18 წ. | ფინალში პორტუგალიასთან
2 წლის წინ
რაგბი
3 წთ
ბელგიამ საქართველოს აგრესიული დაცვა და სწრაფი შეტევები შესთავაზა, მაგრამ კლასში სხვაობა ექვს უპასუხო ლელოში აისახა. თამაში ჩვენი ხელდახელ იერიშებით დაიწყო, მაგრამ მე-10 წუთამდე ლელო არ გავიდა და ანგარიში პეტრე ხუციშვილმა ჯარიმით გახსნა. შემდეგ ჯერზე ჯარიმა კარში აღარ დავარტყით, მერე მათ 5-მეტრიანთან მეტოქის აუტი წამოვიღეთ, ბურთი ბოლომდე ჩათამაშდა და ლუკა სახელაშვილმა ლელო ალამთან გაიტანა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ხელდახელ შეტევები გააგრძელეს, მე-20 წუთზე დავით ხუროშვილმა ხაზი გაჭრა, მაგრამ თორნიკე კახოიძეს ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა. ერთ წუთში ლელო მაინც გავიდა – 5-მეტრიანი მოლი ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა დაასრულა და ხუციშვილმა გარდასახა.
გარკვეული დროით მეტოქემ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება და ჯერ 3 ქულა აიღო, მერე შალვა აფციაურს ყვითელი ბარათი დასტყუა, თუმცა დარტყმა არაზუსტი იყო. კაცნაკლულობის პირობებში დავით ხუროშვილმა ცენტრში სწრაფად გაათამაშა ჯარიმა და სანამ ბელგიელები გონს მოეგნენ, მარჯვენა ალამთან ლელო გაიტანა – 20:3. მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველომ ხელდახელ საკუთარი ნახევრიდან შეუტია, კახოიძემ ხაზი კარის წინ გაჭრა და ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა, რაქიდან გამოსული ბურთი კი გიგი ქურხულმა სისწრაფეში მიიღო და მას მცველი ვეღარ შეაჩერებდა. მალე მოლს ნიკა ლომიძის ლელო მოყვა, 58-ე წუთზე კი ჩვენი კიდევ ერთი ხელდახელ შეტევა ქურხულის დუბლით და ზუსტი გარდასახვით დასრულდა – 37:3. ფინალური მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება.