლო 27 თებერვალს, ირლანდიისა და იტალიის შეხვედრას მთავარი არბიტრის რანგში გაუძღვება. აღსანიშნავია, რომ თითქმის 140-წლიანი ისტორიის მქონე უპრესტიჟულეს ტურნირში, ამაშუკელი 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ მიიწვიეს. 6 ერის მატჩებისათვის ამ დროისათვის15 უძლიერესი არბიტრი შეირჩა და სასიხარულოა, რომ მათგან ერთ-ერთი ქართველია. მომხდართან დაკავშირებით იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ვრცელი კომენტარი გააკეთა. ilgazzettino-სთან საუბარში, მარციო ინოკენტი იმ გარემოებების შესახებ საუბრობს, რამაც ნიკა ამაშუკელისა და ქართული სამსაჯო სკოლის აღიარება გამოიწვია და ხაზს უსვამს ამ კუთხით იტალიაში შექმნილ პრობლემებს. რომი - "6 ერის ტურნირზე, იტალიელზე ადრე ქართველი მსაჯის დებიუტით, მსოფლიო რაგბიმ ჩვენს მიმართ უპატივცემულობა არ გამოავლინა. მსაჯთა გამზადებისა და წვრთნის პროცესში, წარსულში დაშვებული შეცდომები და ფუჭად გაფლანგული დრო რომ არა, იტალიელი ანდრეა პიარდი, შესაძლოა ნიკა ამაშუკელის გვერდით ყოფილიყო".  იტალიის რაგბის კავშირის (Fir) პრეზიდენტი - მარციო ინოკენტი, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს კატეგორიულია და 6 ერის დაწყების წინ, რომელიც 5 თებერვალს აიღებს სტარტს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას მწვავედ აფასებს. 6 ერის ოჯახში საქართველოს შესვლა - აღნიშნული საკითხის ირგვლივ, მრავალი წელია მწვავე დებატები მიმდინარეობს. მართალია იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ჯერ არ ჩაუნაცვლებია, თუმცა 6 ერზე საქართველომ იტალია სხვა კუთხით ჩაანაცვლა - ტურნირზე ქართველი მსაჯის დებიუტი შედგება და არა იტალიელის. 27 წლის ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი 27 თებერვალს ირლანდიისა და იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების მატჩს განსჯის. ორმაგი იმედგაცრუება იტალიელთათვის, რადგან ტურნირზე 23-წლიანი ასპარეზობის მიუხედავად, დღემდე არც ერთ იტალიელ არბიტრს არ ღირსებია მსგავსი პატივი და აღიარება. 2021 წელს, ამაშუკელი ტიერ 2 (მეორე ეშელონი) ქვეყნის პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც საერთაშორისო ტესტებზე ტიერ 1-ის ნაკრების შეხვედრა განსაჯა. (უელსი - კანადა) ამაშუკელმა იტალიელ კოლეგებს კვლავ აჯობა და ახლა 6 ერზე მისი ისტორიული დებიუტი შედგება.
222

იტალიელთა სამწუხაროდ უნდა აღნიშნოს, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება - ეს არის შედეგი იმ კომპლექსური შეცდომებისა, რომლებიც იტალიის რაგბის კავშირმა მსაჯთა საწვრთნელი პროცესის დროს დაუშვა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დარგმა ავტონომიურობა დაკარგა და კავშირის ტექნიკურ დაქვემდებარებაში გადავიდა.
"დავიწყოთ ფაქტით - ამაშუკელი მაღალი დონის არბიტრია. 3-სეზონიანი სასწავლო კურსის ბოლოს, მან 6 ერში დებიუტი ნამდვილად დაიმსახურა. ის საკითხს პროფესიონალურად მიუდგა. მსოფლიო რაგბიმ მასში ინვესტიცია ჩადო და ირლანდიელ მწვრთნელ, დეივ მაკჰიუს მიანდო. მას ჰქონდა კონტაქტები წამყვან კავშირებთან. ამაშუკელმა გადადგა ყველა საჭირო ნაბიჯი, დაწყებული პრო 14-ით, გაგრძელებული ევროთასებით და დასრულებული სხვადასხვა დონის საერთაშორისო ტესტ მატჩებით. ამაშუკელი ახლა მწვერვალზეა. თუ ამ ყველაფრის გაკეთება ქართველმა შეძლო, რატომ ვერ შეძლებს იგივე გზის გავლას იტალიელი, იაპონელი ან რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი? ამიტომ, ამაშუკელის დანიშვნას მსოფლიო რაგბის მხრიდან იტალიის მიმართ გამოვლენილ უპატივცემულობად არ მივიჩნევ. ჩემი სიტყვები ეხება როგორც მსაჯებს, ასევე ეროვნულ ნაკრებს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს და ექვს ერს, რომ ჩვენ ნამდვილად ვპროგრესირებთ და ვიზრდებით. სწორი განვითარების შემთხვევაში, სასურველ შედეგებსა და ჯილდოებს მივიღებთ".

დე სანტისი, დამასკო, მიტრეა

მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რატომ ვერ მოხვდა 6 ერში იტალიელი მსაჯი ქართველზე ადრე? იტალია საქართველოსგან განსხვავებით 23 წელია 6 ერზე ასპარეზობს - სად არიან დე სანტისი, დამასკოსო, მიტრეა?
"იმიტომ, რომ იტალიელ მსაჯებს არ სურდათ გამხდარიყვნენ 100%-ით პროფესიონალები. იმიტომ, რომ მსოფლიო რაგბის მმართველ ბორდს არ სჯეროდა ჩვენი სასწავლო გზის. იმიტომ, რომ მსაჯებმა, პიარდიმ და ჯანლუკა ნეკიმ, დრო დაგვაკარგვინეს. 3-წლის წინ ჩვენ არ გავაკეთეთ ის, რაც ამაშუკელმა გააკეთა. ახლა ახალ ფედერალურ საარბიტრაჟო სტრუქტურასთან ერთად, რომელშიც გაერთიანდნენ მიტრეა, ჯაკომელი, დორდორო და CNAR-ის საბჭო, ჩვენ დაკარგული დროის ანაზღაურებას ვცდილობთ". "ირლანდიელი - ალან როლანდი ჩვენს საუკეთესო მსაჯებთან სამუშაოდ დაბრუნდა. 2021 წლამდე მსოფლიო რაგბი მტკიცე პოზიციას იჩენდა და აღნიშნავდა, რომ ექვს ერში იტალიელ მსაჯებზე საუბარი არ იქნებოდა - ახლა შეგვიძლია კვლავ ვცადოთ. კლარა მუნარინი U-20 ექვი ერის მატჩებზე დასანიშნ პოტენციურ არბიტრთა ჯგუფშია. იმედი მაქვს, ის შეძლებს სექტემბერში დაგეგმილ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას. რატომ არ შეიძლება, რომ ექვს ერში პირველი იტალიელი მსაჯი ქალი იყოს?" - აღნიშნა ინოკენტიმ.

სხვა სტატიები