Belive

გვჯერა | ოთარ კაკაბაძის პორტრეტი

2 თვის წინ ქართული სპორტი
10 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ითამაშებს. ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი უკვე მეორედ მიიღო. ამოცანა შემდეგნაირია: "დინამო არენაზე" ლუქსემბურგის ნაკრებთან ნახევარფინალში გამარჯვება და შემდეგ ყაზახეთისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდების წყვილში გამარჯვებულთან კვლავ საშინაო კედლებში მოგება. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს შედგება. მოახლოებული მატჩების წინ belive-ის გუნდი არაერთ საინტერესო სიახლეს გპირდებათ, მათ შორის კი შევეცდებით, რომ ჩვენი ნაკრების ლიდერებზე, ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს გუნდს ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირისკენ უნდა გაუძღვნენ, პროფილურ სტილში მოგიყვეთ და მათ შესახებ გიამბოთ.

ჩვენს რუბრიკაში შემდეგი ფეხბურთელი ამპლუით მცველი ოთარ კაკაბაძეა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშეა.

სახელი და გვარი: ოთარ კაკაბაძე

ასაკი: 28 წლის

სიმაღლე: 1.86 სმ

წონა: 79 კგ

კარიერა: "დინამო თბილისი" - "ხიმნასტიკი" - "ესბიერგი" - "ხიმნასტიკი" - "ლუცერნი" - "ტენერიფე" - "კრაკოვია"

მატჩი ეროვნულ ნაკრებში: 58

გოლი: 0

საგოლე პასი: 3

თბილისის "დინამოდან" საქართველოს ნაკრებში

ქართველი მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე თბილისის "დინამოს" აღზრდილია. თავდაპირველად ის "დინამოს" სარეზერვო, მეორე გუნდში ირიცხებოდა, სადაც სადებიუტო შეხვედრა 2012 წლის 27 ნოემბერს ჩაატარა. ძირითად გუნდში გადასვლა 19 წლის ასაკში 2014 წელს შეძლო და სანაკრებო კარიერისკენ გზა სწორედ აქედან გაიკვალა, მას საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში დებიუტი 16 სექტემბერს ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ ჰქონდა, მატჩში ოთარ კაკაბაძე მეორე ტაიმში ჩაერთო, მან ირაკლი ძარია შეცვალა.

ქართველი ფეხბურთელი მალევე გახდა გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი, მისი სტაბილური თამაში როგორც გუნდში, ასევე ნაკრებშიც გამოსარჩევია. პირველი ოფიციალური გოლი ცხინვალის წინააღმდეგ გაიტანა, სულ კი "დინამოს" რიგებში მას ორი გოლი და 10 ასისტი ჰქონდა. 28 წლის მარჯვენა მცველი გოლების სიმრავლით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა თავისი ფლანგიდან თამაშის გამწვავება და შეტევების წამოწყება ყოველთვის მაღალ დონეზე შეუძლია. მას თბილისური გუნდის რიგებში საკმაოდ ტიტულოვანი პერიოდი ჰქონდა, კარიერის მანძილზე 6 მოგებული თასიდან 5-ის მოგება "დინამო თბილისის" შემადგენლობაში მოახერხა. ოთარ კაკაბაძე 2014/15 წლების სეზონში საქართველოს თასის და საქართველოს სუპერთასის ტიტულს დაეუფლა. შემდეგი წელი (2015/16 წლების სეზონი) როგორც მისთვის და ასევე თითოეული დინამოს ფეხბურთელისთვის ტრიუმფალური აღმოჩნდა, მათ იმ წელს საქართველოს ჩემპიონობა იზეიმეს, საქართველოს თასის მოგება მოახერხეს და საქართველოს სუპერთასიც მოიპოვეს, ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ იმ წელს თბილისურმა გუნდმა ქართული ტრებლი შეასრულა.

ოთარ კაკაბაძე დინამო თბილისის შემადგენლობაში

"ხიმნასტიკი" - ქართველი მცველი სამშობლოდან შორს, ესპანეთში.

ოთარ კაკაბაძემ "დინამო თბილისში" კარგი ასპერეზობის შემდეგ კარიერა "ესპანეთში" ტარაგონას "ხიმნასტიკში" გააგრძელა. ქართველი ფეხბურთელის თქმით საფეხბურთო თვალსაზრისით ყველაზე მეტად ესპანეთში განვითარდა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მისთვის სწორედ ამ ქვეყანაში ასპარეზობა გახლდათ. ქართველმა მარჯვენა მცველმა რანგით მეორე დივიზიონის გუნდში ადაპტაცია კარგად გაიარა და შედეგიანი თამაშებიც ჰქონდა, რომლითაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრებაც შეძლო. "ხიმნასტიკში" ყოფნის პერიოდში, მისთვის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრები იყო, ერთ შეხვედრაში 94-ე წუთზე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და ბარეიროს გაატანინა, ამ გოლით თავისმა გუნდმა 3:2 მოიგო. მეორე შეხვედრაში კი ქართველმა ფეხბურთელმა უკვე ორი ასისტის გაფორმება მოახერხა, რითაც თავისმა გუნდმა 2:0 მოიგო. სულ ქართველ ფეხბურთელს "ხიმნასტიკის" რიგებში 1 გოლი და 6 ასისტი ჰქონდა.

ოთარ კაკაბაძე და მანუ ბარეირო

ქართველი ფეხბურთელი "ხიმნასტიკის" რიგებში 2016/18 წლების სეზონში ირიცხებოდა, ესპანურმა კლუბმა ოთარ კაკაბაძე 2017 წელს ნახევარი სეზონის განმავლობაში იმ დროისთვის დანიის სუპერლიგის გუნდ "ესბიერგში" იჯარით გაუშვა და ამ დროის მანძილზე მან 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. დანიიდან ისევ ესპანეთში დაბრუნდა და "ხიმნასტიკში" 1 წელი გაატარა, რის შემდეგაც ქართველისთვის ახალი თავგადასავალი დაიწყო.

ახალი გამოწვევა ლუცერნში - ქართველის შვეიცარიული ტიტული

სხვადასხვა ქვეყანაში ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ოთარ კაკაბაძე ცხოვრების სტილით ყველაზე გამორჩეულ ქვეყნად შვეიცარიას ასახელებს, რომელიც მისთვის ყველაზე კომფორტული იყო. ოთარ კაკაბაძე 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ ესპანეთიდან შვეიცარიაში მიდის, კონკრეტულად კი "ლუცერნში", ქართველი ფეხბურთელი კარიერის პიკშია და ეს სატრანსფერო ღირებულებაზეც აისახა, მას ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულება სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა. 28 წლის მცველი "ლუცერნში" 2018 წელს გადავიდა და იქ 2020 წლის შემოდგომამდე ასპარეზობდა, მას 43 შეხვედრაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და 1 გოლი, 3 ასისტის გაკეთება მოახერხა. სეზონის ბოლოს ოთარ კაკაბაძემ ქართულ საკლუბო ტიტულებს შვეიცარიული ტიტული (თასი) მიამატა. ეს არის მისთვის ჯერ-ჯერობით ბოლო ტიტული, რომელიც კარიერაში მოუგია.

ოთარ კაკაბაძე "ლუცერნის" შემადგენლობაში

დაბრუნება ესპანეთში - შემდეგი გაჩერება "ტენერიფეა"

ქართველი ფეხბურთელი ისევ ესპანეთში დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად ეს კლუბი "ტენერიფეა", სადაც არც თუ ისე დიდი დრო გაატარა, ესპანურ კლუბს 2020 წლის შემოდგომაზე შეუერთდა და იქ 2021 წლის ზაფხულამდე ასპარეზობდა. ოთომ იქ მხოლოდ 19 თამაშის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც არც გოლი და არც საგოლე გადაცემა არ ჰქონია.

ოთარ კაკაბაძე "ტენერიფეში"

სტაბილურად კარგი - ოთარ კაკაბაძე პოლონეთში კარიერის ყველაზე კარგ პერიოდს ატარებს

"ტენერიფეში" გატარებულ არასრულ 1 წლიანი პერიოდის შემდეგ ოთარ კაკაბაძემ პოლონეთში გადასვლა გადაწყვიტა, რაც მისთვის კარიერის საუკეთესო წლებია, ქართველმა ფეხბურთელმა "კრაკოვიაში" გადასვლის შემდეგ Belive-თან ინტერვიუში თქვა, რომ თავდაპირველად პოლონურ გუნდში ადაპტაცია გაუჭირდა, რადგან მათი სათამაშო სტილი ესპანეთისგან ძალიან განსხვავდება, იყო სირთულეები და სხვადასხვა სახის გამოწვევები, მაგრამ ოთარ კაკაბაძემ ამის გადალახვა შეძლო. ქართველი ფეხბურთელი "კრაკოვიაში 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და დღემდე იქ სტაბილურად კარგად ასპარეზობს, ასეთი ხანგრძლივი პერიოდი ოთოს არცერთ გუნდში არ ჰქონია, არამხოლოდ ხანგრძლივი არამედ შედეგიანი. მას კლუბში ყოფნის პერიოდში უკვე ჩატარებული აქვს 60-ზე მეტი თამაში და 5 გოლი, 7 ასისტიც დააგროვა. ქართველი მცველი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და კრაკოვულ გუნდში 100%-ით ენდობიან.

"მცველი ვარ, მაგრამ შეტევაც მიყვარს"

ოთარ კაკაბაძის სანაკრებო კარიერა დიდ დროს მოიცავს და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ის სტაბილურობის მაგალითია. მას ჯერ ასაკობრივ 17, 19 და 21 წლამდელებში აქვს ნათამაშები, ხოლო ეროვნულ ნაკრებში დღემდე 58 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ნაკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჯვაროსნების შემადგენლობაში 2015 წლიდან, კახა ცხადაძის მწვრთნელობის პერიოდიდან დღემდე ასპარეზობს და ნაკრების უცვლელი წევრია. მან სადებიუტო შეხვედრა ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა 58 შეხვედრაში 4 ასისტი მიითვალა, პირველად მან საგოლე გადაცემა ანდორას წინააღმდეგ 2018 წელს უეფას ერთა ლიგის თასის ჯგუფურ ეტაპზე გააკეთა, ოთარ კაკაბაძემ გოლი 94-ე წუთზე ჯაბა კანკავას გაატანინა. მეორე ასისტი იმავე წელს მე-15 წუთზე ისევ ანდორასთან ჯგუფურ ეტაპზე გააკეთა და თავის გადაცემას ამჯერად გიორგი ჩაკვეტაძის გოლი მოყვა. მესამე ასისტი ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე გიბრალტართან მატჩში 30-ე წუთზე გვილიაზე გააკეთა, ეს 2019 წლის ჯგუფში მოხდა. ბოლო მეოთხე ასისტი საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ოთარ კაკაბაძემ ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში შოტლანდიასთან მე-15 წუთზე საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიას გაუკეთა, კვარამ კი ეს გადაცემა გოლად გარდაქმნა.

ნაკრებში ყოველ თამაშზე იგივე გრძნობა მაქვს და სულ ყოველთვის მექნება

ოთარ კაკაბაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში როგორც უკვე ვახსენეთ მარჯვენა მცველად თამაშობს, სწორედ მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა ახლო წარსულში ჩვენი ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი. ქართველ ფეხბურთელს 58 სანაკრებო თამაშიდან 24 მოგება აქვს, 15 ფრე და 19 წაგება. მას 55 მატჩი ძირითად შემადგენლობაში აქვს ჩატარებული, შეცვლაზე კი მხოლოდ 3-ჯერ შევიდა.

როგორც გულშემატკივარი, ისე მთლიანად საფეხბურთო სამყარო და სრულად საქართველო მარტს ელოდება. ყველა ფეხბურთელისთვის ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. საშინაო კედლებში ვთამაშობთ, რაც უპირატესობაა და ყველაფერი ჩვენს ხელშია... საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს! - ოთარ კაკაბაძე

სხვა სტატიები