Belive

ოფიციალურად: ზვიად ნაჭყებია კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

24 წლის ქართველი ფეხბურთელი, ზვიად ნაჭყებია კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ "ზლინში" გააგრძელებს.

ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც 2023 წლის სეზონში "სამტრედიაში" თამაშობდა და თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ახალი წლიდან ჩეხეთის ერთ-ერთ ისტორიულ გუნდში, "ზლინში" ითამაშებს.

ქართველმა ფეხბურთელმა 1919 წელს დაარსებულ გუნდთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც კომენტარიც გააკეთა.

"ზლინში" გადმოსვლა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა და ვფიქრობ ეს ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ძალიან მომეწონა ეს ვარიანტი. ჩეხეთის ლიგა მაღალი დონის ჩემპიონატია.

ასევე, "ზლინმა" რამდენიმე წლის წინ ევროპა ლიგის ჯგფურ ეტაპზე ითამაშა და ვიცი, რომ ამ გუნდს დიდი ამბიციები აქვს. ისევე, როგორც მე, რადგან მსურს, რომ გუნდს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დავეხმარო.

აქამდე ჩეხეთში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მოკლე დროში შემიყვარდა ეს ქალაქი და გუნდი, რომელშიც ყველაფერი იდეალურადაა. ყველამ ძალიან კარგად მიმიღო და ვფიქრობ, ადაპტაცია არ გამიჭირდება.

ვიცი, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დარჩენაა, მაგრამ გუნდს თასის მოგების დიდი შანსიც აქვს - მეოთხედფინალში ვართ და ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ", - თქვა ზვიად ნაჭყებიამ.

ახალწვეულთან დაკავშირებით კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბრანისლავ ჩერვენკამაც გააკეთა.

"მას ბევრმა მწვრთნელმა კარგი რეკომენდაცია გაუწია. მისი რამდენიმე მატჩი ვნახეთ. ის ტექნიკური და დინამიური მოთამაშეა. მას ერთი-ერთზე სახიფათოდ თამაში, ეპიზოდის გოლით დასრულება ან საგოლე პასის გაკეთება შეუძლია. ასევე, ის შრომისმოყვარე ფეხბურთელია და ჩვენ სწორედ ასეთს ვეძებთ", - თქვა "ზლინის" მთავარმა მწვრთნელმა.

ზვიად ნაჭყებიამდე, "ზლინში" თითქმის ოთხი წელი ვახტანგ ჭანტურიშვილს ჰქონდა გატარებული, რომელიც ახლა "იაბლონეცის" შემადგენლობაში ირიცხება. წარსულში, ჩეხეთის ჩემპიონატში 9 ქართველ ფეხბურთელს უთამაშია, მათ შორის დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან ყენია, ზურაბ ცისკსარიძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, დავით კობოური, გურამ ტრაპაიძე, გიორგი განუგრავა, ანდრო გიორგაძე და ირაკლი სიხარულიძე არიან.

ზვიად ნაჭყებია "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია და ოთხწელიწადნახევარი "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა, ხოლო 2023 წლის დასაწყისში "სამტრედიაში" გადავიდა და 36 მატშჩი 10 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რითაც თავის გუნდს რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში ადგილის შენარაჩუნებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები