Belive

დიდი 10 | არესი 47:46 არწივები

1 წლის წინ რაგბი
4 წთ

ქუთაისის "არესმა" უშუალო კონკურენტ ოზურგეთის "არწივებს" უხვქულიან, დაძაბულ მატჩში 47:46 სძლია და უმნიშვნელოვანესი 4 ქულა მოიპოვა.

"აია არენაზე" გამართულ შეხვედრაში გუნდებმა 7-7 ლელო გაიტანეს. თამაში უხეშიც გამოდგა და მთავარ მსაჯ ნიკა ამაშუკელს 5-ჯერ მოუწია ყვითელი ბარათის გამოყენება. აქედან 4-ჯერ მასპინძლები დაისაჯნენ, თუმცა მათ ბოლომდე შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება. "არწივების" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მასპინძლების ყველა ლელოს მოკლე დროში უპასუხა და გამარჯვების შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა.

მთლიანობაში მაყურებელმა თვალსასეირო შეხვედრა და არაერთი ლამაზი ლელო იხილა. "არესმა" მეტოქის საწყისი მიძალებები მოიგერია, მერე ფორვარდებით შეუტია და ზაალ ცქიფურიშვილმა ანგარიში გახსნა, გიორგი თევდორაძემ კი გარდასახა. განახლდა თუ არა თამაში "არწივებმა" კარგი შეტევა განახორციელეს და ივანე გელაშვილმა ლელო გაქვითა, ხოლო მარვინ ფრედერიქსმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. ამავე ეპიზოდში ყვითელი ბარათით ნიკა ძნელაძე დაისაჯა.

შეხვედრა ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა და მე-17 წუთზე კაცნაკლული "არესი" დაწინაურდა. ნგლენ თაკაუტინმა ცენტრის სიახლოვეს გაჭრა ხაზი, ბოლო მცველი ცრუმოძრაობით, სისწრაფეში ჩამოიტოვა და 55-მეტრიანი გარღვევა ლამაზი ლელოთი დაასრულა. ოზურგეთელებმა იქვე უპასუხეს, ფეხით შეცურებულ ბურთს ჯაბულანი მკულვანი მიყვა და ლელოში დაამიწა, მაგრამ თევდორაძისგან განსხვავებით, ფრედერიქისის გარდასახვა არაზუსტი იყო. ქუთაისელებმა ყვითელი ბარათით ამჯერად ზურა ოდიკაძე დაკარგეს და მომდევნო 10 წუთით კვლავ კაცნაკლული დარჩნენ.

26-ე წუთზე კაცნაკლულმა მასპინძლებმა კიდევ ერთხელ შეძლეს უპირატესობის მოპოვება. ამჯერად გადაცემა ლაშა ძნელაძემ ჩაჭრა და ლელოში რატუ პენი ტუმბუნას გაატანა. თევდორაძემ გარდასახა. პასუხად კონსტანტინე გაზაშვილმა გაიბრწყინა, რამდენიმე მცველთან ჭიდილში დაახლოებით 10 მეტრი დაფარა და ძალისმიერი ლელო გაიტანა. ფრედერიქსმა გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა. მალე ყვითელი ბარათი გაზაშვილმა მიიღო, "არესმა" 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩია და მოლი ზაალ ცქიფურიშვილის ლელოთი დასრულდა. თევდორაძემ ეს გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.

ტაიმის მიწურულს "არესმა" 10-10 წუთით იაგო ხილაძე და გუგა მარგველაშვილი დაკარგა, "არწივებმა' აღარ გარისკა, ფრედერიქსმა ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 28:22 დასრულდა.

13 კაცით მოთამაშე "არესმა" მეორე ტაიმის დასაწყისში მოლი დააყენა და ლაშა ძნელაძემ ლელო, თევდორაძემ კი გარდასახვა გაიტანა. თამაში რომ განახლდა მარჯვენა ფრთაზე საკიუსა მბასეისეი გაიჭრა და მეტოქის 22-ში შევიდა, მერე ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და ჯაბული მკულვანმა ლელო გაიტანა. 51-ე წუთზე ლელო გიგი გიგინეიშვილმაც მიითვალა და "არწივებს" გარდასახვები რომ გაეტანა მატჩში პირველად დაწინაურდებოდა, ასე კი სხვაობა მხოლოდ 3 ქულამდე დავიდა.

ტაიმის შუაში მასპინძლებმა დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშეს და თაკაუტინმა დუბლი შეასრულა. 69-ე წუთზე ფრედერიქსის გრძელი გადაცემისა და გაზაშვილის კარგი თამაშის შემდეგ, მბასეისეიმ ლელო გაიტანა და ფრედერიქსმა გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. "არესმა" გამარჯვებისკენ მორიგი ნაბიჯი 74-ე წუთზე გადადგა, როდესაც ნაცად ხერხს მიმართა და მოლი გოგა კობახიძის ლელოთი დასრულდა, ბონდო აბაშიძემ კი გარდასახა.

"არწივები" არც ახლა დანებდა, 78-ე წუთზე გაზაშვილმა კიდევ ერთხელ შეუტია, ამას ოფლოუდების სერია და ჯამბა ულენგოს ლელო მოყვა, ფრედერიქსმა კი იქვე გარდასახა – 47:46. სტუმრებს მოსაგებად ერთი შედეგიანი შეტევა ჭირდებოდათ, მაგრამ თავად დაჯარიმდნენ. აბაშიძის დარტყმა მიზანს ასცდა, თუმცა მასპინძლებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს და 19 ქულით მე-5 ადგილზე აღზევდნენ.

"არწივები" ნუგეშის ქულას დასჯერდა და ჯამში 6-ით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა. განვლილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე "არესის" ფრთა ნგლენ თაკაუტინი გახდა.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები