ნიკოლოზ ბასილაშვილის 2021 წელი
2 წლის წინ
ქართული სპორტი
15 წთ
ქვემოთ ბევრ საინტერესო რამეს წაიკითხავ და ნახავ, მაგრამ თუ კითხვა გეზარება დააჭირე აქ და მარტივად მოგიყვები ბასილაშვილის 2021 წლის შესახებ. ასევე, თუ კითხვა გეზარება, ჩასქროლე და სტატიის ბოლოს ბასილაშვილის საინტერესო სტატისტიკას იხილავ.
ბასილაშვილისთვის 2021 წელი, როგორც სპორტული სეზონი, მისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში თუ ყველაზე არა, მინიმუმ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ტრიუმფალური, ხმაურიანი და დასამახსოვრებელია. ქართველი ჩოგბურთელისთვის სეზონი თურქეთში, ანტალიის ტურნირით დაიწყო, სადაც მე-3 წრეში ახალგაზრდა ავსტრალიელი ჩოგბურთელის, ალექს დე მინოს, წინააღმდეგ დამარცხდა, რომელსაც მიჯრით 4 მარცხი ანუ 4 სტარტზევე წარუმატებელი ტურნირი მიჰყვა - მათ შორის ავსტრალიის ღია პირველობაც.
დოჰა
ზემოთხსენებული წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ნიკოლოზი ახერხებს და საკუთარ ჩოგბურთს პოულობს, რასაც ფაქტობრივადაც ამტკიცებს - ბასილაშვილი დოჰას 250-ქულიანი ტურნირის გამარჯვებული ხდება და არამხოლოდ... ქართველი ჩოგბურთელი კატარის დედაქალაქში ნაჩვენები ჩოგბურთით, მთელ საჩოგბურთო სამყაროს საკუთარ თავზე ალაპარაკებს და აცნობს თავს იმათაც, ვინც ჯერ კიდევ არ იცოდნენ მის შესახებ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/4-ფინალში, 1-წელზე მეტხნიანი უქმობის შემდეგ, კორტზე დაბრუნებულ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს, შვეიცარიელ მაესტროს, როჯერ ფედერერს ამარცხებს!
ამარცხებს იმ ფედერერს, რომელიც პირადად ჩემთვის, არამხოლოდ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია, არამედ ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია - ვიმეორებ, პირადად ჩემთვის და ძალიან გამიხარდება თუ თქვენთვისაც. ადრე თუ გვიან მის შესახებაც აუცილებლად დავწერ ვრცლად და დეტალურად და ვეცდები ისინიც ჩემს აზრზე გადმოგიყვანოთ, ვინც ახლა კატეგორიულ წინააღმდეგობაში მოდიხართ ჩემთან.
ფედერერის დამარცხების შემდეგ ნიკოლოზი იმ კონკრეტულ ტურნირზე "მენტალური მონსტრი" ხდება, როგორც თავის თავში, ასევე მეტოქეების თავებშიც, ვინაიდან მის ნახევარფინალურ (ტეილორ ფრიცი) და ფინალურ მეტოქეებს (რობერტო ბაუტისტა-აგუტი) თითოეული წამის მანძილზე ახსოვდათ, რომ მან უამრავი ჩოგბურთელის ნატვრა აიხდინა - დაამარცხა როჯერ ფედერერი! შესაბამისად, ტურნირს ტრიუმფით ასრულებს.
"ის ჩემი კერპია, მისი დამარცხებით ოცნება ამიხდა", - ეს იყო ნიკას სიტყვები ფედერერთან მოგების შემდეგ.
მიუნხენი
დოჰას შემდეგ საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი პასივში კვლავ ხუთ წარუმატებელ ტურნირს იწერს, თუმცა რიგით მე-6 ამ შემთხვევაშიც ტრიუმფალური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზს მიუნხენის 250-ქულიან ტურნირზე გზად არცერთი ტოპ 20-ის ჩოგბურთელი არ გადაეკვეთა, ის მაინც საერთაშორისო ყურადღებას იქცევს, ვინაიდან აჩვენებს შესანიშნავ ჩოგბურთს, ბრწყინვალე თავდაჯერებით და არცერთი წაგებული სეტით!
ტიაგო მონტეირო, დანიელ გალან რივეროსი, ნორბერტ გომბოში, კასპერ რუდი (ამჟამად მე-8 ჩოგანია) და იან-ლენარდ შტრუფი - ეს ის ხუთეულია, რომელსაც ბასილაშვილმა სეტის წაუგებლად, ერთი ამოსუნთქვით მოუგო და გერმანულ თიხაზე კიდევ ერთხელ აღმართა საჩემპიონო თასი.
ეს ყველაფერი რა დროს?
მაშინ, როდესაც საკუთარი ქვეყნიდან გულშემატკივრების ნახევარი არა, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი, გამხნევების ნაცვლად მხოლოდ კრიტიკას და ნეგატიურ გზავნილებს უმისამართებს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - ამუნათებს. თუმცა, მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოსგან არც "განაჩენი" და არც ფაქტობრივი მტკიცებულება არ ყოფილა. დასასჯელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ მანამდე გამამტუნებელი "განაჩენია" აუცილებელი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამაზე ყველა ვთანხმდებით ან ბევრი წელი არ დაგვჭირდება იმისთვის, რომ ყველა (!) შევთანხმდეთ.
ზემოთხსენებულის მიზეზი მისი გახმაურებელი სკანდალია ყოფილ მეორე ნახევართან, ნეკა დოროყაშვილთან.
ეს ყველაფერი რა დროს?
ბასილაშვილმა ციციპასთან გამარჯვება შვილს მიუძღვნა | VIDEO
იმ დროს, როდესაც ძალიან უნდა, მაგრამ საკუთარ შვილს "ვერ" ნახულობს. პირადად მე, მყავს შვილი და გააზრებულად ვხვდები თუ რას ნიშნავს ის მოცემულობა, რაც მსოფლიო დონის ქართველი ჩოგბურთელის ირგვლივ იდგა და როგორც მე ვიცი ამ დრომდე დგას. როგორი ძლიერი მწერალიც არ უნდა ვიყო, ჭავჭავაძე, დოსტოევსკი და ჰიუგო, რომ ჩამისახლდნენ ტვინში, მაინც ვერანაირი სიტყვით ვერ აღიწერება სრულფასოვნად თუ რა არის შვილი. ასევე რთულია გადმოსცე თუ რას ნიშნავს მასთან შენგან დამოუკიდებლად განშორება და ამ დროს საქმის უმაღლეს დონეზე კეთება. ამით იმის თქმა მინდა, რომ არსებობს მომენტები, როდესაც ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სპორტსმენების უკან ზუსტად თქვენნაირი გრძნობები და განცდებია, ზუსტად თქვენნაირი ცხოვრებაა (მაინცდამაინც კარგი მატერიალური მდგომარეობა არაა ყველაფერი და ამას უამრავი სპორტსმენი ადასტურებს, მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ - არ გამომიცდია ფინანსურად დიდ რიცხვებთან მეგობრობა), ზუსტად თქვენნაირი ემოციებია და კიდევ ბევრი "ზუსტად თქვენნაირი"... და მხოლოდ ფეხის, ჩოგნის ან კიის ქნევა არაა მათი ცხოვრება. ჩვენ კიდევ, ადამიანურობის ფარგლებში მგონია, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მათდამი ქომაგობით უნდა ავიღოთ ან მინიმუმ არსებული სიტუაციის მაქსიმალურად ჯანსაღი და სწორი შეფასებით და მხოლოდ ამის შემდეგ ქმედებით. აქ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დასასჯელი უნდა დაისაჯოს, თანაც ზუსტად ისეთი სიმკაცრით, როგორც მე ან თქვენ ანუ რიგითი ადამიანები, მაგრამ ამისთვის "განაჩენია" საჭირო.
"მე-6 ტურნირის ტრადიციის" დასრულება
გავაგრძელოთ ბასილაშვილის 2021 წელი. მიუნხენის ჩემპიონობიდან თითქოს უკვე ტრადიციისამებრ კვლავ 5, თითქმის იდენტურად წარუმატებელი ტურნირი იყო და მეექვსეს მოლოდინი უფრო გამძაფრდა. მიუნხენიდან მე-6 ტურნირი ისევ გერმანია, ჰალეს 500-ქულიანი ტურნირი იყო, სადაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბასილამ თამაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. თავდაპირველად რუდოლფ მოლეკერი და იანიკ ჰანფმანი ქართული ჩოგბურთის სახელით საკუთარ სამშობლოში ტურნირს მიღმა დავტოვეთ და ძირითად ბადეში გადავინაცვლეთ, სადაც ამ სპორტის მოყვარულებისათვის კარგად ნაცნობი ჟილ სიმონი, 3-სეტიან ბრძოლაში დავამარცხეთ. ნიკოლოზმა ჰალეში მის მიერ დამარცხებულთა სიას არტურ რინდერკნეხი და შემდეგ ლოიდ ჰარისიც მიუმატა (ამ სამხრეთ აფრიკელმა არც ისე სტაბილურმა ჩოგბურთელმა, 2021 წელს რამდენიმე საკმაოდ საინტერესო და რეზონანსული გამარჯვება მოიპოვა და მინდოდა რომ თუ არ იცოდით, გცოდნოდათ), რომელსაც ერთ-ერთ მთავარ კოზირად ძლიერი მოწოდება აქვს, რომელიც ბალახის საფარზე განსაკუთრებით ხელსაყრელია.
ძალიან, ძალიან ბევრ ჩოგბურთელს გეტყვით ისეთს, რომელსაც 4 მოგებით ტურნირზე თასი აუწევია - ნიკოლოზმა კიდევ ჰალეში, როგორც ზემოთ მოგიყევით, 5 თამაში მოიგო, მაგრამ მხოლოდ ნახევარფინალამდე გავიდა, სადაც ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირის ფინალში რუსი ჩოგბურთელი რომ დავამარცხეთ, ანდრეი რუბლევი, სწორედ იმის წინააღმდეგ დამარცხდა და ასე გაჩერდა ყოველი მე-6 ტურნირის ტრადიცია... წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი, როლან გაროსი მეორე რაუნდში უნიჭიერესი ახალგაზრდა ესპანელის, ალკარაზ გარფიას წინააღმდეგ მარცხით დასრულდა.
უიმბლდონი და ენდი მარის ამორალური განცხადებები
შემდეგ იყო უიმბლდონი, სადაც ბასილაშვილი მსოფლიოს ყოფილ პირველ ნომერს, ენდი მარის გადაეყარა, თანაც პირველივე ეტაპზე. თავის მხრივ ბრიტანელი ჩოგბურთელი იმ დროისთვის განსაკუთრებულ ჩოგბურთს ვერ თამაშობდა და ამას მისი იმდროინდელი რეიტინგი - მსოფლიოს 118-ე ნომრობაც ამოწმებს. ბრიტანელისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ ენდიმ ისეთი პრე-განცხადებები გააკეთა, რომ ამით ყველანაირად შეეცადა ბასილაშვილისთვის "თამაშის დაწყებამდე მოგებას". ბრიტანელი ქართველ ჩოგბურთელს ჯერ სამართლებრივი დავის მოგვარებისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ ასეთი მოთამაშეები ტურნირზე დაშვებული საერთოდ არ უნდა იყვნენ. ამასთან ერთად, ენდიზე მონატრებული, 2020 წელს კორონავირუსის გამო უ-უიმბლდონოდ დარჩენილი ბრიტანელი ფანები, თავის საქმეს შესანიშნავად ართმევდნენ თავს - ენდის მოგებულ გათამაშებებზე ქუხდნენ, ნიკოლოზის მოგებულზე დუმდნენ. მატჩის შედეგს ალბათ ხვდებით, წააგო ნიკამ. მაგრამ, მე ღრმად მჯერა, რომ 2021 წლის და არამხოლოდ, საუკეთესო "ქამბექი" ვიხილეთ, ოღონდ მასშტაბურობა სეტით შემოიფარგლა. ნიკოლოზმა 0:5-დან, უიმბლდონის 2-გზის ჩემპიონს, 7:5 მოუგო. მეტ აღწერას ეს ამბავი აღარ საჭიროებს.
შემდეგ იყო ოლიმპიადა, სადაც, ბასილაშვილს, მჯერა, რომ ყველა სხვა ტურნირზე მეტად უნდოდა წარმატების მიღწევა, მაგრამ კარბალეს ბაენასა და ლორენცო სონეგოს ბარიერის დაძლევის შემდეგ, გზად ალექსანდრ ზვერევი გადაგვეღობა, რომელთანაც ღირსეული ბრძოლის შედეგად დავმარცხდით. სტატიის დასაწყისში ალექს დე მინო რომ ვახსენეთ, ოლიმპიადიდან მალევე, ტორონტოში, მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირზე დიდი შურისძიება შედგა - ნიკამ ავსტრალიელ მეტოქეს ანგარიშით - 6:1, 6:1, მოუგო ან გაანადგურა, ამ შემთხვევაში ორივე სიტყვა ვარგისია. საბოლოოდ 1/8-ფინალში ჰურკაჩის ბარიერი, იმ მომენტისათვის, დაუძლეველი აღმოჩნდა. ქართველ ჩოგბურთელს ამერიკის ღია პირველობაზეც ნორმალური გამოსვლა ჰქონდა - მესამე რაუნდში გავიდა, სადაც რიგით მესამე ამერიკელი მეტოქე ხვდა წილად, რეიტინგში ყველაზე წინ მყოფი, ვიდრე მანამდე დამარცხებული ორი. ნიკოლოზის 2021 წლის ამერიკულ ტურნეს 211-სანტიმეტრიანი რეილი ოპელკა, თავისი ტყვიისებრი მოწოდებით ასრულებს.
ბოლოს კი, "ინდიან უელსი", ზოგისთვის "ინდიან ველსი"
ტურნირი, რომელმაც ჩემში ზღვა ემოცია დატოვა, ალბათ ისევე, როგორც თქვენში, ვისაც ეს სპორტი უზომოდ გიყვართ. და ტურნირი, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა ერთბაშად ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა მოიპოვა, ვიდრე აქამდე. როდესაც ნიკა 1/8-ფინალურ ეტაპს წარმატებით გაუმკლავდა, ყოველ მომდევნო გამარჯვებაზე "ნიუს სტატიაში" არანორმალური სიამოვნებით ვწერდი, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა მასტერსის ტიპის ტურნირზე (რომელიც წელიწადში სულ 9-ჯერ იმართება) პირადი რეკორდი გააუმჯობესა. ამას არათუ ვწერდი, არამედ თითებს ვილესავდი წინასწარ. ზოგადად, როცა საქმე ქართულ სპორტს ეხება, ისევე როგორც მიუნხენის "ბაიერნს" და აწ უკვე წყალბურთის "დინამო თბილისს", ზედმეტად ემოციური ვარ, შეიძლება Live.ge-ს სუმოს ტრანსლაციები გახსოვდეთ, მე ვიყავი ერთ-ერთი კომენტატორი. უფრო ჩოგბურთის ენაზე თუ გინდათ ჩემი ემოციურობა რომ აგიხსნათ, ბასილას ემოციურობის რადიკალურად საპირისპირო "ვერსია" ვარ. მე და რამდენიმე Live.ge-ს თანამშრომელი, ყველანაირი დაღლილობის მიუხედავად დღეს და ღამეს ვასწორებდით (ვინც არ იცით ინდიან უელსი ამერიკაში - კალიფორნიაში ტარდება და ზუსტად განმასხვავებელი საათების რაოდენობა თუ არა, ის ყველა ვარიანტში გეცოდინებათ, ჩვენთან რომ დღეა იქ რომ ღამეა და პირიქით), რომ ბასილასთვის ჩვენი წილი ხმა ეკრანიდან, შემდეგ ჩვენი სპორტული პლატფორმიდან და შემდეგ პირადი სოციალური ქსელიდან მაინც მიგვეწვდინა. ყველაზე მეტად რუსი ოპონენტის, კარენ ხაჩანოვის და რა თქმა უნდა, იმ დროისთვის მსოფლიოს მე-3 ნომრის, სტეფანოს ციციპასის დამარცხება გაგვიხარდა.
ფინალში პირველი სეტი ბასილაშვილმა მოიგო, მეორე სეტში ბრეიკით იყო წინ. მე ამ დროს ეტაპობრივად სტატიებს ვამზადებდი, რომ მოგებისთანავე "გამოქვეყნებაზე" დამეჭირა ხელი. პირველობა "ლაივჯის" სტილია, ჩოგბურთი კიდევ ჩემი სიყვარულია და ვერ ავიტანდი ვინმეს რომ დაესწრო. თუმცა, იმ 4 სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით სავსე სტატიას ჩვენი საიტის "ესკიზებში" (ასე ქვია იმ განყოფილებას, სადაც მზა ან შუა გზაზე შეჩერებული სტატიებია, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა) სამუდამო ძილი მოუწია, მაგრამ თუ მომავალ წელს საოცრება მოხდება და ბასილა ინდიან უელსს მოიგებს, პირობას ვდებ, რომ ზუსტად იმ სტატიებს ჩავაკორექტირებ, რომელზეც ახლა გესაუბრებით... მოკლედ, კამერონ ნორიმ ფინალი მოგვიგო...
აქ მხოლოდ 2021 წელზე გესაუბრეთ. ბასილას კიდევ ძალიან საინტერესო და რთული გზა აქვს 2021 წლამდე გამოვლილი, მერე ამაზეც მოგიყვებით თუ რის ფასად არის მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ჩოგბურთელი... ჰო, ძალიან სუბიექტური რომ არ გეგონოთ, მაშინ როცა ზედმეტად პირდაპირი და ჩემი აზრით ობიექტური ვარ, ამ "ბლოგის ელემენტებით გაჯერებულ სტატიას" ნიკას ერთი ციტატით, შესაბამისი ფოტოთი და ჩემი შეფასებით დავასრულებ:
"ჩოგბურთი მხოლოდ ჩოგნის ქნევა ან ვარჯიში არ არის, ჩოგბურთი მენტალური ბრძოლაა. ამ სპორტში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გადამწყვეტ მომენტებში ემოციების მართვაა და ამის სწავლას ყოველდღიურად ვცდილობ", - ეს ბასილაშვილის სიტყვებია 2019 წელს და გულწრფელად ვფიქრობ, რომ ყველაფერში მიზანდასახულია, მაგრამ, რაც აქ წერია ამის სწავლას ნამდვილად ვერ ახერხებს... რიგ შემთხვევებში იკვეთება, რომ ელიტარულ ჩოგბურთელებს შორის ნიკა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნერვების პატრონია... ვინც აქამდე წაიკითხეთ, მიუხედავად იმისა მოგეწონათ თუ არა, უღრმესი მადლობა. ქვემოთ რიცხვებსა და სტატისტიკას დავურთავ, როგორც სტატიის საწყის ნაწილში დაგპირდით.
სტატისტიკა
ნიკოლოზმა 2021 წელს, გამომუშავებული სარეიტინგო ქულების ჭრილში, მსოფლიოში მე-17 საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა (1,920 ქულა). წარმატებულ 2022 წელს გისურვებთ თქვენც, ქართულ სპორტსაც და ჩვენს ქვეყანასაც!