ოფიციალურად: ვასილიოს გორდეზიანი სარაევოს ფეხბურთელი გახდა
ბოსნიურ და იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა: საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, ვასილიოს გორდეზიანი კარიერას ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ტიტულოვან გუნდ, "სარაევოში" გააგრძელებს.
23 წლის ქართველი თავდამსხმელი ბოსნიის ხუთგზის ჩემპიონის შემადგენლობაში ამ სეზონის განმავლობაში, "დინამო თბილისიდან" იჯარის წესით ითამაშებს, "სარაევოს" კი ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. ქართველი ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხაზე გუნდებმა მოილაპარაკეს და როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ლორენცო ლაპორე წერს, სატრანსფერო ხარჯი ბოსნიელებისთვის 250 000 ევრო იქნება.
ვასილიოს გორდეზიანს ახალ გუნდში, გიორგი გულიაშვილი დახვდება, რომელიც ამ სეზონში 12 გატანილი გოლით და 4 საგოლე პასით ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
ვასილიოს გორდეზიანი, რომელიც თესალონიკშია დაბადებული და გაზრდილი, კარიერას "პაოკის" აკადემიაში იწყებდა, საიდანაც "დინამო თბილისში" მოხვდა და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შემადგენლობაში 2024 წლის მარტის შემდეგ 26 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა, ის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია და რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში 11 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.