Belive

"საოცარი მოგზაურობა გავიარეთ, საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით" - გურამ კაშია სლოვანს ტოვებს

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ამ სეზონის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანი, გურამ კაშია ბრატისლავის სლოვანს დატოვებს. ამის შესახებ მან სლოავკეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ვიდეოში ისაუბრა.

"ლეგენდა, პიროვნება, ლიდერი, მაგალითი: ეს არის მხოლოდ იმ ეპითეტების მცირე ჩამონათვალი, რომლებითაც შეგვიძლია აღვწეროთ გურამ კაშიას ხუთწლიანი მოღვაწეობა ჩვენს კლუბში.

მისი, როგორც სლოვანის ფეხბურთელის თავი ამ სეზონის შემდეგ დასრულდება, თუმცა კვალი, რომელიც მან სლოვაკეთის ყველაზე წარმატებულ გუნდში დატოვა, წარუშლელი იქნება. "ტეჰელნე პოლეზე“ მისთვის კარი ყოველთვის ღია დარჩება. გურამი ჩვენგან დიდ მადლობას იმსახურებს, დღესაც და შაბათსაც, სეზონის დასკვნით მატჩზე დაგეგმილ ოფიციალურ გამომშვიდობებაზე.

თითქმის 200 მატჩი, ხუთი საჩემპიონო ტიტული, გასვლა ჩემპიონთა ლიგაზე, კონფერენს ლიგის მერვედფინალი და ნიკე ლიგის სიმბოლურ გუნდებში მოხვედრა.

ის, რასაც გურამ კაშიამ სლოვაკეთის ყველაზე წარმატებული გუნდის მაისურით მიაღწია, თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. თუმცა, მიღწევებისა და ციფრების მიღმა არის კიდევ რაღაც სხვა, უფრო ძლიერი: ეს არის საოცარი პროფესიონალიზმი, პიროვნული თვისებები და ლიდერული უნარები, რომლებიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჩვენს გასახდელში შემოიტანა", - წერს სლოვანის გვერდი.

გურამ კაშიამ სლოვანის გულშემატკივრებს მიმართა:

"მოგესალმებით ყველას. აი, დადგა ჩემი წასვლის დროც. მინდა დაგემშვიდობოთ. ეს იყო ხუთი საოცარი წელი. მინდა ვისაუბრო ჩემს აქაურ მოგზაურობაზე, რომელიც გასულ ხუთ წელს მოიცავს. ეს დაუჯერებელი იყო. ამდენი წარმატება და ამდენი დიდებული მომენტი შევქმენით ერთად. უბრალოდ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და დაგემშვიდობოთ.

მადლობა ყველას: მწვრთნელებს, ყველა იმ ფეხბურთელს, ვინც ამ ხუთი წლის განმავლობაში ჩემთან ერთად თამაშობდა და რა თქმა უნდა, თქვენ, გულშემატკივრებს. დიდი მადლობა.

ჩვენ უამრავი კარგი მოგონება შევქმენით. იცით, თუნდაც გასულ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა... მატჩი მიდტიულანდის პირისპირ ჩემი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახლდათ. და არ ვიცი... გოლი ტრნავასთან. მე ვიცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამ ორთაბრძოლას.

ევროთასებზე იმდენი კარგი მოგონება დაგვიგროვდა, ახლა რომ დავიწყოთ მათი ჩამოთვლა, ძალიან დიდხანს გასტანს. ბევრი სასიამოვნო მომენტი შევქმენი და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მოგონებებისთვის. ეს იყო შესანიშნავი გზა.

მადლობა ჩვენს მწვრთნელებს, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში ჩემ გვერდით იყვნენ. თქვენგან ბევრი რამ ვისწავლე. ვიცი, რომ ჩემთან მუშაობა ხანდახან არ იყო მარტივი, მაგრამ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ. მადლობა ყველა მოთამაშეს, ვინც ჩემთან ერთად იყო.

დიდი მადლობა ყველას. ეს იყო დიდი მოგზაურობა, რომელიც ერთად გავიარეთ. განსაკუთრებით ისეთ ფეხბურთელებთან, როგორიცაა ჯაბა კანკავა, ვლადიმირ ვაისი, რობერტ მაკი. ეს გამოცდილი ჯგუფი ყოველთვის ერთად ვიყავით და ერთმანეთს მხარში ვედექით. რა საოცარი გზა გამოვიარეთ.

ძალიან ვამაყობ იმით, რასაც აქ მივაღწიე. ვამაყობ იმით, რომ ვხედავ კლუბის ასეთ პროგრესს ამ ხუთი წლის განმავლობაში. ხუთი საჩემპიონო ტიტული და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, ეს ისტორიაში დარჩება. მადლობა ამისთვის. და... საუკეთესო სურვილებით, წარმატებებს გისურვებთ!" - ამბობს 38 წლის მცველი.

გურამ კაშიამ სლოვანის შემადგენლობაში 191 მატჩში 15 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მან სლოვანის შემადგენლობაში ზედიზედ 5-ჯერ სლოვაკეთის ჩემპიონატი მოიგო და კონფერენს, ევროპა და ჩემპიონთა ლიგების ძირითად ბადეში ითამაშა.