Belive

რამაზ სვანაძე: "კმაყოფილი ვარ პროგრესით - შემდეგ წელს სრულიად სხვა გუნდი ვიქნებით"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა შვედ თანატოლებთან ფრედ - 0:0 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გააკეთა.

"დაძაბული შეხვედრა იყო - ველოდით კიდეც. შვედეთი ძალიან კარგი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის თამაში, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ. ამაზე გასახდელშიც გვქონდა საუბარი.

დასანანია, რომ საკმაო რაოდენობის მომენტები ვერ გამოვიყენეთ. არამხოლოდ ამ მატჩში, ნიდერლანდელებთან შეხვედრაშიც ბევრი ეპიზოდის რეალიზება ვერ შევძელით. ამ მიმართულებით აშკარად სამუშაო გვაქვს და ეს თავად ბიჭებმაც იციან.

ის რაც დაგეგმილი გვქონდა, როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში, შევასრულეთ. სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ ეს ის გზაა, რომელსაც ახალ თაობასთან ერთად გავდივართ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენი საწყისები კარგია და თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებთ.

მიმდინარე წელს ერთი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ და იქაც მაქსიმალური მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი წლიდან სულ სხვა გუნდი ვიქნებით, რადგან შეთამაშების ხარისხი გაიზრდება და ამავე დროს, დაგვემატება ის რამდენიმე ფეხბურთელი, განსაკუთრებით კი თავდამსხმელი, რომელიც ძალიან გვჭირდება", - თქვა რამაზ სვანაძემ.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს დაგროვებული და ჯგუფში მეორე-მესამე პოზიციას სწორედ შვედეთის ნაკრებთან ერთად ინაწილებს. შემდეგ მატჩს ქართველი ახალგაზრდები 16 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავენ.

სხვა სტატიები