Belive

ვლადიმერ მამუჩაშვილი ტირასპოლის შერიფში ითამაშებს

3 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "დინამო ბათუმი" დატოვა, კარიერას ტირასპოლის "შერიფში" გააგრძელებს.

Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი მოლდოვის დედაქალაქში 13 აგვისტოს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ტირასპოლის "შერიფი" მოლდოვის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. 21-გზის ჩემპიონი გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის (443) ჩამტარებელი, ქართველი, ვაჟა თარხნიშვილია, რომელიც ამჟამად სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს. ქართველ მენეჯერთან ერთად, გუნდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სადებიუტოდ ითამაშა, ტურნირის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან, მადრიდის "რეალთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამარჯვებაც (2:1) მოახერხა და მესამე ადგილი დაიკავა. ამჯერად, "შერიფი" უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდის და სლოვენიურ ლუბლინას "ოლიმპიასთან" საწყისი მატჩი წაგებული (0:3) აქვს. საპასუხო შეხვედრა ტირასპოლში, 15 აგვისტოს გაიმართება.

26 წლის ნახევარმცველი, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია, "იბერია 1999-ს" (იმ დროს "საბურთალოს") აღზრდილია და "დინამო ბათუმში" 2018-დან 2024 წლამდე თამაშობდა, 222 მატჩში 52 გოლის გატანა და 25 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ის საქართველოს ჩემპიონი სამჯერ გახდა: ეროვნული ლიგა ჯერ "იბერიას"შემადგენლობაში, შემდეგ კი ორჯერ "დინამო ბათუმთან" ერთად მოიგო.

სხვა სტატიები