უდიდესი ეპოქის დასასრული | ლაშა გუჯეჯიანმა თანამდებობა დატოვა
ქართული ძიუდოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა დასრულდა - ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
2019 წლიდან დღემდე, მისი ხელმძღვანელობით ქართულმა ძიუდომ უპრეცედენტო მწვერვალები დაიპყრო: ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 4 ფინალი და ოლიმპიური ოქროს მედლები, ისტორიაში პირველად მოპოვებული მსოფლიოს გუნდური ჩემპიონობა, და უამრავი ინდივიდუალური ევროპული თუ მსოფლიო ტიტული. გუჯეჯიანი ნაკრებს სათავეში ურთულეს პერიოდში ჩაუდგა და გუნდი მსოფლიო დომინანტ ძალად აქცია.
გამოქვეყნებულ გამოსამშვიდობებელ განცხადებაში ლაშა გუჯეჯიანმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა, თუმცა იგრძნო, რომ საქმისადმი საჭირო მოტივაცია აღარ ჰქონდა.
"მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ ძიუდოისტს... ერთად მოვიპოვეთ მედლები და არაერთხელ ავაფრიალეთ საქართველოს დროშა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ტატამებზე. ეს მოგონებები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იქნება. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის დავრჩები ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ გულშემატკივრად.“ - ლაშა გუჯეჯიანი
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ ერთი ეტაპის დასასრულია და მომავალში ქართულ ძიუდოს კვლავ დაეხმარება.
ლაშა გუჯეჯიანის წასვლა უდიდესი დანაკლისია, თუმცა მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, გამარჯვებულის მენტალიტეტი და ისტორიული შედეგები სამუდამოდ ჩაეწერება ქართული სპორტში ოქროს ასოებით. ქართველმა სპეციალისტმა დაამტკიცა, რომ სწორი ტაქტიკით, დისციპლინითა და საქმისადმი უზომო სიყვარულით შესაძლებელია მსოფლიო ძიუდოს სათავეში უპირობოდ დგომა.