Belive

რეზი თავართქილაძე: "გზაზე, რომელსაც კალათბურთი ჰქვია, კობი ბრაიანტმა დამაყენა"

9 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

რეზი თავართქილაძემ ჩეხეთში, Get Better Academy-ში, 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აკადემიამ, 7 წლის განმავლობაში 60 მოთამაშე გაუშვა NCAA -ში (ამერიკის კოლეჯის ლიგა) და 15 მოთამაშე პროფესიონალურ დონეზე ევროპაში.

Get Better Academy უმეტესად მუშაობს მოთამაშეების განვითარებასა და ამერიკაში სრული დაფინანსებით გაშვებაზე.

ჩვენი რესპოდენტი კალათბურთით დაინტერესების, აკადემიაში მოხვედრისა და სამომავლო მიზნების შესახებ გვესაუბრა.

კალათბურთზე პირველად 10 წლის ასაკში გავიგე, მაშინ როცა ბიძაჩემის კომპიუტერიდან YouTube-ზე კობი ბრაიანტის თამაშს ვუყურე. მაგ დღის შემდეგ, კალათბურთი უბრალოდ კი არ შემიყვარდა, გადავირიე კალათბურთზე. შეყვარებით - ბიძაჩემმა შემაყვარა, მაგრამ გზაზე, რომელსაც კალათბურთი ჰქვია, კობი ბრაიანტმა დამაყენა. ჩემი მუდმივი მისაბაძი მაგალითი, სწორედ ისაა. პატარაობიდან მინდოდა, რომ კობი ბრაიანტის მსგავსი, ან მასზე უკეთესი კალათბურთელი ვყოფილიყავი.

რაც შეეხება ჩეხეთში, ჩემს ერთწლიან კონტრაქტს. პირველ რიგში, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო თსუ-ს აკადემიას, ჩემს მწვრთნელს - ნუგზარ ჭეიშვილს და თეა კომლაძეს.  ნუგზარი მასწავლებლის გარეშე, ვერაფერს მივაღწევდი. კალათბურთის გზაზე ძალიან დამეხმარა ეს ორი ადამიანი.  

გარდა ამისა, ლევან ბაბილოძის გარეშე ეს ყველაფერი ვერ გამომივიდოდა, ყველაფერი სცადა რომ მოვხვედრილიყავი ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო აკადემიაში და გამოუვიდა.

აკადემიამ მითხრა, რომ პირველ ეტაპზე, დაინტერესდნენ ჩემი სიმაღლით, არ არის ბევრი კალათბურთელი, 1.96 სმის სიმაღლით, რომელთაც ჩემსავით შეუძლიათ ბურთის ტარება და სროლა.

დაცვაშიც არ ჩამოვუვარდები არავის, ყველაზე მნიშვნელოვან ბურთს მე ვაფარებ, თუმცა, ბურთის სროლის დროს განსაკუთრებით ყველა მე მეძებს. სწორედ ამიტომ დაინტერესდნენ, შემდეგ დონეზე როგორი კალათბურთელი ვიქნებოდი.

ჩემი აზრით, რომ ვამბობ კობი ბრაიანტი ჩემი კუმირია-მეთქი,  ეგრეცაა, თუმცა უფრო ევროპული კალათბურთი მომწონს: უფრო ენერგიული, მოქნილი, მეტად აგრესიული და გამოხატულად  გუნდური.

ევროპული კალათბურთი, სამწუხაროდ არ არის NBA-ს დონეზე, NBA თამაშის დროს შოუს დგამს, მაგრამ მე ევროპული კალათბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ.

რაც შეეხება, საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას. პატარაა საქართველო, მაგრამ მონდომებითა და ბრძოლისუნარიანობით არავის ჩამოუვარდება, სწორედ ამიტომ, მეამაყება რომ ქართველი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას არ ველოდებოდი, ბიჭებმა ყველაფერი ქნეს ამისთვის. წელს პირველად შევხვდებით ყველაზე ძლიერ და განვითარებულ გუნდებს. მგონია, რომ ამ მონდომებით, ყველაფერი გამოგვივა, მაგრამ ბერძნებთან, სერბებთან, ესპანელებთან  და ა.შ, საკმაოდ გაგვიჭირდება და მზად უნდა ვიყოთ, მენტალურადაც და ფიზიკურადაც.

მწამს, რომ რამდენიმე წელიწადში, ეროვნულ ნაკრებთან ერთად პირველი ადგილისთვის მეც ვიბრძოლებ, მინდა ვასახელო ჩვენი ქვეყანა.

მანამდე კი მინდა, რომ NBA-ში მოვხვდე, ჩემმა გვარმა- თავართქილაძემ მასიურად გაიჟღეროს. ოჯახი მინდა რომ ვასახელო. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და ყოველდღიურად ბევრს ვშრომობ მიზნების მისაღწევად. სწორედ ამ შრომაზე დაყრდნობით, მაქვს ამბიცია, რომ ყველაფერი გამომივა, ამიტომ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ:  რამდენიმე წელიწადში ეკრანებიდანაც გაიგებთ ჩემს სახელს და გვარს -  რეზი თავართქილაძეს.

 

 

სხვა სტატიები