Belive

"ძვლების მსხვრეველი მბოჭავი და სწრაფი, როგორც მელა" - რაგბი ევროპა უმცროს ბორჯღალოსნებზე

2 კვირის წინ რაგბი
3 წთ

16 ნოემბერს, ჩეხეთში, 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, სადაც U18 საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იასპარეზებს. ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილი ნაკრები, ზედიზედ მეექვსედ შეეცდება ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

რაგბი ევროპის ასაკობრივ ტურნირზე, უმცროსი ბორჯღლოსნები დომინანტ ძალას წარმოადგენენ და ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა, სადაც იმ ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებზეა საუბარი, რომელთაც მეტოქისთვის განსაკუთრებული ხიფათის შექმნა შეუძლიათ.

რაგბი ევროპის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული აქცენტი, მეორეხაზელ დავით ბარამიაზე გაამახვილეს, რომელიც გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე, ახალგაზრდულ ნაკრებს უკაპიტნებს.

უპირველესი მიზანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი, როგორც გუნდის განვითარება. გვინდა, რომ თამაშიდან - თამაშამდე უკეთესი პერფორმანსი დავდგათ. ამავდროულად ტიტულის დასაცავად ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონის ტიტულისკენ ვისწრაფვით, მაგრამ ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მოგება - ეს არის ჩვენი გუნდის ზრდისა და სულისკვეთების ჩვენება. გვინდა ვითამაშოთ გულითა და დისციპლინით. ამავდროულად ზედმიწევნით შევასრულოთ ყველაფერი, რაც ვარჯიშებზე დავგეგმეთ.

ვამაყობ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ჩემთვის ახალ - კაპიტნის ამპლუაში წარმოვადგენ. ეს დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა და მონდომებული ვარ, რომ ჩემი თანაგუნდელებისა და მწვრთნელების ნდობა და მოლოდინები გავამართლო. - დავით ბარამია.

უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტნის პარალელურად, რაგბი ევროპამ ლუკა საღინაძე და საბა შარვაშიძე გამოარჩია და მათ შესახებ, ასევე მაჟორულ ნოტაზე ისაუბრა.

ლუკა საღინაძე (მეორეხაზელი): ლუკა საღინაძემ რაგბი ევროპის ახალგაზრდულ ტურნირზე საკუთარი კვალი უკვე დატოვა და ის აუცილებლად შეეცდება, რომ წელსაც იგივე გაიმეოროს. რას უნდა ველოდოთ მისგან? პირველ რიგში ძვლების მსხვრეველ ბოჭვებსა და სწრაფი ხელის უნარებს.

საბა შარვაშიძე (ფრთა): ლელო, ლელო და კიდევ უფრო მეტი ლელო - ეს საბა შარვაშიძის ხელწერაა. 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ის უმცროსი ბორჯღლოსნების ერთ-ერთი გამორჩეული უკანახაზელი იქნება. სწრაფი, როგორც მელია - ნამდვილად დიდი საფრთხის მომტანი იქნება.

18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ 5-გზის ჩემპიონი საქართველო, ტიტულის დაცვას 16 ნოემბერს, გერმანიასთან მატჩით დაიწყებს. 1/4-ფინალური შეხვედრა საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, 1/2-ფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები ნიდერლანდებსა და რუმინეთს შორის გამარჯვებულს 19 ნოემბერს შეერკინებიან. ფინალური მატჩი კი 23 ნოემბერს გაიმართება.

U18 ბორჯღალოსნების რაზმი

შერკინება: დაჩი ჭელიძე (ლელო), საბა კილაძე (ხვამლი), ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), გიორგი მეფარიშვილი (აია), მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ლუკა ნარსია (აია), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), გიორგი ზაზაძე (ხარები), გიორგი არძენაძე (ბათუმი);

ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), გოგა უშვერიძე (აია), გიგი სირბილაძე (ლელო), ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), დათა ახვლედიანი (ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), საბა შარვაშიძე (აია), ივა კვირიკაშვილი (ლელო), ავთანდილ ზვიადაძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

სხვა სტატიები