Belive

კარტინგის ქართველი პილოტი - ნინა აფციაური

1 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ

ჩვენი რუბრიკის ,, ახალი თაობის’’ დღევანდელი სტუმარი, 14 წლის  ნინა აფციაურია. მისი ისტორიით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც მისი ასაკისთვის და არა მხოლოდ, ქართული რეალობისთვის საკმაოდ განსხვავებულ სპორტის სახეობაზე გავიგეთ.

აღმოჩნდა, რომ ნინა უკვე რამდენიმე წელია კარტინგით არის დაინტერესებული, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე მიყვება. გარდა ამისა, ჰობად არჩეულ ცხენზე ჯირითსაც, პროფესიონალურ დონეზე ეუფლება.

ჩემი მეგობრები ხშირად იხდიდნენ დაბადების დღეებს კარტინგ ცენტრებში, რომელშიც მონაწილეობის დროს, მივხვდი რომ მინდოდა ამ სპორტის პროფესიონალურ დონეზე დაუფლება. 7წლის ვიყავი, როცა მამაჩემს ვთხოვე, რომ შევეყვანე კარტინგზე და მას შემდეგ აქტიურად მივყვები.

წელს, პირველი შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, გერმანიის ქალაქ ამპფინგში გაიმართა. რამდენიმე დღიანი მომზადების შემდეგ, პირველ ეტაპზე, ჩემს კლასში პირველი ადგილი ავიღე, ხოლო საერთო ჯამში, 14 მონაწილიდან,მე-6 ადგილზე გავედი. ივნისში გამართულ შეჯიბრში, ჩემს კლასშიც და მონაწილეთა შორისაც, პირველი ადგილი დავიკავე, ხოლო გერმანიის ქალაქ ვაკერსდორფში გამართულ მესამე ეტაპზე, ჩემს კლასში მეორე, ხოლო საერთო ჯამში მესამე ადგილით დავასრულე ასპარეზობა.

შემდეგი გამოცდილება იყო უკვე ჩებში გამართული ასპარეზობა, რომლის დროსაც, პირველ შეჯიბრზე პირველი ადგილი ავიღე. თუმცა შემდეგ ეტაპზე, კარტინგს შეექმნა პრობლემა, რის გამოც, რამდენიმე წრის შემდეგ, გამოვეთიშე ასპარეზობას.  სასიხარულოა, რომ კვალიფიკაციასა და პირველ შეჯიბრში პირველი ადგილის გათვალისწინებით, მსაჯების გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი დავიკავე.

რაც შეეხება ცხენოსნობას. სპორტის ამ სახეობით, 5 წლის ასაკში დავინტერესდი. მიხარია, რომ მამაჩემი არის ის ადამიანი, რომელიც ჩემს გატაცებებს აუცილებლად ითვალისწინებს და ცდილობს, მუდმივად მხარში მედგეს. სწორედ მისი დახმარებით, უკვე 9 წელია რაც სპორტის ამ სახეობას ვეუფლები, აქედან ბოლო 4 წელია, რაც უკვე სპორტულ ცხენზე ვჯირითობ და პროფესიონალი მწვრთნელების ჩართულობით, ერთი წელია შეჯიბრებში ვიღებ მონაწილეობას.  

განსხვავება კარტინგსა და ცხენოსნობას შორის, არც ისე დიდია.  შეჯიბრების დროს, სრულად გამართული კარტინგი, შესაძლოა უეცრად გამოვიდეს მწყობრიდან. გარდა ამისა, სასურველი შედეგის მიღების დროს, უამრავი ადამიანური შეცდომის დაშვების ალბათობაა: შეიძლება გაზიდან მალე აიღო ფეხი და ტორმუზს დააწვე, რაც განელებს, ან მოსახვევში ცუდად შეხვიდე, რაც მოგასრიალებს. ცხენოსნობის დროსაც, ადამიანი მართავს 95%ით ცხენს, დანარჩენი 5% უკვე თავად ცხენზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში ხშირია შეცდომები, მაგრამ მუდმივი ვარჯიშითა და მწვრთნელების დახმარებით, ვცდილობ გამოვასწორო.

თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება, ამ დროსაც Play Station-ზე მეგობრებთან ერთად  F1-ს ვთამაშობ, თუმცა დასვენებისთვის განსაზღვრულ დროს, ძირითადად ცხენებთან ვატარებ, რადგან მათთან ერთად ყოფნა მამშვიდებს და კარგ ხასიათზე მაყენებს.

მიზნებზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა ამ ეტაპზე, ძალიან მინდა რომ მომავალში F1-ის პირველი გოგო პილოტი გავხდე, ხოლო ცხენოსნობაში პროფესიონალი მხედარი.