Belive

"გულშემატკივრების მხარდაჭერა ყველაზე მეტად გვაძლიერებს" - უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

U20 რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, იტალიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიელი თანატოლები 17:30 დაამარცხეს და ქართული რაგბის ისტორია დაწერეს.

ისტორიაში პირველად – უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფში 2 მატჩი მოიგეს და 1/2-ფინალში ასპარეზობას ერთი ნაბიჯი აშორებდათ, თუმცა, საბოლოოდ 5-8 ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ, რაც ასევე საუკეთესო შედეგია საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმცროსი ბორჯღალოსნები მეხუთე-მერვე ადგილისთვის ბრძოლაში ჩაებნენ. საქართველოს პირველი მეტოქე უელსი გახლავთ, რომელსაც 9 ივლისს, თბილისის დროით 18:30 საათზე დავუპირისპირდებით. უელსის დამარცხების შემთხვევაში, საქართველო ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

პრინციპული მატჩის წინ, ისტორიული შედეგის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს ვესაუბრეთ. belive-სთან საუბარში, უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანმა ლაშა ციხისთავმა აღნიშნა, რომ გულშემატკივრების მწარდაჭერას ყოველი მატჩის წინ გრძნობენ და ეს მათ აძლიერებთ.



ლაშა ციხისთავი: "გუნდში, რა თქმა უნდა, ამაღლებული განწყობაა - ამ შედეგის მიღწევით ყველა ძალიან გახარებული და ბედნიერია, მაგრამ დიდ სიხარულთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ, რადგან წინ კიდევ 2 თამაშია და მიზანი საუკეთესო პოზიციის დაკავებაა.

მოსამზადებელ კვირაში მოტივაცია მუდამ დამყვება და უფრო და უფრო იმატებს, როცა თამაშის დღე ახლოვდება. თამაშის დღეს კი განწყობა, რაც გუნდში ტრიალებს იმდენად გადამდებია, რომ შეუძლებელია ამაღლებული ემოციის გარეშე გახვიდე მოედანზე. მუხტის გადაცემაც ბიჭებში თავისთავად ხდება, ალბათ სწორედ ეს ქმნის სწორედ ამ გუნდს უკეთესს.

პირველი ამოცანა უელსის დამარცხება და იმ ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც წინა თამაშებში ვაჩვენეთ. წარმატებასთან ერთად ვეცდებით, რომ კიდევ ერთხელ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი.

პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. მიუხედავად მანძილისა მათ გვერდში დგომას ყოველ წუთს ვგრძნობთ და ეს გვაძლიერებს ყველაზე მეტად! ასევე ვეტყვი, რომ მოედანზე ყველა მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გამარჯვება კიდევ ერთხელ ერთად ვიზეიმოთ".

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი მეტოქე უელსი გახლავთ, რომელსაც 9 ივლისს, თბილისის დროით 18:30 საათზე დავუპირისპირდებით. უელსის დამარცხების შემთხვევაში, საქართველო ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის გამარჯვებულს შეერკინება.

სხვა სტატიები