გავლენიანი სარაგბო პორტალი U20 ბორჯღალოსნების გამარჯვებას ბრწყინვალე სტატიას უძღვნის
არგენტინაში მიმდინარე U20 მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან მარცხის შემდეგ, U20 ბორჯღალოსნებმა დრამატულ ბრძოლაში შოტლანდია დაამარცხეს (17:12). გავლენიანი სარაგბო პორტალი rugbypass.com, U20 ბორჯღალოსნების გამარჯვებას ბრწყინვალე სტატიას უძღვნის. "შოტლანდიის დამარცხება ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ასაკობრივი ევოლუცია სრული სვლით მიმდინარეობს" - სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას rugbypass.com-ი. დომინანტური შერკინება და ლურსმანივით მყარი წინა ხაზელები ყოველთვის იყო ქართული რაგბის გამორჩეული მხარე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალა და ფილოსოფია უახლოეს მომავალში არ დატოვებს ქართულ რაგბს, ბორჯღალოსნების რიგებში ევოლუციის ნიშნები შეიმჩნევა. არგენტინაში მიმდინარე U20 მსოფლიო თასზე, U20 ბორჯღალოსნებმა ორი შეხვედრა დათმეს. გასაკვირი ნამდვილად არაა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ U20 ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდნენ. გარდა იმისა, რომ U20 ბორჯღალოსნებმა ახალ ზელანდიას საკმაოდ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს - ქართველებს სიხარულის შესაძლებლობას მნიშვნელოვან შეხვედრაში შოტლანდიის დამარცხებაც (17:12) აძლევს. ეს არ ყოფილა ის შემთხვევა, როდესაც ისინი უკონკურენტოები და დომინანტები არიან მხოლოდ შერკინებაში. ფორვარდების გასაოცარ დომინირებას უკანა ხაზელებმა კრეატიულობითა და გასაოცარი თამაშით აუბეს მხარი - ეს კომპონენტი ყოველთვის არ ყოფილა საქართველოს, როგორც რაგბის მოთამაშე ქვეყნის ძლიერი მხარე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული შერკინება მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ კომპონენტში ქართველებს სანერვიულო არც U20 სანაკრებო დონეზე აქვთ. შერკინებაში ნიკა ღვალაძისა და ლუკა აზარიაშვილის წყვილი მოწინააღმდეგის გამანადგურებლებად მოგვევლინნენ.


ფრთის მოთამაშეები ოთარ ლაშხი და კოტე მარჯანიშვილი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ენერგია კონტაქტის დროს, თუმცა ისინი ნამდვილად არ აკმაყოფილებენ პირველი ეშელონის ქვეყნების ფიზიკურ მოთხოვნილებებს. ასევე მათ ნამდვილად არ შეუძლიათ იმ სისწრაფის განვითარება, რომ მოედნის ნებისმიერი პოზიციიდან შეძლონ ხიფათის შექმნა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სიძლიერე არასდროს არ დადგება ეჭვქვეშ. უძლიერეს და დომინანტ პირველ ხაზთან ერთად, საქართველოში მაღალი დონის უკანახაზელებიც გამოჩნდნენ, რომელთაც იმ უპირატესობის გამოყენება შეუძლიათ, რომელსაც შერკინება იძლევა. მაქსიმალურ სისწრაფეებზე თამაში ის კომპონენტია, რომელშიც ქართული რაგბი ჯერ კიდევ მოიკოჭლებს თუმცა შეუძლებელია არ აღფრთოვანდე იმ პროგრესით, რომელიც ქართულ რაგბს აქვს და არ მოიხიბლო იმ მორაგბეებით, რომელთაც საქართველო აწარმოებს. ბოლო წლებში, როდესაც საქართველო აქტიურად ცდილობს კონკურენცია გაუწიოს პირველი ეშელონის ქვეყნებს, მილტონ ჰეიგს და სამწვრთნელო შტაბს აუცილებლად სჭირდება უნივერსალური და მრავალფეროვანი ნაკრები, რომელიც გაცილებით უფრო დიდ ხიფათს შეუქმნის მოწინააღმდეგეს. ახალგაზრდა მორაგბეების საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში ადაპტირებას და შერწყმას გარკვეული დრო დასჭირდება - თუმცა ახალგაზრდების მიერ გამოვლენილი უნარები და შესაძლებლობები ქართულ რაგბს ნამდვილად ბრწყინვალე მომავალს უქადის.The @GeorgianRugby U20s belt out their anthem as match day three kicks off at the #WorldRugbyU20s It's GEO v SCO and ITA v IRE. Watch live https://t.co/CL5sVkoYl9 pic.twitter.com/yOQXGQDshc — World Rugby (@WorldRugby) June 12, 2019