onefootball: "გიორგი ქოჩორაშვილი ყველგანმავალი მანქანაა, რომელიც თავდადების გამო ქომაგს უყვარდება"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო მედია საშუალება onefootball საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ცენტრალურ ნახევარმცველს, გიორგი ქოჩორაშვილს სტატიას უძღვნის და აღნიშნავს, რომ ის გუნდის საკვანძო ფიგურაა.
"ესპანეთის რანგით მესამე საფეხბურთო ლიგის ყველა მაყურებელი "კასტელონში" გიორგი ქოჩორაშვილის თამაშით კმაყოფილი და აღფრთოვანებული დარჩა, ის სწრაფად შეეგუა გუნდის სათამაშო სისტემას და საკვანძო ფიგურა გახლდათ. მაშინ ეს ვალენსიური გუნდი ლა ლიგა 2-ს მიუახლოვდა, შემდეგ სეზონში კი უკვე იქ ასვლაც მოახერხა. ახლა ქართველი ფეხბურთელი თავის ღირებულებას უკვე "ლევანტეს" შემადგენლობაში ამტკიცებს.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გამორჩეული თამაშის გამო, ზაფხულში, ქოჩორაშვილის მიმართ ინტერესი ლა ლიგისა და სხვა მაღალი დონის ჩემპიონატების რამდენიმე წარმომადგენელმა გამოხატა. გიორგი ერთ-ერთი გმირია თავისი ქვეყნისთვის, რადგან ის გუნდს ისტორიაში სადებიუტოდ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასა და შემდეგ მერვედფინალში გასვლაში დაეხმარა. მიუხედავადა ამისა, ქოჩორაშვილმა გუნდში დარჩენა და "ლევანტესთან" ერთად ისტორიის დაწერაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, მას სურს, რომ გუნდი ლა ლიგაში დააბრუნოს.
"ლევანტეს" სეზონის კარგი დასაწყისი მთელი შემადგენლობის შესანიშნავი თამაშით არის განპირობებული, მაგრამ უნდა გამოვყოთ გიორგი ქოჩორაშვილის შესანიშნავი ფორმა. ქართველმა გასულ სეზონში უკვე აჩვენა თავისი უმაღლესი დონე, წელს კი უკვე ის თავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეს ისე წარმოაჩენს. მისი ყოველი მატჩი არის უმაღლესი დონის შესრულება, ქოჩორაშვილმა თავი ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა.
ხულიან კალეროსთვის (გუნდის მთავარი მწვრთნელი) ის ყველგანმავალი მანქანა გახდა რომლის სათამაშო დონეც ნახტომებით იზრდება და ძალიან მოკლე დროში პროფესიონალურ ფეხბურთში თავის დამკვიდრებას ახერხებს. გიორგი ქოჩორაშვილი იმ კატეგორიის ცენტრალური ნახევარმცველია, რომელიც ნებისმიერ პოზიციას ეგუება და ყველა მათგანზე კარგად თამაშობს. ეს გუნდის ახალი მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია. ორიოლ რეისთან ერთად ის "ლევანტეს" გასულ წლებში შესუსტებულ ნახევარდაცვას აძლიერებს.
გასულ ტურში, თავისი შესანიშნავი შესრულებით გიორგი ქოჩორაშვილმა შთაბეჭდილება მოახდინა: მან მაღალ კუთხეში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა, რითაც გუნდმა გამარჯვების მოპოვება შეძლო. გარდა ამისა, მას ყველაზე მაღალი პასის სიზუსტის მაჩვენებელი ჰქონდა: 88% და ორი საჰაერო ორთაბრძოლის მოგებაც მოახერხა. ქართველი ფეხბურთელი იმ კატეგორიის მოთამაშეა, რომელიც გულშემატკივარს თავდადებული თამაშის გამო უყვარდება", - წერს onefootball.
2024/25 წლების ლა ლიგა 2-ის სეზონში, ვალენსიელთა ქართველ საყრდენს უკვე 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს, რაც შეეხება გუნდს, 4 გამარჯვებითა და 2 ფრით "ლევანტეს" 14 ქულა აქვს დაგროვებული და სატურნირო ცხრილში ლიდერობს. ასევე, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა გათამაშებაში ამ დრომდე ყველაზე მეტი, 14 გოლის გატანა მოახერხა.