Belive

U20 ბორჯღალოსნები თბილისში სამხრეთ აფრიკას შეერკინებიან

10 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

თებერვლის ბოლოს საქართველოს სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები ეწვევა და უმცროს ბორჯღალოსნებთან ორ ტესტ-მატჩს გამართავს.

ლადო კილასონიას შეგირდები, რომლებიც ზაფხულში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, აფრიკელ თანატოლებს 23 თებერვალს “ავჭალაზე” 16 საათზე, ხოლო 28 თებერვალს “ლელო არენაზე” 15 საათზე ერკინებიან.

წინა ორმა მოსამზადებელმა ეტაპმა ისე ჩაიარა, რომ მხოლოდ ზაფხულის დასაწყისში, ზედ ჩემპიონატის წინ გვქონდა თამაშები, ახლა კი ამის საშუალება თებერვალშიც გვექნება და ეს ძალიან მაგარი სიახლეა.

სამხრეთ აფრიკელების სტუმრობა სრულადაა მორგებული ჩვენი ლეგიონერების დასვენების გრაფიკზე და ეს კიდევ ერთი კარგი სიახლეა. თებერვლის ბოლოს საფრანგეთის ესპუარების ჩემპიონატში დასვენებაა და თუ ყველაფერი კარგად იქნება, აფრიკელებთან არც ლეგიონერების დიდ ნაწილს მოვისაკლისებთ. ეს თამაშები იქნება ადრეული წინგადადგმული ნაბიჯი დიდი მოსამზადებელი შეკრების წინ - ლადო კილასონია

20-წლამდელების ჩემპიონატისთვის სასელექციო პროცესი ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო და ამჟამად გაფართოებულ ჯგუფში 60-70 მოთამაშეა.

აპრილის დასაწყისში ვიწყებთ დიდ შეკრებას, რომელიც ივნისამდე გასტანს. ამ პერიოდში გვექნება ერთობლივი ვარჯიშები ‘შავ ლომთან’ და გაზაფხულის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ვგეგმავთ ტესტ-მატჩებს, რომლებთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. - ლადო კილასონია

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროს ბორჯღალოსნებს სამხრეთ აფრიკასთან აქამდე 4-ჯერ უთამაშიათ და ყველა ჯერზე გამარჯვება მოწინააღმდეგეს დარჩა.