Belive

"ოცნების ასახდენად ბევრი შრომა და საკუთარი თავის რწმენაა საჭირო" - ათუკა ბახტაძე

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართული კალათბურთის ახალი თაობის წარმომადგენელი, ათუკა ბახტაძე კარიერას ამერიკის კოლეჯების ლიგაში გააგრძელებს. 17 წლის ნიჭიერი ცენტრი, რომელიც 213 სმ-ია, არიზონას შტატის ქალაქ გლენდეილში, „დრიმ სიტი კრისტიანის“ სასწავლებელში ჩაირიცხა.

მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯის შემდეგ, belive-ის გუნდი ათუკა ბახტაძეს ესაუბრა. ქართული კალათბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდულ ასაკში ასეთი გამოცდილების მიღება აუცილებელია.

ძალიან მიხარია რომ ადრეულ ასაკში მიწევს ესეთი გამოცდილების მიღება. ბავშვობიდან ვცდილობ, რომ მაქსიმუმი გავაკეთო და ჩემი თავი დღითიდღე უკეთესი გავხადო. არსებობს ბევრი დაბრკოლება, რომელსაც უნდა გაუმკლავდე და გზა განაგრძო.

დრიმ სითის სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა ამერიკაში. გვყავს ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი, რომლისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ და მაღალი დონის მოთამაშეები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთანაც ვვარჯიშობ და დიდ გამოცდილებას ვიღებ. გუნდში კარგი გარემოა და ყველა მეგობრულადაა ერთმანეთთან განწყობილი, რაც მე ძალიან მომწონს.

ჩვენ ყველა თამაშზე მოტივირებულები ვართ და მოსაგებად გავდივართ. ყველა თავის მაქსიმუმს აკეთებს, როგორც დაცვაში - ასევე შეტევაში. დიდი გეგმები გვაქვს და ვცდილობ ყველანაირად დავეხმარო გუნდს ამ გეგმების შესრულებაში.

ამერიკული სკოლა ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რადგან აქ საკალათბურთო სტილი ბევრად განსხვავდება ევროპული კალათბურთისგან - სისწრაფით, ფიზიკურობით, თამაშის ტაქტიკით… ჩემი მიზანი პატარაობიდან NBA-ში თამაში იყო. უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ როცა NBA-ს ვუყურებ, ვიდრე ევროლიგას.

ჩემი საყვარელი გუნდი "Phoenix Sunsi"-ა, თუმცა NBA-ს არცერთ გუნდში ვიტყოდი თამაშზე უარს. NBA-ში მოხვედრას თავდაუზოგავი შრომა და მოთმინება სჭირდება.

ახალგაზრდა კალათბურთელებს ვეტყვი, რომ ოცნების ასახდენად ბევრი შრომაა საჭირო და საკუთარი თავის რწმენა. უნდა გჯეროდეს შენი თავის და რასაც აკეთებ იმის. კარიერაში ბევრი დაბრკოლება შეგხვდება, ბევრჯერ იქნება რთული პერიოდები და თუ ამ პრობლემებს გაუმკლავდები და შენ საყვარელ საქმეს გააგრძელებ, მჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია და შენს დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ.
- ათუკა ბახტაძე.

ათუკა აქამდე ლიეტუვის „ჟალგირისის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, ის იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებების წევრიც. საქართველოს ეროვნული გუნდის ვარჯიშებზე მას მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი რეგულარულად იძახებდა.

დრიმ სიტიმ კოლეჯების ლიგის მიმდინარე სეზონში ორი მატჩი გამართა, ორივე გამარჯვებით დაასრულა - „ბალბოა რაფრაიდერსთან“ და „კოლორადო პრეპისთან“, უახლოესი მატჩი კი 16 ნოემბერს „სიტი კრისტიანთან“ ელის.