პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრები: ყველაფერი, რაც მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ
11 ივნისს, საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში პოლონეთს დაუპირისპირდება. ჩვენი მეტოქის უკეთ გასაცნობად ამ სტატიას გთავაზობთ.
პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრების ისტორია
პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრები ქვეყნის მთავარი გუნდისა და ფეხბურთის ფედერაციის ფორმირების შემდეგ ჩამოყალიბდა და ეტაპობრივად, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება დაიწყო.
პოლონელებს საწყის ეტაპზე წარმატების მიღწევა ნამდვილად უჭირდათ, მაგრამ შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე არამხოლოდ მონაწილეობის მიღება, პრაქტიკულად იქ რეგულარულად თავის დამკვიდრება მოახერხეს.
გარდა ევროპის ჩემპიონატებისა, პოლონეთის ნაკრებს 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც აქვს მოპოვებული.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატების ისტორია 1970-იანი წლებიდან იწყება. სადებიუტო გათამაშება 1978 წელს ჩატარდა, რომელიც, ისევე როგორც 2 წლის შემდეგ გამართული ტურნირი, პოლონეთის ნაკრებმა გამოტოვა, აი 1982 წელს კი ტურნირის კარი შეაღო და ზედიზედ სამ შეჯიბრებაში მეოთხედფინალამდე გასვლას ახერხებდა.
პოლონელებმა ევროპის ორ ჩემპიონატზე პაუზა აიღეს, მას მერე კი კიდევ სამჯერ მიიღეს მონაწილეობა და აქედან ორჯერ, 1992 და 1994 წლის ტურნირებზე საუკეთესო 8 გუნდს შორის ადგილი მოიპოვეს.
მთავარი ნაკრების წარმატების და ევროპის ტოპ გუნდებში მოთამაშე პოლონელი ფეხბურთელების გათვალისწინებით, უცნაურია, მაგრამ ყველაზე დიდი წყვეტა პოლონელებს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 1994-დან 2017 წლამდე ჰქონდათ. არადა, 1994 წლიდან დღემდე პოლონეთის ნაკრებმა ოთხჯერ მსოფლიოს ჩემპიონატებში მიიღო მონაწილეობა, აქედან ერთხელ, 2022 წელს მერვედფინალში გავიდა, ევროპის ჩემპიონატზე კი 2008 წელს დებიუტიდან მოყოლებული გათამაშება აღარ გამოუტოვებია. 2016 წელს პოლონეთის ნაკრებმა მეოთხედფინალშიც ითამაშა.
ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს 23-წლიანი პაუზის შემდეგ 2017 წელს მასპინძლით სტატუსით დაუბრუნდა, 2019-ში კი უკვე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურით მოპოვებული საგზურით იტალიასა და სან მარინოში გამართული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.
2021 და 2023 წლების ევროპის ჩემპიონატებზე პოლონეთის ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია და დიდ ტურნირს სლოვაკეთში უბრუნდება. მეზობელ ქვეყანაში გასამართ ტურნირზე მოსახვედრად კი მათ საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწიათ.

გზა ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატამდე
პოლონეთის ნაკრებს ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე მოსახვედრად ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის, ბულგარეთის, კოსოვოს, ესტონეთისა და ისრაელის ნაკრებებთან შეხვედრა მოუხდა. 10 ჩატარებული მატჩიდან პოლონელებმა 7 მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და 2 წააგეს, 22 ქულა დააგროვეს და მეორე პოზიცია დაიკავეს.
საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში განსაკუთრებული მნიშვნელობა გერმანიასთან საშინაო კედლებში ნათამაშები ფრე გამოდგა, ამან პოლონელებს ხელი შეუწყო, რომ სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვედრილიყვნენ და გადათამაშების გარეშე, ევროპის ჩემპიონატის საგზური მარტივად მოეპოვებინათ.
მომზადება ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის
პოლონელებს საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, უფრო მეტი ამხანაგურ მატჩის გამართვა მოუხერხდათ, რადგან გადათამაშებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათ ამ პერიოდში ისლანდიასთან (1:2) წააგეს, დანიასთან ფრედ (3:3) ითამაშეს და უკრაინასთან გაიმარჯვეს (3:2).
პოლონეთის ნაკრები სლოვაკეთში 9 ივნისს ჩავიდა და მზადებას სოფელ ბელაში აგრძელებს.
პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: სლავომირ აბრამოვიჩი (ბიალისტოკის იაგიელონია ), კასპერ ტობიაში (ვარშავის ლეგია), კასპერ ტრელოვსკი (ჩესტოხოვის რაკუვი), იაკუბ მადრიკი (სტალ მიელეცი);
მცველები: ლუკაშ ბეჟერი (ცელიე), მიხალ გურგული (პოზნანის ლეხი), ფილიპ ლუბერეჩკი (ლუბინის მოტორი), დომინიკ მარკჩუკი (რეალ სოლტ ლეიკსი), მილოშ მატიშიკი (არის ლიმასოლი), პატრიკ პედა (გლივიცეს პიასტი), მიხალ რაკუხი (ანკარაგუჯუ), ბართლომეი სმოლარჩიკი (კიელჩეს კორონა); ნახევარმცველები: მარიუშ ფორნალჩიკი (კიელჩეს კორონა), იაკუბ კალუჟინსკი (ანტალიასპორი), მატეუშ კოვალჩიკი (კატოვიცე), კასპერ კოზლოვსკი (გაზიანთეფი), ანტონი კოზუბალი (პოზნანის ლეხი), მათეუშ ლეგოვსკი (ივერდონი), კაეტან შმიტი (ლუბინის ზაგლებიე); თავდამსხმელები: ვიქტორ ბოგაჩი (ნიუ-იორკ რედ ბულსი), ტომაშ პიენკო (ლუბინის ზაგლებიე), ფილიპ შიმჩაკი (კატოვიცე), შიმონ ვლოდარჩიკი (სალერნიტანა 1919);
პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ადამ მაიევსკი პლოცკში დაბადებული 51 წლის მწვრთნელია და ამ ქალაქის გუნდისათვის, შეიძლება ითქვას, ლოკალური ლეგენდაა. მან ფეხბურთელის კარიერა სწორედ ამ ქალაქის გუნდში, ვისლაში დაიწყო. შემდეგ გამორჩეულ პოლონურ გუნდებში, პოზნანის ლეხსა და ვარშავის ლეგიაში ითამაშა და დედაქალაქელებთან ერთად ქვეყნის 2002 წლის ჩემპიონიც გახდა. კარიერაში რამდენჯერმე პლოცკის ვისლას დაუბრუნდა და ფეხბურთელის კარიერიდან სამწვრთნელოზე გადასვლც ცხადია პლოცკს უკავშირდება. როგორც ლეგიონერმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთადერთხელ, ბერძნულ პანიონიოსში ითამაშა, სამწვრთნელო კარიერის საწყისი 5 წელიწადი კი პლოცკის ვისლაში მარჩინ კაჩმარეკის ასისტენტად გაატარა. სწორედ ამ პერიოდში ის საქართველოს ნაკრების ვეტერან შემტევ ნახევარმცველს, გიორგი მერებაშვილს წვრთნიდა.
2018-დან 2020 წლამდე ადამ მაიევსკის პლოცკის ვისლას მეორე გუნდის გაწვრთნა მოუწია, შემდეგ ოლშტინის შტომილსა და სტალ მიელეკში იმუშავა და 2023 წლის სექტემბერში სანაკრებო მიწვევაც მიიღო. ადამ მაიევსკიმ პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსა და ამხანაგურ შეხვედრებში უხელმძღვანელა და გუნდი ტურნირის ფინალურ ეტაპამდე მიიყვანა.

ურთიერთშეხვედრების ისტორია
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს პოლონეთთან ისტორიაში ჩატარებული 6 ოფიციალური მატჩიდან 1 მოგებული აქვს, 1 ფრე და 4 წაგება. აქამდე გამართული ყველა შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით შედგა. წარმატებული შედეგები 1998 წლის ჩემპიონატს უკავშირდება, რომელშიც, საქართველოს ნაკრებმა შინ 5:1 იმარჯვა, სტუმრად კი 2:2 ითამაშა. დიდი ანგარიშით მოგებულ მატჩში ორი დუბლი შედგა: მიხეილ აშვეთიას და დავით მუჯირის დამსახურებით, კიდევ ერთი გოლი კი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. პოლონეთში ნათამაშებ მატჩში გოლების გატანა კვლავ მიხეილ აშვეთიამ მოახერხა.