Belive

ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოისტები - ვის რამდენი დრო დასჭირდა?

2 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
თქვენ შეგიძლიათ თავად ნახოთ, თუ რომელ ძიუდოისტებს აქვთ ყველაზე ხანგრძლივი "ჩავარდნა" ორ უდიდეს ტიტულს - მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიურ ჩემპიონობას შორის.
ყველაზე დიდი, 9 წლიანი სხვაობა აქვს ლაშა შავდათუაშვილს, რომელმაც ოლიმპიადა 2012 წელს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი 2021 წელს მოიგო. ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი ერთადერთი არ არის, რომელსაც საკმაოდ დიდხნიანი პაუზა აქვს ოლიმპიურ და მსოფლიოს ოქროებს შორის.

ძიუდოში ბევრი დიდი ჩემპიონია, რომლებმაც მოიგეს როგორც მსოფლიოს, ასევე ოლიმპიური ოქროს მედლები. ლეგენდარულმა იაპონელმა ძიუდოისტმა - ტოშიჰიკო კოგამ, 1971 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული მეორედ მოიპოვა, 1 წლის შემდეგ კი ბარსელონაში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა (-71 კგ).

სამხრეთ კორეელმა ლეგენდარულმა ძიუდოისტმა, იონ კი-იანგმა (-86 კგ), 1995 წელს კარიერაში მეორე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 1996 წელს ატლანტაში ჩატარებული ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა, 1997 წელს კი კვლავ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

1992 წელს, უნგრელმა ძიუდოისტმა - ანტალ კოვაჩმა (-95 კგ), მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, როდესაც ბარსელონას ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, 1993 წელს კი მან მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.

ზემოთ მოცემულ მაგალითებში, ტიტულებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი წელი იყო. თუმცა, არიან დიდი ჩემპიონები, რომელთა მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონობებს შორის სხვაობა არა ერთი, არამედ მრავალი წელია. წარმოშობით ქართველი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე - ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური), ოლიმპიური ჩემპიონი 2004 წელს, 17 წლის ასაკში გახდა. თუმცა, მას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ მოეგო მსოფლიო ჩემპიონატი. პირველი მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული 2010 წელს, ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულთან 2-ჯერ საკმაოდ ახლოს იყო (2005; 2007 წლებში). მას შემდეგ კახეთში დაბადებული ძიუდოისტი, კიდევ 2-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი (2011 და 2014 წლებში). ,

ჯარჯი ზვიადაურის მსგავსად, 6 წელი დასჭირდა იაპონელ - ტაკანორი ნაგასეს, იმისთვის, რომ მოეგო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ოლიმპიური ოქროს მედალი. ნაგასემ 2015 წელს, ყაზახეთის იმდროინდელ დედაქალაქ ასტანაში, მსოფლიო ჩემპიონობა აღნიშნა. ზუსტად 6 წლის შემდეგ კი, მის სამშობლოში ჩატარებულ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, -81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ლეგენდარულ ჩინელ ქალ ძიუდოისტ - სუნ ფიუმინგს 7 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ 1996 წლის ოლიმპიური ოქროს შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატიც მოეგო. ფიუმინმა 1996 წელს, ატლანტაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის მოპოვებისთვის მას 7 წელი დასჭირდა. საბოლოოდ კი მან, 2003 წლის ოსაკას მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ალბათ ყველაზე ცნობილი ძიუდოისტი, რომელსაც 7 წელი დასჭირდა ოლიმპიური ოქროს მედლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება - ჰიდეჰიკო იოშიდაა. იაპონელმა ძიუდოისტმა 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე საოცრად იასპარეზა და ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა. ძიუდოს ყველა გულშემატკივარს ეგონა, რომ მომავალ წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იოშიდა ოქროს მედალს დაეუფლებოდა, თუმცა 1993 წელს ჰემილტონში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ, იაპონელმა ძიუდოისტმა ზურგის მძიმე ტრავმა მიიღო და ფინალში კორეელ მეტოქესთან დამარცხდა. საბოლოოდ იოშიდამ მსოფლიო ჩემპიონობა 1999 წელს, ბირმინგემში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე აღნიშნა.

 

სხვა სტატიები