Belive

თემურ ქეცბაია: "შედეგზე მთავარი პასუხისმგებლობა მე მეკისრება"

11 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიეტუვურ ვილნიუსის ჟალგირისთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ (2:7) მედიის წარმომადგენლებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე შეხვდა.

გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა, გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებიც დააანონსა.

"ასეთ ფორმატში ამ მატჩზე საუბარი შეიძლება ცოტა დაგვიანებულიც კი არის, მაგრამ მესმის თქვენი, რომ ეს საუბარი ვილნიუსში უნდა შემდგარიყო და არა თბილისში ამდენი ხნის შემდეგ. ის რაც მოხდა, მიუღებელია ყველასთვის, ფეხბურთელებისთვის, ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის, გულშემატკივრების და მთელი საქართველოსთვის. მიზეზი ბევრია იმის, თუ სადამდეც მოვედით. ყველაფერი უნდა აღინიშნოს, სამწუხაროდ, ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებული ვითარებაც და ჩვენი სამზადისიც პრობლემატური იყო. სამწუხაროდ სათანადოდ მომზადება ვერ შევძელით.

მე როგორც მწვრთნელი, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მიღებულ შედეგზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მე მეკისირება.

გიორგი ლორიასთან დაკავშირებით, არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. ის გუნდიდან არ წასულა. ეს ტყუილია. ჩვენ ვისაუბრეთ და ვუთხარი: "ამ დღის შემდეგ მე შენ საწმუხაროდ, პირველ მეკარედ არ განგიხილავ, მეტი შანსი აღარ მოგეცემა. დანარჩენთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან ისაუბრე და გადაწყვეტილება მიიღეთ".

ქართული საკლუბო ფეხბურთი რეიტინგში უკანასკნელ პოზიციებს იკავებს, მაშინ როცა ბევრი არასაფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელი წარმატებით თამაშობს. ეს სიტუაციას კიდევ უფრო სავალალოს ხდის.

ერთადერთი გამოსავალი, რომელიც როგორც მწვრთნელს მატჩის მიმდინარეობისას მქონდა, იყო ის, რომ მოედანზე შევვარდნილიყავი და მატჩი ჩამეშალა. სხვა გამოსავალი არ მქონდა.

ბევრჯერ გვისაუბრია ქართული ფეხბურთის ნიჭიერებაზე, მაგრამ მხოლოდ ნიჭი მატჩის მოსაგებად საკმარისი არ არის. ფიზიკური მომზადება, თავდადება, ძალიან მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ ჩვენ ეს ვერ შევძელით. მე მჯერა, რომ უკეთესი გუნდი ვიყავით და საწყის მატჩში 3-ზე მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით.

3 თვეა რაც დინამო თბილისში ვმუშაობ და ამდენი ხანია ვამბობ, რომ მოდით, სტადიონზე იარეთ, ქართულ ფეხბურთს გვერდით დაუდექით და 2 ათასი ადამიანის მოგროვება ვერ შევძელით. პარალელურად კი ჩასაფრებული ადამიანები მსგავს მომენტს ელოდებიან, რომ ქართული ფეხბურთი მიწასთან გაასწორონ. რამდენი გულშემატკივარიც ჟალგირისს ტრიბუნებზე ჰყავდა, ჩვენ რომ ასეთი მხარდაჭერა გვქონოდა, ალბათ გამარჯვებას შევძლებდით. მატჩის შემდეგ მილიონნახევარი ადამიანი გვლანძღავდა, მაგრამ ამ ხალხის 1% ტრიბუნაზე რომ დადიოდეს, უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ქვეყანა ბოღმაში, შურში და ღვარძლშია ჩარჩენილი და ეს ფეხბურთზეც აისახება.

მატჩის შემდეგ მე ბევრი ვიფიქრე, შეიძლება სახლშიც წავსულიყავი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ არ მივიღე, რომ გუნდი სეზონის წინ არ ჩამიბარებია და არ მინდა აღებული პასუხისმგებლობა შუაში მივატოვო.

რომან ფიფიას ასეულობით მილიონი აქვს ჩადებული დინამო თბილისის განვითარებისთვის. შეგიძლიათ ნახოთ ბაზა და ინფრასტრუქტურა, რომელიც გაკეთდა და ის პირობები, რომელიც გუნდს აქვს. ამ ადამიანის კრიტიკის ნაცვლად, მსგავს ფიგურებს უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფეხბურთში თანხის დაბანდება გადაწყვიტონ.

თუ ამ შედეგზე ვინმეა პასუხისმგებელი, ეს მე ვარ. მსგავს სიტუაციაში მე პირველად მოვხვდი, მაგრამ ყველას გვიწევს რაღაცების პირველად გამოცდა. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, არის ის, რომ გუნდს ჩემპიონობის შანსი აქვს. სეზონი რომ დასრულდება, შემდეგ დავსხდებით და მოვილაპარაკებთ, თუ რა იქნება შემდეგ.

მე იმ გუნდში დავბრუნდი, რომელმაც ყველაფერი მომცა ცხოვრებაში. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, აქ დაიწყო.

მათე ვაწაძესთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. მსგავსი გამოცდილი ფეხბურთელი უფრო მეტი უნდა გვყოლოდა. თორნიკე კვარაცხელიას, კობა კაკაშვილს და მსგავსი ასაკის პატარა ფეხბურთელებს სრულ პასუხისმგებლობას ვერ ავკიდებთ.

ჩვენი ურთიერთობა გუნდის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგია. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და გვინდა, რომ ამ გუნდისთვის რაღაც კარგი გავაკეთოთ. ეს ის გუნდია, რომელმაც ევროპული თასი მოიგო. მსოფლიოში ასიათასობით გუნდია, მაგრამ მათ არ აქვთ ის გაკეთებული, რაც დინამო თბილისს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ამ კლუბის მაისურის ტარება უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა ყველა გუნდის. შესაბამისად, ქართველმაც და უცხოელმა ფეხბურთელმაც ეს უფრო მეტად უნდა გააცნობიერონ.

სიმართლე გითხრათ, მე რომ მოვედი აქ იმასაც არ ველოდი, ახლა, 3 თვის შემდეგ თუ ასეთ სიტუაციაში ვიქნებოდით, გუნდი, რომელიც მერვე ადგილზე ჩავიბარეთ ახლა მესამე ადგილზეა და ჩემპიობობისთვის იბრძვის. სამწუხაროდ, ერთმა მატჩმა ყველა პროგრესი გადაფარა. მე, როგორც დინამო თბილისის ვეტერანი ფეხბურთელი ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად განვიცდი.

ძნელია ამხელა მარცხის შემდეგ ვითარების გამოსწორება. არც მე და არც დანარჩენ გუნდის წევრებს ამ მატჩის შემდეგ ნორმალურად არ გვიძინია. ყველაფერს ხაზი არ უნდა გადავუსვათ და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ.

ფეხბურთელები, რომლებიც მოვიყვანეთ, მთელი თვე შვებულებაში იყვნენ და მათი ნორმალურად მომზადება ვერ შევძელით და რეალურად ეს უშუალოდ მატჩების დროს მოხდა.

გიორგი ლორია დინამო თბილისის, საქართველოს ნაკრების და ქართული ფეხბურთის ბრწყინვალე წარსულია, მაგრამ ის მომავალი არ არის. შანსი ახალგაზრდებს უნდა მივცეთ. მან თავისი გასაკეთებელი ბევრზე უკეთ გააკეთა. 40 წლის მეკარე ან საუკეთესო უნდა იყოს ან მესამე თავის პოზიცაზე და ეხმარებოდეს ახალგაზრდებს განვითარებაში" - ამბობს თემურ ქეცბაია.

დინამო თბილისი საქართველოს ეროვნულ ლიგაში 19 ტურის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს და შემდეგი მატჩი 9 აგვისტოს, სპაერთან უნდა გამართოს. მატჩი 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები