იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, მილტონ ჰეიგმა შესაძლოა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.
აღნიშნულ ინფორმაციას, სპორტული ჟურნალისტი რიჩ ფრიმენი ავრცელებს. Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში რიჩ ფრიმენი აღნიშნავს: "სხვადასხვა სანდო წყაროსგან გავიგე, რომ "სანტორიმ" მთავარ მწვრთნელად მილტონ ჰეიგი შეარჩია, რომელიც იაპონურ სარაგბო კლუბს 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. ასევე გავიგე, რომ "სანტორიში" შესაძლოა კიდევ ერთი ცნობილი სახე დაბრუნდეს."
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მილტონ ჰეიგსა და საქართველოს რაგბის კავშირს ამ წუთისათვის დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცოტა ხნის წინ, ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, შერკინების მწვრთნელიც ტოვებს. გრემ როუნთრი Pro14-ის ბინადარი "მანსტერის" ფორვარდებს გაწვრთნის.
ბორჯღალოსანთა შერკინების მწვრთნელმა, გრემ როუნთრიმ “მანსტერთან” გააფორმა კონტრაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, როუნთრი “მანსტერს” შეუერთდება. “მანსტერთან” გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად, გრემ როუნთრი Pro14-ის ბინადარი ირლანდიური სარაგბო კლუბის ფორვარდებს 2022 წლის ივნისამდე გაწვრთნის.
“უზომოდ მოხარული ვართ, რადგან ჩვენს მიერ გაწეულმა შრომამ შედეგი გამოიღო და გრემთან ხელშეკრულება გაფორმდა. უკანასკნელი 1 თვის მანძილზე ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობდით და გრემის კალიბრის მწვრთნელის ჩვენს გუნდში ხილვა უდიდესი ბედნიერებაა”, – აღნიშნულია ირლანდიელთა განცხადებაში.
თავის მხრივ კომენტარი გააკეთა გრემ როუნთრიმ: “მოხარული ვარ, რომ ასეთ პრესტიჟულ გუნდს ვუერთდები. აგერთვე, სრულ ყურადღებას ვუთმობ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს. ბორჯღალოსნებთან მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დავრჩები. იოჰანთან და მის გუნდთან შეხვედრას მოუთმენლად ველი.”