ქართველების ტრიუმფი - 4 ქართველი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს 5 წონაში გათამაშდება მედლები. საქართველოს ნაკრებიდან, დღევანდელ საშეჯიბრო დღეს 5 სპორტსმენი ჭიდაობდა, საიდანაც 4 ფალავანი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს. შოთა ფარტენაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).
61 კგ |
61 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ ასპარეზობს შოთა ფარტენაძე, რომელიც ნახევარფინალში იჭიდავებს.
შოთამ 1/4 ფინალში უნგრელი მეტოქე 5:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ალბანელ მეტოქეს შეხვდება.
74 კგ |
74 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ ავთანდილ კენჭაძე ჭიდაობს.
ავთანდილმა ასპარეზობა 1/8-ფინალიდან დაიწყო, სადაც უკრაინელი მეტოქე 8:0 გაანადგურა. 1/4-ფინალში კი შვეიცარიელ მეტოქეს აბსოლუტური უპირატესობით 11:0 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სლოვაკ სპორტსმენს დაუპირისპირდება.
92 კგ |
92 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი მირიან მაისურაძეა.
მირიან მაისურაძემ 1/4-ფინალში ფრანგი მეტოქე 7:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც თურქ - ფეიზულაჰ აკტურკს შეხვდება.
125 კგ |
125 კგ წონით კატეგორიაში კი ტრადიციულად, საქართველოს ნაკრების დროშის ქვეშ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი - გენო პეტრიაშვილი იჭიდავებს.
გენომ 1/4-ფინალში ბერძენი მეტოქე სრული უპირატესობით, 12:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, უნგრელი - დანიელ ლიგეტი იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნახევარფინალში არის ასევე ლეგენდარული მოჭიდავე - ტაჰა აკგული. საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში, კვლავ ქართულ-თურქული დაპირისპირება ვიხილოთ.