ფავორიტმა გვაჯობა | 20-წლამდე ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ტურის შეხვედრა ახალ ზელანდიასთან ჩაატარა და 19:38 დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ სტარტი ძალიან კარგი გვქონდა, ტემპის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ და შეცდომაც საკმაოდ ბევრჯერ დავუშვით. შეხვედრის პირველი ლელო მიხეილ ხახუბიამ დადო და ლუკა თაყაიშვილმა ზუსტად გარდასახა. ზელანდიელებმა ანგარიში მალევე გაგვითანაბრეს, რასაც ჩვენი გუნდის უმცირესობაში დარჩენა მოჰყვა, ყვითელი ბარათი ლუკა კეშელავამ დაიმსახურა. ამის მიუხედავად, წინ გასვლა ისევ შევძელიდ, ამჯერად ლელო მიხეილ შიოშვილმა დადო, თაყაიშვილის გარდასხვა კი ისევ ზუსტი აღმოჩნდა.
ყველაფერი 23-ე წუთიდან აირია, მოედანზე 13 კაცით დავრჩით და დროებითი უპირატესობით ზელანდიელებმა მშვენივრად ისარგებლეს, მათ პირველი ტაიმი 31:14 მოიგეს.
მეორე ტაიმში გუნდებმა თითო-თითო ლელო გაცვალეს და შეხვედრა საბოლოოდ 19-ქულიანი სხვაობით დასრულდა.
ჯგუფის ბოლო ტურის მატჩს, საქართველოს ნაკრები, მასპინძელ იტალიასთან, 9 ივლისს ჩაატარებს.