Belive

თემურ ქეცბაია: "კვიპროსული ფეხბურთის მმართველებმა საკუთარ თავს შეკითხვები უნდა დაუსვან"

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ ტურში, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის, თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი კვიპროსის ეროვნული გუნდი ნორვეგიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ ქართველმა სპეციალისტმა კვიპროსულ ფეხბურთში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

 

"კიდევ ერთი რთული მატჩი გველოდება გუნდთან, რომელიც გვეგონა, რომ საუკეთესოთა შორის მოხვდებოდა.

უფრო მეტი უნდა გავიღოთ. ჯერჯერობით მხოლოდ ერთ მატჩში მოვახერხეთ სათანადო დონეზე თამაში. დანარჩენში ჩვენ არ ვიყავით ისეთი გუნდი, როგორიც გვსურდა, რომ ვყოფილიყავით.

სახლში ვთამაშობთ და ბევრი ხალხი მოვა. პოზიტიურია, რადგან პირველად გვეყოლება გვერდით ამდენი ხალხი. ნორვეგია კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენც კარგი გუნდი ვართ, კარგი ფეხბურთელები გვყავს და ვეცდებით შედეგის მიღწევას.

ჩვენ არ ვართ იმ გუნდების დონეზე, როგორიც ნორვეგია და შოტლანდიაა. დიახ, ჩვენ არ ვართ. იმ ხალხმა, ვინც კვიპროსულ ფეხბურთს მართავს, უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, რატომ არ ვართ იქ სადაც გვსურს რომ ვიყოთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა დავაშავეთ, რა არის ჩვენი გეგმა, როგორია ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფია და ა.შ.? თუ ამას არ გავაკეთებთ, არაფერ სიახლეს უახლოეს წლებში არ უნდა ველოდოთ. თუ ჩვენ ერთ დონეზე ვართ და არაფერი იცვლება, მაშინ ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

როცა ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში მოსვლა არ უნდა, მაშინ რატომ უნდა მოვიდეს კვიპროსელი გულშემატკივარი სტადიონზე გუნდის მხარდასაჭერად? ყველაზე სავარაუდო სცენარი არის ის, რომ რამდენიმე წლის შემდეგაც ვიტყვით და განვიხილავთ ერთსა და იმავეს", - თქვა თემურ ქეცბაიამ.

კვიპროსისა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი ლარნაკაში, "აეკის" სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები