ტატო გრიგალაშვილი Vs. მატიას კასე - ყველაფერი, რაც ფინალის შესახებ უნდა იცოდეთ
7 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მონაწილეობს.
10 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან 81 კგ, ქალებიდან კი 63 კგ წონითი კატეგორიები ასპარეზობდნენ, შესაბამისად საქართველოს დროშის ქვეშ - მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა - ტატო გრიგალაშვილმა იასპარეზა.
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც კარგად ნაცნობ ბელგიელ მეტოქეს - მატიას კასეს დაუპირისპირდება და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მოპოვებას ზედიზედ მეორედ შეეცდება.
ტატო გრიგალაშვილის გზა ფინალამდე
ტატომ პირველ ეტაპზე მაროკოელი მეტოქე - აჩრაფ მოუტი დაამარცხა. 1/8-ფინალში კი ტაჯიკ - შოდმონ რიზოევს აჯობა. 1/4-ფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჩიდ ბორჩაშვილს სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც კორეელი მეტოქე 30 წამში ორი ვაზარით დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
მატიას კასეს გზა ფინალამდე
ტატო გრიგალაშვილისგან განსხვავებით, მატიას კასეს ბევრად უფრო მარტივი ბადე ჰქონდა.
კასემ პირველ ეტაპზე იტალიელი - ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა. 1/8-ფინალში დომონიკის რესპუბლიკის წარმომადგენელს სძლია, 1/4-ფინალში კი ატილა უნგვარს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ისრაელის წარმომადგენელი - საგი მუკი დაამარცხა.
ურთიერთშეხვედრები
ტატო გრიგალაშვილი და ბელგიელი - მატიას კასე, ერთმანეთს მეექვსედ შეხვდებიან. აქამდე მათ ერთმანეთის პირისპირ 5-ჯერ იბრძოლეს, საიდანაც 3-ჯერ ტატო გრიგალაშვილმა გაიმარჯავა, 2-ჯერ გამარჯვებული კი მატიას კასე გახდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2022 წელს, ტატო გრიგალაშივლმა მატიას კასე, ჯერ ევროპის ჩემპიონატის, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა.