საქართველოს რაგბის კავშირსა და სპორტულ პორტალ Live.ge-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტი ქართული რაგბის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით, ბავშვთა რაგბის სრულფასოვან გაშუქებას გულისხმობს. პროექტის მთავარი მიზანია, მომავალ თაობას რაგბისადმი ინტერესი გაუჩინოს და შედეგად, სპორტის ამ სახეობით მეტი ბავშვი დაკავდეს.
მიზნის მისაღწევად, სრულფასოვნად გაშუქდება სარაგბო ფესტივალები, სხვადასხვა კლუბების აკადემიები, საბავშვო სამოყვარულო კლუბები, ცალკეული საინტერესო ისტორიის მქონე მორაგბეები, მწვრთნელები, რაგბის კავშირის მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტები, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა.
"დღეს მედიაპლატფორმა Live.ge-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ისინი ოფიციალური მხარდამჭერები ხდებიან ბავშვთა რაგბის განვითარების კუთხით. მადლობა მათ თანადგომისთვის. დარწმუნებული ვარ ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება" – თქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გოგებაშვილმა.
"ძალიან მოხარული ვართ ამ თანამშრომლობით. რაგბი საქართველოში ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტის სახეობაა და შესაბამისად, ამ ყველაფრის საფუძველის, ბავშვთა რაგბის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ ეს მემორანდუმი ბევრ სასიკეთო საქმეს მოემსახურება", – აღნიშნა Live.ge-ის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი დოლიძემ.