Belive

შოტლანდიური მედია: "აზაროვის ტრანსფერი სელტიკისთვის აუცილებელია"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის შესახებ შოტლანდიურ მედიაში საინტერესო სტატია ქვეყნდება. კონკრეტულად, გასული პერიოდის განმავლობაში, გლაზგოს "სელტიკის" მხრიდან 22 წლის ქართველი ფეხბურთელის მისამართით ინტერესზე საუბარი ხშირია. ამჯერად, ანალიტიკურ სტატიაში, სათაურით: "ვინ არის ირაკლი აზაროვი და რას შესძენს ის "სელტიკს"?, განხილულია ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობები და ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტრანსფერის განხორციელება შოტლანდიური გრანდისთვის.

"სელტიკმა" პრემიერშიფის კიდევ ერთი ტიტული მოიგო, მაგრამ გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ახალი სეზონისთვის მზადება და სატრანსფერო აქტიურობა უკვე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში მინიმუმ სამი-ოთხი ახალი მოთამაშის დამატებას აპირებს და გუნდის ერთ-ერთი სამიზნე დონეცკის "შახტარის" მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვია.

22 წლის ფეხბურთელისთვის "შახტარში" გასული სეზონი სადებიუტო იყო, მაგრამ 32 მატჩში გაკეთებული 4 საგოლე პასით თავი შთამბეჭდავად და ღირსეულად წარმოაჩინა. მისი კონტრაქტი უკრაინულ გუნდთან კიდევ 4 წლით მოქმედია, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 3.5 მილიონი ევროა.

ირაკლი აზაროვის ტრანსფერი "სელტიკისთვის" აუცილებელია?

ამ სეზონში გრეგ ტეილორი ერთადერთი მარცხენა მცველია "სელტიკის" შემადგენლობაში, მაგრამ ისინი ადამ მონტოგომერის იჯარიდან დაიბრუნებენ. მონტგომერიმ ამ სეზონში პრემიერლიგის მხოლოდ სამ მატჩში ითამაშა, ამიტომ ბრენდან როჯერსისთვის ისეთი ფეხბურთელის ტრანსფერი, როგორიც ირაკლი აზაროვია, ძალიან საჭირო იქნება.

ასევე, "სელტიკი" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იქნება და რადგან აზაროვმა ამ სეზონში ამ ტურნირზეც ითამაშა და ევროპა ლიგაზეც, მისი ტრანსფერი როჯერსისთვის იდეალური შენაძენი იქნება", - წერს thefootballfanbase.

22 წლის ასაკში, ირაკლი აზაროვს უკვე 3-ჯერ საქართველოს, თითო-თითოჯერ კი სერბეთისა და უკრაინის ჩემპიონობა და ამ ორი ქვეყნის თასი აქვს მოგებული. დონეცკის "შახტარში" 2023 წლის ზაფხულში ტრანსფერის შემდეგ, მან 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა (მათ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონასთან").

გლაზგოს "სეკტიკი", რომლის მთავარი მწვრთნელიც ბრენდან როჯერსი გახლავთ, შოტლანდიის 54-გზის ჩემპიონია. "მწვანეებმა" თავისი ქვეყნის თასი სარეკორდოდ, 41-ჯერ მოიგეს და 21 გათამაშებაში სუპერ თასსაც დაეუფლნენ. მათ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ერთხელ ტრიუმფიც მოახერხეს.

სხვა სტატიები