"არ დაუბლოკოთ გზა ქართული რაგბის ტალანტებს, ოქროს თაობა დაკარგულ თაობად გადაიქცევა" - ლევან მაისაშვილი
Rugby World-ი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის - ლევან მაისაშვილის ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც დიდი ალბათობით ფართო გამოხმაურება მოყვება.
სტატიაში სახელწოდებით: "ნუ დაუბლოკავთ გზას ქართული რაგბის ტალანტებს", მაისაშვილი რაგბის მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპსა და მსოფლიო რაგბის ახალი იდეის შესახებ საუბრობს, რომელიც მეორე ეშელონის ქვეყნების განვითარებისთვის ხელისშემშლელი აღმოჩნდება.
"მსოფლიო ლიგას" მხარს 6 ერისა და სანზაარის წარმომადგენლები უჭერენ, თუმცა, ტიერ 2-ის ისეთი განვითარებადი ერები, როგორიცაა: საქართველო, სამოა, ტონგა, პორტუგალია და სხვ. დიდი საფრთხის წინაშე არიან. "მსოფლიო ლიგა" ჯერ მხოლოდ პროექტის დონეზეა, თუმცა, ავტორიტეტულ სარაგბო ტაბლოიდებსა და გავლენიან ბრიტანულ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, აუცილებლად დამტკიცდება და სტარტს 2024 წლიდან აიღებს.
Rugby World-ის სტატია
ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელს სურს, რომ მისი ქვეყნის გამორჩეულმა ტალანტებმა მეტი შესაძლებლობები მიიღონ.
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. მსოფლიო პირველობაზე მონაწილე 20 ერი მოსამზადებელ ტესტ-მატჩებს მართავს, ტურნირის ორგანიზატორები კი საბოლოო დეტალებს აზუსტებენ, რათა თამაში, რომელიც ყველას გვიყვარს საყოველთაო დღესასწაულად იქცეს.
სამზადისისა და მოლოდინის მიუხედავად, რაგბის მომავალთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ისმის. ეს ყველაფერი კი რაგბის "მსოფლიო ლიგის" შექმნის იდეამ გამოიწვია, რომლის დამტკიცებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს.
6 ერისა და სანზაარის მმართველები, მოუთმენლად ელიან რაგბის "მსოფლიო ლიგის" შექმნას, რომელსაც მოწვეული გუნდების სტატუსით, იაპონია და ფიჯიც დაემატებიან. რაგბის გლობალურობისა და მარკეტინგული სარგებლის მიღების ფონზე, ახალ ტურნირს უამრავი კრიტიკოსი ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მისი ამ მოცემულობით დამტკიცების შემთხვევაში, ტიერ 1-სა და ტიერ 2-ს შორის არსებული ზღვარი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც განვითარებად ერებს დიდ დარტყმას მიაყენებს.
მე, როგორც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სრულად ვარ ფოკუსირებული მოახლოებულ მსოფლიო თასზე და ვაყენებ იმ საუკეთესო გუნდს, რომელიც ოდესმე გვყოლია., რათა საფრანგეთში წარმატებით ვიასპარეზოთ. უელსისა და იტალიის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ჩემი მოთამაშეებისა და სტრატეგიის უპირობოდ მწამს. ჩვენ მივდივართ ტურნირზე, რათა რეალური განაცხადი გავაკეთოთ.
მსოფლიო თასი იძლევა ბრწყინვალე შესაძლებლობას, რომ თამაში გლობალურად გაზარდოს - რაც, რა თქმა უნდა, მსოფლიო რაგბის უმთავრეს მისიას წარმოადგენს. ახალი ტურნირი შესაძლოა იგივე მიზანს ემსახურება, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, გავარდნა/აღზევების სისტემა 2032 წლამდე არ დაინერგება. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად თამაშობენ და ვის ამარცხებენ, ჩემი მოთამაშეების აბსოლუტურ უმრავლესობას არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ელიტარულ ერებს დაუპირისპირდნენ.
ასევე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს დააზარალებს საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს, რომელმაც U20 მსოფლიო თასზე ბრწყინვალედ იასპარეზა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯერ ინგლისელი თანატოლები დაამარცხეს, შემდეგ ახალგაზრდულ რაგბის მსოფლიო თასზე, იტალიასა და არგენტინას სძლიეს და მხოლოდ სამხრეთ აფრიკასთან, თანაც მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.
ელიტური ერების წინააღმდეგ თამაშის მიუხედავად, ახალგაზრდა მორაგბეების ოქროს თაობამ, მსოფლიო თასზე ისტორიაში საუკეთესო მე-8 ადგილი დაიკავა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უკეთესი ადგილი დაიკავეს, ვიდრე არგენტინამ, იტალიამ, ფიჯიმ და იაპონიამ. მიუხედავად ამისა, ყველა ამ ქვეყნისა და მათ შორის შოტლანდიის, რომელმაც ახალგაზრდულ რაგბის მსოფლიო თასზე ვერ იასპარეზა, ახალგაზრდა მოთამაშეები ავტომატურად ჩაერთვებიან რაგბის "მსოფლიო ლიგაში" და თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. ამ ტურნირში კი საქართველო არ იქნება.
როგორ ფიქრობთ, ეს სამართლიანია? ნუთუ ეს მერიტოკრატიულია? რა მესიჯს ვუგზავნით ამით ახალგაზრდა ტალანტებს ესპანეთში, პორტუგალიაში, აშშ-ში, სამოაში და სხვა განვითარებად ერებში? როგორ დაეხმარება თამაშის გაზრდას და მომავალი თაობების ინსპირაციას?
ვფიქრობ ეს ყველაფერი საპირისპირო შედეგს გამოიღებს და ახალგაზრდა მოთამაშეებს თამაშზე ხელს ააღებინებს. ვფიქრობ დახურული კარი მათ უბიძგებს, რომ ფოკუსირება საფრანგეთსა და იაპონიაში საკლუბო რაგბზე მოახდინონ, ან საერთოდაც სხვა სპორტში სცადონ ბედი. ოქროს თაობა დაკარგულ თაობად გადაიქცევა. ეს გარემოება თამაშის მომავალს, როგორც გლობალურ მოვლენას დაასამარებს.
თუ გვინდა, რომ მომავალი თაობებისთვის თამაში კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ, მათ უნდა დავანახოთ, რომ არსებობს განვითარებისა და წინსვლის რეალური შანსი. იასპარეზე კარგად ელიტური ერების წინააღმდეგ, დაამარცხე რამდენიმე მათგანი და გქონდეს მოლოდინი, რომ ჯილდოდ მიიღებ შენი თამასის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და განვითარების შესაძლებლობას, რაც მომავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი გახდება. თუ ეს კარი მომავალი 9 წლის განმავლობაში დახურული იქნება, მაშინ მომავალი თაობისთვის ალტერნატიული გამოსავალი უნდა მოიძებნოს, მაგალითად U20 ექვსი ერის წარმომადგენლებთან სისტემატური პაექრობა.
ჩვენი მიზანი არაა, რომ ვინმე ჩავანაცვლოთ - ჩვენ უბრალოდ გვინდა მივიღოთ უფლება, რომ ყოველწლიურად, გაფართოებული ფორმატით ვეთამაშოთ ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას, შოტლანდიას, უელსსა და იტალიას. ეს ახალგაზრდა მოთამაშეებს მოტივაციას შეუნარჩუნებს და ამბიციური ერებისთვის გახდება ინსპირაციის წყარო, რათა ასაკობრივიდან ეროვნული ნაკრების დონეზე დაუპირისპირდნენ ელიტის წარმომადგენლებს და ეს შეიძლება მოხდეს 1-2 წელში, ნაცვლად იმისა, რომ ველოდოთ 2032 წელს.
- ლევან მაისაშვილი.
არსებობს მოსაზრება, რომ მსგავსი ვარაუდი მსოფლიო რაგბის ოფიციალურ პირებსაც აქვთ. საქართველოს რაგბის კავშირი უკვე მიიწვიეს, რომ 6 ერის 18-წლამდელთა ფესტივალზე მიიღოს მონაწილეობა და შესაძლოა, საქართველო მომდევნო 2 წლის განმავლობაში, მასპინძელიც კი იყოს. შემდეგი კი 20-წლამდელთა ნაკრები უნდა გახდეს.
იმ თამაშის სასიკეთოდ, რომელიც ჩვენ გვიყვარს - წაახალისეთ მისწრაფება და ნუ ჩაახშობთ მას. წაახალისეთ გამარჯვება და შთააგონეთ მომავალი თაობა. ჩადეთ ინვესტიცია მომავალში, ნუ მიეჯაჭვებით წარსულს…