5 ერი | სისხლიანი კვირა და ტრაგედიის გამო ჩაშლილი ჩემპიონატი
2 წლის წინ
რაგბი
10 წთ
სისხლიანი კვირა
ტრაგიკული მოვლენები 1972 წლის 30 იანვარს დაიწყო. ადამიანის უფლებებისათვის ლონდონდერიში მოწყობილი მარში, ბრიტანეთის არმიის საპარაშუტო პოლკის მებრძოლებმა სისხლში ჩაახშეს. სროლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები აპროსტესტებდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ კანონს, რომელიც სამართალდამცავებს უფლებას აძლევდა ჩრდილოეთ ირლანდიაში ნებისმიერი პირი სასამართლოს გარეშე გაესამართლებინათ და დაუყოვნებლივ ციხეში ჩაესვათ. სისხლიანი კვირა ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც "პრობლემების" ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი. (ჩრდილოეთ ირლანდიაში მომხდარი კონფლიქტი, რომელიც "პრობლემების" სახელითაა ცნობილი 30 წელზე მეტხანს გაგრძელდა და 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1969 წელს, ბრიტანეთის ჯარები ჩრდილოეთ ირლანდიაში კონტროლის დასამყარებლად შევიდნენ). სისხლიანი კვირის დაუყოვნებლივ პასუხად - 3 დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დაღუპული 13 დემონსტრანტიდან რამდენიმე დაკრძალეს, დუბლინში, ბრიტანეთის საელჩო ცეცხლის ალში გაეხვა და განადგურდა. 1972 წლის 5 ერის ჩემპიონატი 15 იანვარს - "სისხლიან კვირამდე" 15 დღით ადრე დაიწყო. იმ დროისათვის უელსსა და ირლანდიას უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდათ და ჩემპიონატის ფავორიტებად მოიხსენიებოდნენ. გულშემატკივრებში საკმაოდ დიდი მოლოდინი იყო, თუმცა მალევე რაგბი, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, არეულობის ქარცეცხლში მოექცა. ირლანდიამ კამპანია 29 იანვარს, საფრანგეთთან, პარიზის გარეუბანში მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო. 12 თებერვალს ირლანდია "ტვიქენჰემზე" ინგლისს დაუპირისპირდა. უილი ჯონ მაკბრაიდი ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ყოფილი კაპიტანი იხსენებს, რომ ინგლისთან მატჩის წინ შეიარაღებული დაცვა ახლდა."მახსოვს, რომ ლონდონში ვიყავი და შეიარაღებული პირები მიცავდნენ. დაცვის ერთ-ერთ წევრს ვკითხე "რამდენად რეალურია ეს"? არ ვიცი და ვერც ვერასდროს გავიგებთ - მივიღე პასუხად", - იხსენებს მაკბრაიდი.ლონდონში ირლანდიამ გაიმარჯვა (12:16) სტუმრად მოპოვებული ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, ირლანდია შინ შოტლანდიასა და უელსს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ 2 თებერვალს, დუბლინში, ბრიტანეთის საელჩოს განადგურების შედეგად, შოტლანდიისა და უელსის ბანაკები ნერვიულობამ მოიცვა. 5 თებერვალს უელსისა და შოტლანდიის დაპირისპირების შემდეგ, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 35:12 დასრულდა, უელსისა და შოტლანდიის რაგბის კავშირების მაღალჩინოსნები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ გაემგზავრებოდნენ თუ არა დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ სათამაშოდ. დუბლინში პირველი ჩასვლა შოტლანდიას უწევდა. ირლანდიისა და შოტლანდიის მატჩი 26 თებერვალს იყო ჩანიშნული - მხარეები შეთანხმდნენ, რომ რასაც შოტლანდია გადაწყვეტდა, უელსიც იგივეს გაიმეორებდა.
უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ჰავბეკი - გარეთ ედვარდსი იხსენებს: "რა თქმა უნდა სპორტული თვალსაზრისით ძალიან გვინდოდა დუბლინში ჩასვლა და თამაში, მაგრამ რამდენიმე სერიოზული საკითხი გვაშფოთებდა. ჩვენთვის ძალიან რთული იყო, მხოლოდ რაგბის თამაშზე გვეფიქრა. უამრავ ჩვენგანს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა, ზოგიერთ ჩვენგანს შინ პატარა ბავშვები გველოდნენ". "უამრავ ირლანდიელ მორაგბესთან ვმეგობრობდით. მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და ინფორმაციის მიღება ვცადეთ. ვკითხეთ, რას ფიქრობდნენ - ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით". "ბევრი ირლანდიელი მეგობარი მყავდა. მოგვიანებით, როდესაც ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურზე გავემგზავრეთ მათ მითხრეს: შენ უნდა მოსულიყავი"."ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" უკანახაზელი - ჯერალდ დევისი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ დუბლინში არ წავიდოდა. დევისმა აღნიშნა, რომ ეს იქნებოდა უსამართლობა მისი ოჯახის მიმართ. ბურჯი - ბარი ლეველინი ასევე უარს ამბობდა დუბლინში წასვლაზე. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ირლანდიის გამათავისუფლებელი არმიისგან (IRA) მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. ირლანდიისა და უელსის დაპირისპირება, დუბლინში, 11 მარტს უნდა გამართულიყო. 23 თებერვალს, უელსის რაგბის კავშირში 2-საათიანი თათბირი გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ირლანდიელ კოლეგებს კიდევ ერთხელ შეხვედროდნენ. უელსელები იმედოვნებდნენ, რომ მატჩის ნეიტრალურ ლოკაციაზე ჩატარებას შეძლებდნენ, მაგრამ ირლანდიის რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თანხმობის შემთხვევაში შოტლანდიელთა მიმართ უსამართლო მოპყრობას ექნებოდა ადგილი. 27 თებერვალს, უელსისა და ირლანდიის რაგბის კავშირის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ, უელსელებმა განაცხადეს, რომ მატჩი არ შედგებოდა - ამრიგად "უელსელთა" "გრანდ სლემსა" და ირლანდიელთა საჩემპიონო ამბიციებს წერტილი დაესვა. ორმა ჩაშლილმა საშინაო შეხვედრამ ირლანდიის რაგბის კავშირს მძიმე ფინანსური დარტყმა მიაყენა. მხოლოდ გაყიდული ბილეთების შედეგად, ირლანდიას £60,000 უნდა მიეღო (დღევანდელი მონაცემებით £840,000). ფინანსური საკითხის პარალელურად, მომავალი წლის 5 ერის ჩემპიონატის გამართვასაც შეექმნა საფრთხე.
"ჩემს უკანა ტრიბუნაზე მყოფ ხალხს გადავხედე და ყველა ტიროდა. შემდეგ მივხვდი, რომ მეც ცრემლები მდიოდა. ეს იყო ისეთი ემოციური მომენტი, რომელსაც ვერ გადმოვცემ. არ ველოდით, რომ მთელი სტადიონი ამოიფრქვეოდა. ხმის საოცარი კაკაფონია - ყურებში დაუჯერებელი ხმები გვესმოდა. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მატჩის შემდეგ ყველა ლაპარაკობდა იმაზე, რაც მოხდა. მომხდარს ხალხი დღესაც იხსენებს. საუბრობენ და ამბობენ: მე იქ ვიყავი", - იხსენებს ირლანდიის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, ბილი გლინი.