ვილი სანიოლი: "მჯერა, რომ პარალელურად განვითარებაზეც შეგვიძლია ვიზრუნოთ და კარგი შედეგებიც გვქონდეს"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩების გამართვის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას ატარებს და მოახლოებული მატჩების შესახებ საუბრობს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნაკრების ფეხბურთელები კარგ ფორმაში ვნახოთ და როგორც დაცვაში, ისე შეტევაში კარგად ითამაშონ. გვიხარია, რომ გიორგი მიქაუტაძემ ახალ გუნდში კარგად დაიწყო და გოლების გატანას ახერხებს. ვილიარეალმა მის დასამატებლად სოლიდური ინვესტიცია გაიღო და მიქაუტაძე გამართლებას იწყებს.
სწორად შენიშნეთ, რომ უკეთეს ფორმაში ვარ. გასულ პერიოდში, ხინკალს და ხაჭაპურს ნაკლებად ვეძალები და ვცდილობ ჯანმრთელობაზე ვიზრუნო. ჩემს ასაკში ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
როცა ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებთან სტუმრად შეხვედრების ჩატარება გიწევს, პროგრამა მინიმუმზე საუბარი ძნელია. ჩვენი მიზანი არ შეცვლილა, ეს ნაკრების წინსვლა და განვითარებაა, მჯერა, რომ თუ ამას მივაღწევთ, მაშინ შედეგებიც კარგი გვექნება.
ნაკრების ყველა კანდიდატს და ტალანტს ვაკვირდებით, მათ შორის ხალიდ დოლტმურზიევს. რაც შეეხება გიორგი გაგუას, მე მას შანსი ივნისში მივეცი, მაგრამ რაც დავინახე ჯერ არ იყო ის, რაც ნაკრებში თამაშისთვისაა საჭირო. ნაკრებში თამაში განსაკუთრებული პრივილეგია და პასუხისმგებლობაა და ფეხბურთელებმა ეს უნდა გაიაზრონ.
შესაძლებელია, რომ პარალელურად, განვითარებაზეც იზრუნო და თან კარგი შედეგებიც აჩვენო. ასეთ ნაკრებებთან შეხვედრა მშვენიერი შესაძლებლობაა საკუთარი დონის განსაზღვრისთვის. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოს ნაკრები ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდეს.
ოთარ კიტეიშვილის მნიშვნელობას ნაკრებისთვის ყოველთვის ხაზს ვუსვამ. მჯერა, რომ ევროპა ლიგაზე უახლოესი მატჩი მას მეტ თავდაჯერებას შესძენს და ნაკრებს ძალიან დაეხმარება.
გიორგი ჩაკვეტაძეს 7 თვეა ფეხბურთი არ უთამაშია და რა ინფორმაციაც გვაქვს, რთულ პერიოდს გადის, მაგრამ გვჯერა მისი პროფესიონალიზმის და იმედი გვაქვს, რომ 2026 წლის მარტში ის ჩვენს დახმარებას მოახერხებს. - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ესპანეთს, ხოლო 14 რიცხვში თურქეთს სტუმრად შეხვდება.