Belive

ბორჯღალოსნების შემადგენლობა პორტუგალიის წინააღდეგ ცნობილია

1 წლის წინ რაგბი
3 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩების სერიას განაგრძობს. ამჯერად, "ბორჯღალოსნები" პორტუგალიის ნაკრებს ქუთაისში, "აია არენაზე" უმასპინძლებენ. შეხვედრა 16 ივლისს 18 საათზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის შემდეგ პირველად, საქართველომ ზაფხულის სამივე თამაში საშინაო კედლებში გამართა. იტალიის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილება განახორციელა. 9 ნომრის პოზიციაზე გელა აფრასიძე ითამაშებს. ცენრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს დემურ თაფლაძე შეუწყვილდება, ფრთაზე კი, აკა ტაბუცაძის ნაცვლად, მირიან მოდებაძე გაისარჯება. წინა შეხვედრის შემდეგ, შარიქაძის მსგავსად, ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს თედო აბჟანდაძემ, სანდრო თოდუამ და დავით ნინიაშვილმა. შერკინების პირველ ხაზში ორი ცვლილებაა. ბურჯის პოზიციაზე ძირითადში ნიკა აბულაძე პირველად გამოჩნდა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი იტალიასთან ჰქონდა. როტაციის პრინციპით, თამაშს იწყებს კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მარჯვენა ბურჯი კი კვლავ ბექა გიგაშვილია. მთლიანად შეიცვალა მეორე ხაზი, სადაც ლადო ჩაჩანიძეს კოტე მიქაუტაძე შეუწყვილდება. მიქაუტაძემ იტალიასთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ჩაჩანიძეს კი დებიუტი ბათუმში ჰქონდა და აბულაძის მსგავსად, ძირითადში პირველად იწყებს. მესამე ხაზში ოთარ გიორგაძე სანდრო მამამთავრიშვილმა ჩაანაცვლა. სასტარტოში ადგილი შეინარჩუნეს ბექა საღინაძემ და ბექა გორგაძემ. მარქაფაში დარჩნენ კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, ბურჯი გურამ პაპიძე და მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი. თადარიგში გადაინაცვლეს ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა, მეორეხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა, 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ და შუამარბმა გიორგი კვესელაძემ. ასევე შეცვლაზეა ლაშა ხმალაძე, რომელიც იტალიასთანაც მარქაფაში იყო. სასტარტო შემადგენლობა ასეთია: ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი ("ლიონი") 14. მირიან მოდებაძე ("შავი ლომი"), 13. დემურ თაფლაძე ("შავი ლომი"), 12. მერაბ შარიქაძე ("შავი ლომი"), 11. სანდრო თოდუა ("შავი ლომი"), 10. თედო აბჟანდაძე ("მონტობანი"), 9. გელა აფრასიძე ("მონპელიე"); შერკინება: 1. ნიკა აბულაძე ("შავი ლომი"), 2. გიორგი ჭყოიძე ("ლოკომოტივ-პენზა"), 3. ბექა გიგაშვილი ("ტულონი"), 4. ლადო ჩაჩანიძე ("ბაიონი"), 5. კოტე მიქაუტაძე ("ბაიონი"), 6. ბექა საღინაძე ("ლიონი"), 7. სანდრო მამამთავრიშვილი ("შავი ლომი"), 8. ბექა გორგაძე ("პო")

სხვა სტატიები