Belive

"გაცნობიერებული გვაქვს პასუხისმგებლობა და თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად დავიხარჯებით" - საბა შარვაშიძე

2 კვირის წინ რაგბი
2 წთ

საბა შარვაშიძე - ახალგაზრდა ქართველი მორაგბე, რომელიც U18 რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. სწორედ იმ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები ზედიზედ მეექვსედ შეეცდებიან ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

ახალგაზრდა ფრთის მოთამაშე ზურაბ ამონაშვილის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. საბამ გამართულ ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის დაწყების წინ, რაგბი ევროპის ვებგვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც საბა შარვაშიძე დასახელებული იყო, როგორც მოთამაშე, რომელსაც აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, რუბრიკის "ახალი თაობა" დღევანდელი სტუმარი საბა შარვაშიძეა.

თამაში 8 წლის ასაკში დავიწყე, რადგან მამაჩემიც ამ სპორტში არის და რაგბით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. სწორედ მამა იყო ჩემი ინსპირაციის წყარო და ყოველთვის ასე იქნება. რაც შეეხება "აიას" ქუთაისი ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბძვის და შესაბამისად გუნდშიც საჩემპიონო განწყობაა.

რაგბი ევროპის სტატია, რაღაც მხრივ წნეხის მომტანი იყო, მაგრამ ტურნირზე კარგი თამაშების ჩატარებისთვის, უფრო დიდი მოტივაცია მომცა. ამ ასაკისთვის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და 18-წლამდელთა ნაკრები ამაში ძალიან მეხმარება. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს ამაზე ფიქრი ძალიან ადრეა - ახლა მაქსიმალურად კონცენტრირებული ვარ ევროპის ჩემპიონატის წარმატებით დასრულებაზე და ამ ნაკრებში მიღებული გამოცდილების 20-წლამდელთა ნაკრებში ოპტიმალურად გამოყენებაზე.

გუნდში ამაღლებული განწყობაა. ყველას გაცნობიერებული გვაქვს საკუთარი როლი და დარწმუნებული ვარ, მოედანზე თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად დაიხარჯება. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს თანადგომისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ გასახარებლად. - საბა შარვაშიძე

შეკითხვაზე საკლუბო დონეზე, თუ რომელი უფრო საინტერესო და დიდი გამოწვევაა - ტოპ 14 თუ სუპერ რაგბი, საბამ დანამდვილებით გვიპასუხა, რომ საკლუბო დონეზე ტოპ 14 გაცილებით უფრო დიდი და საინტერესო გამოწვევაა.

შეგახსენებთ, 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს გაიმართება და მასში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება. belive-ის გუნდი საბა შარვაშიძესა და მის თანაგუნდელებს წარმატებას ვუსურვებთ და გვჯერა, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები მორიგი დიდი გამარჯვებით გაგვახარებენ.

სხვა სტატიები